პაპაჩემია დედის მხრიდან. სამწუხაროდ არ ვიცნობდი, ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა.
იოსებ სოლომონის ძე გრიგალაშვილი - ქვეითი ბატალიონის კომისარი.
მოქმედ არმიაში იმყოფებოდა 1929 წლიდან 1942 წლამდე. მსახურობდა: გორში (ქართულ დივიზიაში), ქუთაისში, ულიანოვსკში, სამარაში, ლენინგრადში, სიმბირსკში და ბოლოს მოსკოვში.
მონაწილეობდა:
- სსრკ-ფინეთის ომში 1939 წელს.
- მეორე მსოფლიო ომში 1941-1942 წლებში.
იბრძოდა ბრიანკის მიმართულებაზე (XIII - ე არმიაში), გერმანიის II სატანკო ჯგუფის წინააღმდეგ. 1941 წლის ზაფხულში მისი ბატალიონი დაჩქარებულის წესით გადაისროლეს წინა ხაზზე, სადაც მოხვდა შემტევი გერმანული ნაწილების ალყაში, ვეღარ გამოაღწიეს და შეწყვიტა არსებობა. პაპაჩემი იყო ბატალიონი კომისარი, ანუ ადგილზე დახვრეტდნენ უეჭველი, ამიტომ ჯარისკაცებმა გადააცვეს რიგითის ფორმა და რიგითადვე ჩაეწერა ტყვეების სიაში. როცა კომისრები და ებრაელები მოიკითხეს, არავინ არ გასცა (ამიტომ უნდა მოექცე ჯარისკაცებს სამართლიანად და წესიერად), სამაგიეროდ ვიღაც აქაურმა ჯიგარმა ჩაუშვა როცა ანკეტა ნახა, ეგ სურამიდან არის და ებრაელი იქნებაო. დაკითხეს გერმანელებმა და გაანებეს თავი. იმყოფებოდა ტყვეთა საველე ბანაკში, გერმანული იცოდა (ამიტომ უნდა იცოდე მტრის ენა), მაგრამ არ ამჟღავნებდა და უსმენდა რას ლაპარაკობდნენ. ხანდახან დამატებით პურს ერთი გერმანელი ოფიცერი ჩუმად აძლევდა, რადგან - ჩემგან განსხვავებით - არიელის გარეგნობა ჰქონდა და რადგან რუსი არ იყო და თან რაღაცის გაკეთებაში დაეხმარა, ადამიანად ჩათვალეს. მაგ ოფიცრების ლაპარაკიდან გაიგო, რომ ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში მყოფ ტყვეებს რამდენიმე დღეში გერმანიისკენ უპირებდნენ გადაყვანას და 8 სხვა ქართველთან ერთად დაგეგმა გაქცევა. გაიქცნენ ღამით, მაგრამ ერთი ბედოვლათი წამოედო მავრთულხლართებს (კონსერვები ეკიდა ზედ) და ატყდა ერთი ამბავი. პაპაჩემმა მოიაზრა და ხლართებთან ახლოს თხრილში დაიმალა. გერმანელებმა ძაღლები აუშვეს და დაიწყეს ძებნა, ოღონდ ბანაკის პერიმეტრის გარეთ. რამდენიმე საათში ჩაწყნარდა აურზაური, იქვე ხეობა იყო ნაკადულით და მას გაუყვა, რათა წყალს კვალი დაეფარა და ძაღლების კვალი ვერ აეღოთ. მოხვდა ბრიანსკის ტყეში, გზად მოწამლა სოკომ (ამიტომ არ უნდა ჭამო სოკო ლაშქრობისას) და კინაღამ მოკვდა. ბოლოს ტყეში არსებულ პურის ყანასთან გააღწია და იქ გაჩერდა ერთი თვე. ერთი თვის თავზე უცნობი შეიარაღებული ადამიანები მოვიდნენ და ყანის მომკა დაიწყეს, რუსულად ლაპარაკობდნენ. სხვა გზა არ ჰქონდა, გამოვიდა საფარიდან და აღმოჩნდა კოვპაკის პარტიზანების გარემოცვაში სპადშანსკის ტყეში. ამათ კი იცოდნენ რომ ტყვეები გაიქცნენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ყველა დაუჭერიათ და დაუხვრეტიათ. მარტო შენ ხარ გადარჩენილი და უეჭველი შემოგზავნილი ხარო. კინაღამ მოკლეს, არ ვიცი რაზე ესაუბრა, მაგრამ როგორღაც დახვრეტას გადაურჩა, საცდელ ოპერაციებზე გაუშვეს და დაიტოვეს რაზმში, რომელიც ძირითადად კგბ-ს ხალხისგან შედგებოდა და პარიტზანული მოძრაობის გაღვივება ევალებოდათ. რაზმში იყო 4 თვის მანძილზე, მაგრამ მოითხოვა მოქმედ არმიაში დაბრუნება. თხოვნა შეუსრულეს და გადმოიყვანეს ფრონტის ხაზზე. იქ დააპატიმრეს და დაუწყეს დაკითხვა და ტვინის ბურღვა. შედეგად ჩამორთვეს წოდება, გარიცხეს პარტიიდან და დააქვეითეს რიგითად. მალევე მიიღო მედალი "ზა ოტვაგუ" (რისთვის არ ვიცი, ეტყობა უმტკიცებდა რომ კომუნისტი იყო. მაშინ "ზა ატვაგუს" იშვიათად იძლეოდნენ) და როგორც თვითონ იძახდა, ისე კლებულობდა ოფიცრობის რაოდენობა, მალე ისევ დამაწინაურებდნენო, მაგრამ ერთერთ შეტაკებაში (1942 წლის ზამთარში) მხარში მოხვდა ჭურვის ნამსხვრევი და გონება დაკარგა. როცა აზრზე მოვიდა მისრიალებდა და მხოლოდ ცას ხედავდა, მალე სრიალი შეწყდა და ძაღლების ყეფა გაიგონა. თოვლიდან მედდა გამოვიდა და საველე ძელმიწურ-ჰოსპიტალში შეიყვანეს (ძაღლები სპეციალურად იყვნენ გაწვრთნილები და დაჭრილები ციგებით გადაყავდათ). მკურნალობის შემდეგ ხელის მოძრაობა შეეზღუდა და არმიიდან გაანთავისუფლეს. საქართველოში ჩამოვიდა თუ არა, დააპატიმრეს ... ეტყობა გარბოდი ბრძოლის ველიდან, თორემ ზურგში რატომ დაიჭერიო (კომუნისტ ლოგიკ!). ღამის 4 საათზე შემოვარდებოდნენ ოჯახში და მიყავდათ დაკითხვაზე. მიწერა წერილი სარდალ ვოროშილოვს და მოსკოვიდან პასუხი მოვიდა: გაანებეთა მაგ კაცს თავიო და მის მერე აღარ შეუწუხებიათ. სულ ეს იყო ...
ომის წინ
ომის მერე


"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)