აისი არის მრავალპროფილიანი აპოლიტიკური საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელმაც მოღვაწეობა დაიწყო 2008 წლის მაისში, ხოლო იურიდიულად დარეგისტრირდა 2009 წლის 4 აგვისტოს, მას მერე, რაც პრაქტიკულად დამტკიცდა ორგანიზაცის იდეის სიცოცხლისუნარინობა თანამედროვე საქართველოში.

აისის მისიაა გაზარდოს კანონმორჩილი, სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე, ზნეობრივი, ფიზიკურად და მენტალურად მომზადებული მოქალქე. ამ მისიის ფარგლებში ჩვენი ერთერთი ძირითადი მიზანია ახალგაზრდებისთვის (და არა მარტო მათთვის) საბაზისო სამხედრო-სალაშქრო ცოდნის მიცემა, რომელიც გამოადგებათ როგორც სამშობლოს დაცვაში (საფრთხეების მაღალი დონის გათვალისწინებით), ასევე სტიქიური უბედურებების დროს და პირად ცხოვრებაში.

ორგანიზაციაში ამ ეტაპზე დაახლოებით 100 წევრია. ძირითადად ახალგაზრდები და სხვადასხვა პროფესიის გამოცდილი ადამიანები.

აისის მიზნები

● საქართველოს მოქალაქეების ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური განვითარებისათვის ხელშეწყობა.

● ქვეყანაზე უანგაროდ მზრუნველი აზროვნების ჩამოყალიბება ორგანიზაციის წევრებში.

● ახალგაზრდებში სრულყოფის შინაგანი მოთხოვნილების სტიმულირება სალაშქრო, სპორტულ და სხვა ღონისძიებებში ჩართვის გზით.

● დისციპლინის, თვითდისციპლინისა და კანონმორჩილების უნარჩვევების ჩამოყალიბება-განმტკიცება.

● ეროვნული საქმისთვის თავდადებული, გაწვრთნილი და მოტივირებული კადრების მომზადება.

● ახალგაზრდებში მეგობრობის, თანადგომისა და ურთიერთდახმარების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განმტკიცება.

● ახალგაზრდების ჩაბმა საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში.

● ბრძოლა საზოგადოებაში გამეფებული მანკიერი გამოვლინებების წინააღმდეგ და მივიწყებული ქართული ტრადიციაბის აღორძინება-დამკვიდრება.

● ცხოვრების ჯანსაღი წესის (მენტალურ-ფიზიკური) პროპაგანდა და პრაქტიკა.

აისში მოქმედი კლუბები

- სალაშქრო კლუბი
ორგანიზებას უკეთებს სალაშქრო გასვლებს საინტერესო ადგილებში.

- ეკოლოგიის კლუბი
ატარებს კულტურული ძეგლების დასუფთავების აქციებს, რგავს ხეებს და ეწევა ბუნების დაცვით აქტიობას.

პრიორიტეტულია რადიომოყვარულთა და სპორტული კლუბის ჩამოყალიბება.

რა არ არის აისი

● არ არის პოლიტიკური მოძრაობა. აისი ემიჯნება ყველანაირი სახის პოლიტიკურ აქტიობას და შიდა პოლიტიკურ საკითხებზე საუბარიც კი აკრძალულია.

● არ არის გასამხედროებული შეიარაღებული ფორმირება. ვარჯიშისას გამოიყენება სტრაიკბოლის ლეგალური სათამაშო იარაღი (ისიც ძალიან შეზღუდულად) და დასავლეთში აპრობირებული ქალაქგარეთა სალაშარო-სამხედრო აქტიობის მეთოდები.