მიმდინარე დრო 23 იან 2018 18:40




შექმენი ახალი თემა უპასუხე თემაში  [ 1 წერილი ] 
 სოღანლუღის ბრძოლა. 1921 წლის 18-19 თებერვალი 
ავტორი პირადი შეტყობინება
ფორუმელი
მომხმარებლის ავატარი

რეგ.: 12 მაი 2009 22:18
წერილები: 9375
წერილი სოღანლუღის ბრძოლა. 1921 წლის 18-19 თებერვალი
სოღანლუღის ბრძოლა. 1921 წლის 18-19 თებერვალი

ბმულზე არის ფოტოები და დეტალიზებული რუკა.

http://www.legionerebi.org/samxedro/?p=114

რუსეთ-საქართველოს მეორე ომის დროს ფრონტის ცენტრალური უბნის სარდლად დანიშნულ გენერალ-მაიორ გიორგი მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში მყოფმა ბატალიონებმა ფონიჭალაში სასტიკად გაანადგურეს 11-ე არმიის მოწინავე ნაწილები. ეს ბრძოლა იყო რუსეთ-საქართველოს ომში ჩვენი არმიის პირველი დიდი გამარჯვება, რამაც მკვეთრად გააუმჯობესა არმიის და ხალხის სულიერი მდგომარეობა და გამარჯვების იმედი დაუბრუნა ყველას. ამ სტატიაში ასახულია ბრძოლის მიმდინარეობა. სამწუხაროდ ჩვენთვის ხელმისაწვდომი არაა რუსული არქივები, ამიტომ დავეყრდენი მხოლოდ მაზნიაშვილის და კვინიტაძის მოგონებებს. იმედია მომავალში ეს ბრძოლა უფრო დეტალურად იქნება შესწავლილი.

