განყოფილება: ეკოლოგია

    ფარნა

    farna_1

    აისისთვის 2015 წელი საშინელი ტრაგედიით დაიწყო. ახალიწლის გასვლაზე ზვავში დაგვეღუპა გამორჩეული, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი – ფარნა ბადურაშვილი. ვინაიდან აისის ნახევარი მეთაურობა ამ გასვლაზე იყო წასული, მეორე ნახევარი კი უშუალოდ მაშველებთან ერთად ჩოხატაურის რაიონში სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობას ესწრებოდა ვერ მოხერხდა ჩვენი გულშემატკივრებისთვის დროულად ზუსტი ინფორმაციის მიწოდება.
    2014 წლის 30 დეკემბერს, 4 კაციანი აისელების ჯგუფი (ფარნა ბადურაშვილი, დავით მჭედლიშვილი, გიორგი გაგნიძე და გიორგი ნაზღაიძე) გაემართა ტრადიციულად ახალიწლის მთაში შესახვედრად. მარშუტი წრიული იყო და იწყებოდა ადიგენის რაიონის სოფელ დერცელიდან. საწყისი წერტილიდან ჯგუფი უნდა ასულიყო შავნაბადას იალაღებზე, შემდგომ ზოტის მთაზე, გადასულიყო ზოტიყელის საზაფხულო დასახლებაში და ხულოს რაიონის მხრიდან დაბრუნებულიყო საწყის წერტილზე. პირველი ორი დღე ლაშქრობა მიმდინარეობდა გეგმის მიხედვით, ანუ ჯგუფმა გადალახა მარშუტის ყველაზე მაღალი წერტილი (ზოტის მთა) და დაბანაკდა მწყემსების ბინაში. პირველ იანვარს ჯგუფმა დილის 9:30-ზე დაიწყო მოძრაობა ზოტიყელის იალაღებისკენ, ბანაკიდან 700 მეტრში ჯგუფის პირველი-ორი წევრი (გიორგი ნაზღაიძე და ფარნა ბადურაშვილი) მოხვდა ზვავში, გიორგი პატარა ნაძვის დამსახურებით გადაურჩა თოვლში ჩაფლვას, მაგრამ სამწუხაროდ ფარნა ზვავში ღრმად აღმოჩნდა დამარხული. ჯგუფის გადარჩენილი წევრები 3 საათი თხრიდნენ თოვლს და ცდილობდნენ სალაშქრო ჯოხებით დაედგინათ ფარნას მდებარეობა, თუმცა ჩვენდა საუბედუროდ ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. გაუარესებული მეტეო პირობების და განმეორებითი ზვავის საშიშროების გამო ჯგუფი ბანაკში დაბრუნდა. აღნიშნული ტერიტორიიდან ტელეფონით ვერ ხერხდებოდა სამაშველოსთან დაკავშირება. ამიტომ მეორე დღეს დილით გადარჩენილები ავიდნენ ბანაკიდან 3 კილომეტრით დაშორებულ ზოტის მთაზე საიდანაც შეატყობინეს 112-ს მომხდარის შესახებ, გადასცეს მწყემსების ბინისა და ზვავის ადგილმდებარეობის ჯიპიეს კოორდინატები, ასევე ლაშქრობის მარშრუტი და ზუსტი ადგილმდებარეობა რუკაზე თბილისიდან მეგობრის დახმარებით. 3 იანვარს დაახლოებით 12 საათისკენ ვერტმფრენმა ხეობაში გადმოსხა მაშველთა 30 კაციანი ჯგუფი. სასიგნალო მაშხალით გადარჩენილებმა მიუთითეს საკუთარი ადგილმდებარეობა, შემდგომ ზვავის ჩამოწოლის ადგილი და დაიწყო მოძიების სამუშაოები. მაშველთა დახმარებით მოხერხდა ფარნას ცხედარის პოვნა და თოვლიდან ამოყვანა. გარდაცვლილი და ჯგუფის გადარჩენილი წევრები ვერტმფრენმა გადმოიყვანა ჩოხატაურის რაიონში.
    არ არსებობს სიტყვები რომლითაც შეიძლება გადმოვცეთ ჩვენი მდგომარეობა და დანაკლისის სიდიდე. ფარნა იყო ძლიერი, მიზანდასახული, საკუთარი ქვეყნის მოყვარული, ლაპარაკში მოზომილი და საქმეში თავდადებული. იყო სპორტსმენი და ამასთან ძალიან სხარტი აზროვნების პატრონი. აპირებდა ან სპორტს გაყოლოდა პროფესიონალურ დონეზე, ან სამხედრო კარიერა აერჩია. 2014 წელს გაიარა აისის როგორც საბაზისო, ასევე მეორე დონის მომზადების კურსი. ფარნა მუდმივად იყო გამორჩეული, სულით ხორცამდე ჩვენიანი როგორც აზროვნებით, ისე საქმით. ეს დანაკლისი უდიდესია და უმძიმესი, არამარტო ჩვენთვის და მისი ოჯახისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ფარნა სულ ჩვენთან იქნება, თითოეულ საქმეში რასაც აისი გააკეთებს იქნება მისი დიდი წვლილი და მუდმივად გვემახსოვრება მისი კეთილად და ჩუმად მომღიმარი სახე. ფარნა შენ ჩვენთან დარჩები სამუდამოდ!
    გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა გულშემატკივარს, ვინც ჩვენი უბედურება გულთან ახლოს მიიტანა. ასევე დიდი მადლობა სოფელ ზოტის მოხალისე – მაშველებს რომლებიც არ შეშინდნენ და მინიმალური აღჭურვილობით წამოვიდნენ ბიჭების დასახმარებლად, მადლობა თბილისის, აჭარის და გურიის სამაშველო რაზმებს.

    farna_2
    farna_3
    farna_4
    farna_5
    farna_6
    farna_7
    farna_8
    farna_9

    ეკო-შავნაბადა2_1
    ეკო-შავნაბადა2_2
    ეკო-შავნაბადა2_3
    ეკო-შავნაბადა2_4
    ეკო-შავნაბადა2_5
    ეკო-შავნაბადა2_6

    ეკო-შავნაბადა2_7

    საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი © 2018 ს.ო. აისი