აისის ოფიციალურ ემბლემას წარმოადგენს წითელი ხაზით გადაკვეთილი თეთრი ფარი რომლის ცენტრში გამოსახულია უძველესი ქართული სიმბოლო ბორჯღალი, იგივე ბორჯღალო.

რადგანაც აისის ძირითადი ამოცანა ქართველი ერის ინტერესების დაცვაა, ემბლემის მთავარ ატრიბუტს წარმოადგენს დამცავი იარაღი: ფარი.

თეთრი ფერი სიმბოლურად გამოხატავს ჩვენი მოტივაციის სიწმინდეს.

წითელი ხაზი აღნიშნავს როგორც აისის წევრების მხრიდან ერის ინტერესებისთვის მსხვერპლის მოტანის მზაობას, ასევე წინაპართა მიერ ქართველი ერის დაცვისას გაღებულ სისხლს.

ბორჯღი ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს “ფესვს, საძირკველს”, აქედან არის ნაწარმოები მისი გვიანდელი ფორმა “ბურჯი”. სიტყვა “ღალ” ნიშნავს “ჯანსაღ ნაყოფს”, ანუ ბორჯღალო იკითხება, როგორც წმინდა ფესვიდან აღმოცენებული ჯანსაღი ნაყოფი.

ბორჯღალოს ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ. III ათასწლეულში ფართოდ იყენებდნენ საქართველოში. ის გამოისახებოდა იარაღზე, დედაბოძზე, სამეფო ბეჭდებზე, შენობებზე, საკულტო ნაგებობებსა და ჭურჭელზე. ეს სიმბოლო გამოსახულია ქრისტიანულ ტაძრებზეც (სვეტიცხოველი, ბაგრატის ტაძარი, მარტყოფის ეკლესია და ა.შ.)

ქართულ სტანდარტულ ბორჯღალი 7 ქიმიანია (თუმცა მოგვიანებით შემოსული 8, 9, 10 და 12 ქიმიანი ვარიაციებიც გვხვდება). არსებობს ბოლომდე დაუდასტურებელი, ლეგენდის მსგავსი ვერსია, რომ ეს არ მომხდარა შემთხვევით: ქართველთა კოსმოგონიით სამყაროში არსებობდა ამოსავალი წერტილი: “არა თვით ნათელი, არამედ სავანე სინათლისა”. ღმერთის სამყოფელის ამ მისტიურ სავანეს სიმბოლურად გამოხატავდა 7 მნათობი: მთვარე, ჯუმა, ცისკარი, მარიხი, დია, ზუალი და არდი (მზე). ეს 7 მნათობი კრავდა ზეციურ კაბადონს და სწორედ ამიტომ დაყო გაერთიანებული საქართველო ფარნავაზ მეფემ 7 სამთავროდ, მაშინ თითოეული კუთხის მფარველი ერთი გარკვეული მნათობი იყო.

აქედან წამოვიდა ქართულ ენაში სიტყვები “მ-შვიდი”, ანუ “მე-შვიდი”, “მ-შვიდ-ობა” და ისტორიამაც ცხადყო, რომ, როცა ეს ერთობა ურყევი იყო, ღირსეული მშვიდობა სუფევდა საქართველოში, ცა და მიწა ერთად იყო და ქართველობისთვის ყველა ქართული სამთავროს ერთად ყოფნა მ-შვიდ-ობის უზრუნველყოფად აღიქმებოდა.

გაერთიანებული საქართველოს და ქართველის ერის ოფიციალური და არაოფიციალური სიმბოლო ყოველთვის ბროჯღალო იყო და მისი ჩანაცვლება სხვა სიმბოლოთი შეუძლებელია ქართველების ცნობიერებაში.