ოპერატიული ვითარება თბილისის მისადგომებთან

12 თებერვალს ღამით რუსეთის 11-ე არმიის თავდასხმას თბილისის მეორე ბრიგადა და ლორეს რაიონში უხეიროდ განლაგებული (მცირერიცხოვან რაზმებად იყვნენ ჩაყენებულნი დასახლებულ პუნქტებში) სახალხო გვარდიის დანაყოფები მოუმზადებელნი შეხვდნენ, რამაც ბრიგადის (5, 7 და 8-ე ქვეითი ბატალიონები) და რამდენიმე გვარდიული დანაყოფის განადგურება გამოიწვია. 12-15 თებერვლის ბრძოლაში დაიღუპა, დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა 3.000 -მდე ქართველი ჯარისკაცი. დანაყოფები გამოვიდნენ მდინარე ხრამთან და ჩაშლილი კონტრშეტევის შემდეგ, 16 თებერვალს უწესრიგოდ დაიწყეს უკანდახევა თბილისისკენ. ვორონცოვკა-პრივლონოეს რაიონში განლაგებულმა სახალხო გვარდიის სამმა ბატალიონმა შეძლო რუსების შეტევის მოგიერიება, მაგრამ გაუარესებული ოპერატიული მდგომარეობის გამო უკან დაიხია ბოლნისისკენ, სადაც 16 თებერვალს მოწინააღმდეგის ჭარბ ძალებს წააწყდა და დაიფანტა. ფოილოს სექტორში განლაგებულმა დაჯგუფებამ შეძლო მტრის შეტევის მოგერიება და ხიდის აფეთქება, თუმცა ალყაში მოქცევის საფრთხის გამო 16 თებერვალს მათაც მოუწიათ უკანდახევა. გარდა ძალიან ცუდი დისლოკაციისა, ბატალიონებს ნაწილ-ნაწილ, ნაჩქარევად აბამდნენ ბრძოლაში, რაც მათ განადურებას იწვევდა, მაგალითად წითელი ხიდის დასაცავად დატოვებული გურიის გვარდიის ასეული ტყვედ ჩავარდა, იგივე ბედი გაიზიარეს ბატალიონის დანარჩენმა ასეულებმაც. გურულების დასახმარებლად წამოსული თბილისის სახალხო გვარდიის მესამე ბატალიონი ჩასაფრებაში მოყვა და მძიმე ბრძოლაში დაიფანტა, მათ მისახმარებლად დაძრულმა თბილისის სახალხო გვარდიის პირველმა ბატალიონმა შეძლო წინ გამოჭრილი მტრის შეჩერება და მეტიც, უკუგდება მდინარე ალგეთს იქით, თუმცა ალყაში მოქცევის საფრთხის გამო ბატალიონის მეთაურმა იაღლუჯისკენ უკანდახევის გადაწყვეტილება მიიღო. კვინიტაძე ასე აღწერს უკანდახეულ ნაწილებს: „სოღანლუღიდან წავედი სანდარიდან მომავალი ჯარის ნარჩენების სანახავად. ბატალიონების ნაცვლად მოდიოდნენ 30-50 კაციანი რაზმები, მხოლოდ არმიის I პოლკის ბატალიონი წარმოადგენდა 300 კაციან მასას. სოღანლუღში წასვლისას მეიდანზე ვნახე ბრბო, რომელსაც ოფიცრები არ ახლდა. ისინი აღმოჩდნენ დუშეთის გვარდიის ბატალიონიდან. შევეკითხე საიდან მოდიოდნენ. როგორც ყოველთვის წუწუნი დაიწყეს: ოფიცრებმა მიგვატოვეს, გვშია, ვაზნები არ გვაქვს და ა.შ. როცა დავაპირე გამეკიცხა, ერთმა ჯარისკაცმა შეატყო რომ შესაძლოა ინციდენტი მომხდარიყო, ჯგუფს გამოეყო და ხმამაღლა დაიძახა: „ნავთლუღში მისვლა გვიბრძანეს, მაგრამ არ ვიცით როგორ მივიდეთ იქ“. მივასწავლე გზა და წავედი“. რუსებს მეტი ენერგია რომ გამოეჩინათ უკანდახეულ ჯარის ნარჩენებს შემოყვებოდნენ თბილისში.
16 თებერვალს თანამდებობიდან გადააყენეს მთავარსარდალი გენერალი ილია ოდიშელიძე და მის ნაცვლად არმიიდან გაშვებული გენერალი გიორგი კვინიტაძე დაინიშნა, რომელმაც თბილისის გარნიზონის უფროსი გიორგი მაზნიაშვილი შავნაბადა-სოღანლუღის სექტორის და სარკინიგზო ხიდის დასაცავად გააგზავნა, რადგან სწორედ იქ მოელოდა მტრის ძირითადი ძალის შემოჭრას. ასე ჩამოყალიბდა ფრონტის ცენტრალური უბანი, რომლის შტაბი სოღანლუღის სარკინიგზო სადგურთან (თანამედროვე ქვემო ფონიჭალის სადგური) განლაგდა.

მოწინააღმდეგეთა ძალები ბრძოლის წინ

ფრონტის ცენტრალურ უბანზე ჩვენი მხრიდან იმყოფებოდა:

- უბნის შტაბი: ფონიჭალის რკინიგზის სადგურში. შტაბის უფროსი პოდპოლკოვნიკი უთნელიძე.
- არმიის მე-9-ე ქვეითი პოლკის არასრული ათასეული (მეორე ნაწილი ბათუმში იყო დისლოცირებული) ერთი ბატარეით ტაბახმელადან შავნაბადას მონასტრამდე. მეთაური ნიკოლოზ ვაჩნაძე. შტატით ბატალიონში ირიცხებოდა 683 ოფიცერი და ჯარისკაცი, 1921 წლის იანვარში სახეზე იყო 505. რამდენი იმყოფებოდა თბილისთან უცნობია. სავარაუდოდ 400-მდე კაცი მაინც.
- თბილისის სანაპირო ჯარის (მესაზღვრეები) ქვეითი ათასეული, მეთაური დავით ვაჩნაძე და მეტყვიამფრქვევეთა რაზმი სოღანლუღის კონცხის (სიმაღლე 441) მახლობლად და მის სამხრეთით სადგურისკენ. 1970-იანი წლებიდან კონცხზე სასაფლაო მოეწყო. ბატალიონში 686 ოფიცერი და ჯარისკაცი მსახურობდა. 1921 წლის იანვარში სახეზე იყო 486 კაცი.
- სახალხო გვარდიის ქართლის I ბატალიონი სავარაუდოდ მდ. ცივისხევის ნაპირზე. სიმაღლე 461-ის მარცხნივ მდინარე მტკვრამდე. დღევანდელ სოფელ სოღანლუღის გაყოლებით. ბატალიონში მსახურობდა გორის და ცხინვალის რაიონის მოსახლეობა, ხოლო შტატით 750 კაცი ირიცხებოდა. უცნობია რამდენი მეომარი იმყოფებოდა ფრონტზე.
- სახალხო გვარდიის ქართლის II ბატალიონი სიმაღლე 461 – ზე (ძველი სახელწოდება: „სანგრისმთა“), წმ. მარინეს სახელობის ეკლესიასთან, რომელიც დღეს მოქმედია (1921-ში მხოლოდ ნანგრევები იყო) და ეხლაც ატყვია მაშინდელი ბრძოლის კვალი. ბატალიონში მსახურობდა ხაშურის და ბორჯომის რაიონის მოსახლეობა, ხოლო შტატით 600 კაცი ირიცხებოდა. მაზნიაშვილის მონაცემებით ბატალიონში 1.300 მეომარი და 8 ტყვიამფრქვევი იყო.
- არმიის არტილერიის 3 ბატარეა განლაგდა ფონიჭალის რკინიგზის ხიდთან, წმ. ბარბარეს ეკლესიასთან.
- მესაზღვრეთა ახლადფორმირებული 250 კაციანი რაზმი ბატარეების მარცხნივ ორხევთან.
- ერთი ჯავშანმატარებელი ვალოდია გოგოუაძის მეთაურობით და ორი შეჯავშნული ავტომობილი მოძრაობდა რკინიგზის ხიდსა და იაღლუჯა-კუმისის მიმართულებაზე.

- ქართული დანაყოფების დისლოკაცია. დეტალიზებული რუკა

18 თებერვლის საღამოს მაზნიაშვილს რეზერვში არ ყავდა არცერთი ჯარისკაცი და არ გააჩნდა კავალერია. მაზნიაშვილის რეზერვი კოჯორ-ტაბახმელას სექტორიში გადასროლეს. მოშორებით, ნავთლუღის რაიონში იმყოფებოდნენ გენერალ არტემ ჯიჯიხიას დაქვემდებარებაში მყოფი სახალხო გვარდიის ის ქვედანაყოფები, რომლებიც იბრძოდნენ წინა დღეებში და მიმდინარეობდა მათი ხელახალი ფორმირება და აღდგენა, ხოლო სოფელ ლილოსთან იდგნენ სახალხო გვარდიის და არმიის კავალერიის ესკადრონები.

რუსების მხრიდან ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო 11-ე არმიაში შემავალმა, ბრძოლებში თავგამოჩენილმა მე-20-ე პენზის მსროლელმა დივიზიამ (20-я Пензенская стрелковая дивизия), რომელიც ძირითადად 58-ე ბრიგადით იყო წარმოდგენილი. მათ მეთაურობდა გამოცდილი ოფიცერი მიხეილ ველიკანოვი, თბილისის ოპერაციის მეთაური, რომელიც რკკა-ს სამხედრო ელიტაში შედიოდა და 30-იანი წლებიდან მეთაურობდა ჯერ შუა აზიის და შემდეგ იმიერბაიკალის სამხედრო ოლქებს, ასევე იყო თავდაცვის კომისართან (მინისტრი) არსებული სამხედრო საბჭოს წევრი 1934-1937 წლებში. აღსაღნიშნავია რომ ორივე მეთაური, როგორც მაზნიაშვილი, ასევე ველიკანოვი დახვრიტეს სტალინური რეპრესიების დროს.

დაუზუსტებელი მონაცემებით ბრძოლაში უშუალო მონაწილეობა მიიღო დაახლ. 2.000-მა ქართველმა და 5.000-მდე რუსმა ჯარისკაცმა. არმიის IX, ხაშურის ბატალიონებს და მესაზღვრეთა 250 კაციან რაზმს მტერთან საცეცხლე კონტაქტი არ ჰქონიათ.

მოწინააღმდეგის ამოცანა

რუსების დამკვრელი დაჯგუფების მიზანი იყო ღამის სწრაფი იერიშით დაეკავებინა სოღანლუღის სადგური, რკინიგზის ხიდი, გზატკეცილი და გამთენიისას შეჭრილიყო თბილისის გარეუბნებში. 11-16 თებერვლის იოლი გამარჯვებით გათამამებული მოწინააღმდეგე იმდენად სუსტად თვლიდა ქართულ არმიას (რომელიც 16-18 თებერვლის განმავლობაში მათ არც შებრძოლებია), რომ ამოცანის გადაჭრა დაზვერვის, კავალერიის მსხვილი ძალების და არტილერიის გარეშე გაბედა, რაც მათთვის ძალიან დიდი რისკის შემცველი იყო. მტერმა ვერ გაითვალისწინა რომ მეთაურობა შეიცვალა და ოპერაციებს უკვე გენერლები კვინიტაძე და მაზნიაშვილი გეგმავდნენ, რომლებმაც ამოიცნეს მტრის ჩანაფიქრი და მაქსიმალურად კარგად გამოიყენეს მათი გაბედული, თუმცა როგორც აღმოჩნდა მცდარი გადაწყვეტილება.

ბრძოლის მიმდინარეობა

18 თებერვალს საღამოს რვა საათზე გორის ბატალიონის სადაზვერვო დანაყოფმა შეამჩნია მტრის მსხვილი კოლონის მოძრაობა, რომელმაც 22 საათისთვის იაღლუჯას ქედს შემოუარა მტკვრის მარჯვენა ნაპირიდან და სოფელ სოღანლუღისკენ გზატკეცილის გაყოლებით წამოვიდა.
გორის ბატალიონის და მესაზღვრეთა სადაზვერვო დანაყოფებმა დატოვეს სადამკვირვებლო პოსტები და დაბრუნდნენ სანგრებში. სადაზვერვოდ გაშვებული ავტომობილების რაზმიდან მოვიდა შეტყობინება რომ მტერი მოიწევს სოღანლუღისკენ. ორი საათის შემდეგ შტაბში დაბრუნდნენ დაჯავშნული ავტომობილები, რომლებსაც რუსებმა შორიდან გაუხსნეს ცეცხლი.
ხაშურის გვარდიის მეთაური იტყობინებოდა რომ მისი პოზიციების წინ და მარცხნივ მტერი არ ჩანდა. კუმისის სადგურში მდგარი ჯავშანმატარებელიც იგივე ცნობას აწვდიდა შტაბს. არც IX ბატალიონის უბანზე ჩანდა მოწინააღმდეგე.
ცხადი გახდა რომ რუსები მტკვრიდან რკინიგზის ხაზამდე, გზატკეცილით აპირებდნენ შეტევას.
23 საათზე გაფუჭდა ხაშურის გვარდიასთან შეერთებული ტელეფონი, ხოლო ჯავშანმატარებელი სადგურთან ახლოს გაჩერდა გზატკეცილის ხიდთან.
მაზნიაშვილმა გადაწყვიტა პირადად ენახა მოწინავე პოზიციებზე მყოფი ჯარისკაცები და ამ მიზნით გორის ბატალიონის სანგრებისკენ გაემართა. მეთაურებს პატაკის ჩაბარება დასრულებული არც ჰქონდათ რომ სანგართან მასირებული სროლა ეტყდა. ამ დროს დაახლოებით ღამის პირველი საათი იყო. ჯავშანმატარებელი სადგურში შევიდა, იქ მყოფი ხალხის ნაწილი აიყვანა და რკინიგზის ხიდისკენ დაიხია.
თბილისში გაიგონეს სროლის ხმა და დაუკავშირდნენ მაზნიაშვილის შტაბს, პოდპოლკოვნიკმა უთნელიძემ მათ აცნობა რომ მაზნიაშვილი იმყოფება წინა ხაზზე და არ იცის რა მიზეზით ატყდა სროლა. შტაბი გაურკვევლობაში აღმოჩნდა, მათ არ იცოდნენ სროლის მიზეზი, ეს შეიძლება ყოფილიყო როგორც ცრუგანგაში, ასევე საცეცხლე კონტაქტი მტერთან. დაზვერვის გარეშე რუსების ღამის იერიშზე წამოსვლა დაუჯერებლად ჩანდა, სიტუაციის გარკვევის დროს შეწყდა კავშირი შტაბთან, რადგან რუსებმა შეძლეს სადგურის აღება, ორი ქვემეხის ხელში ჩაგდება და დაატყვევეს ქართველი ოფიცრების და ჯარისკაცების ნაწილი, მათ შორის უბნის შტაბის უფროსი უთნელიძე. თბილისში მყოფი მთავარსარდალი კვინიტაძე ინფორმაციის გარეშე დარჩა, მაგრამ მთავარ შტაბთან კავშირზე გამოვიდა ნავთლუღში არსებულ მესანგრეთა ყაზარმებში მყოფი პოდპოლკოვნიკი გურგუნიძე, რომელიც არტილერიის განუწყვეტელი სროლის შესახებ ატყობინებდა კვინიტაძეს, რაც იმას ნიშნავდა რომ ქართული დანაყოფები ადგილზე დგანან და უკან არ იხევენ. სიტუაციაში გასარკვევად წინა ხაზისკენ გაგზავნეს ავტომობილი და სახალხო გვარდიის შტაბის წევრები.
გენერალი ჯიჯიხია მზად იყო განგაშით დაეძრა ნავთლუღში მყოფი გვარდიული დანაყოფები, რომლებიც მართალია არეულნი იყვნენ და დასვენებას საჭიროებდნენ, მაგრამ სხვა გზა არ რჩებოდა. კვინიტაძემ უბრძანა ჯიჯიხიას მოამზადებინა დანაყოფები და დალოდებოდა შემდგომ ბრძანებას. ამ დროს ნავთლუღის სანიტარული პუნქტიდან მთავარ შტაბში დარეკა ექიმმა, რომელმაც იკითხა სად გადაეყვანა 15 დაჭრილი ჯარისკაცი. ნათელი გახდა რომ ცრუგანგაში არ იყო და მტერი შეტევაზე გადმოვიდა. სახალხო გვარდიის ნაწილებში საბრძოლო განგაში გამოცხადდა. გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი გაიგზავნა მაზნიაშვილთან, მასვე დაევალა გვარდიის ერთი სრული ბატალიონის ბრძოლაში ჩაბმა, ასევე ჯავშანმატარებლის და ავტომობილების წინ წაწევა სოღანლუღის ხიდიდან წინა ხაზზე.
მთავარ შტაბში მოვიდა მაზნიაშვილის მიერ გამოგზავნილი ოფიცერი მესაზღვრეთა ბატალიონიდან რომელმაც ითხოვა ვაზნებით დახმარება და განაცხადა რომ ბატალიონი ადგილზეა და არავითარ შემთხვევაში არ დაიხევს უკან. წინა ხაზის დასახმარებლად ვაზნებით დატვირთული სატვირთო ავტომობილი გაიგზავნა. კვინიტაძის აზრით მთავარი იყო ღამის იერიშის შეჩერება, რადგან გამთენიისას სიმაღლეების ძირში გაწოლილი მოწინააღმდეგე განადგურდებოდა. ასეთი ვითარება იყო მთავარ შტაბში 19 თებერვლის ღამეს.
დავუბრუნდეთ წინა ხაზს. ფონიჭალის სადგურის დაკავების შემდეგ ბრძოლაში მესაზღვრეთა ბატალიონიც ჩაერთო, IX ბატალიონიდან მაზნიაშვილს ატყონინებდნენ რომ მესაზღვრეები პოზიციებს ინარჩუნებდნენ და მედგრად იგერიებდნენ მტერს. ერთსაათიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ რუსებმა შეწყვიტეს სიმაღლეზე განლაგებულ მესაზღვრეებზე შეტევა და მთელი ძალით შეუტიეს დაბლობში განლაგებულ გორის ბატალიონს. მესაზღვრეები განუწყვეტლივ ესროდნენ რუსებს და საცეცხლე დახმარებას უწევდნენ გორელებს. კრიტიკულ სიტუაციაში მყოფ ბატალიონს მოუსწრო ვალიკო ჯუღელმა სახალხო გვარდიის იმერეთის ბატალიონით და ჯავშანჯგუფით, შედეგად რუსების შეტევები ჯერ შენელდა და გამთენიისას სულაც შეწყდა.
აღსაღნიშნავია რომ სამხედრო სკოლის შერეული ბატალიონი იმყოფებოდა ტაბახმელას სიმაღლეზე და ხედავდა სოღანლუღის ბრძოლას, იუნკერი მათიკაშვილი იგონებს: „ამ ნაკვეთის ჯარებს სარდლობდა უძლეველი გენერალი მაზნიაშვილი … ტაბახემლას მაღლობიდან როგორც ხელის გულზე ჩანდა ბრძოლის მიმდინარეობა, განსაკუთრებით ღამით. ხელები გვექავებოდა და დახმარების სურვილისგან თავს ძლივს ვიმაგრებდით, ზარბაზანთა ქუხილს და ჭურვების წითელ სრიალს რომ ვხედავდით .. მეორე დღეს ხელიდან ხელში გადადიოდა მთავარსარდლის ბრძანება, რომელიც იერიშის უკუგდებას და უფროსთა მამაცობას გვაუწყებდა“.
ფრონტის დასტაბილურების შემდეგ მაზნიაშვილი მესაზღვრეთა სანგარში გადავიდა და იქიდან ხელმძღვანელობდა ბრძოლას. გენერალს ორი საკითხი აწუხებდა: რატომ დუმდნენ ხაშურის გვარდიის სანგრები! დაუჯერებელი იყო რომ კარგად მოწყობილ ცენტრალურ პოზიციაზე მყოფი 1.300 ჯარისკაცი (ამ ციფრს ასახელებს მაზნიაშვილი თავის მოგონებაში) ბრძოლის გარეშე ჩაბარდა მტერს. კავშირის დამყარება კი შეუძლებელი იყო, რადგან მესაზღვრეებსა და ხაშურის ბატალიონს შორის მტერი იდგა. მეორე საკითხი მტრის მოქმედება იყო. აშკარა გახდა, რომ მათი შეტევა ჩაიშალა, რადგან საინჟინრო თვალსაზრისით კარგად მოწყობილ სანგრებს გადააწყდნენ და თან უკან დახევას არავინ არ აპირებდა, ყველა დანაყოფი მტკიცედ იცავდა პოზიციებს. რუსები გაშლილ ადგილას ჩაწვნენ, რის გამოც კარგად ჩანდნენ და დამიზნებით ესროდნენ სანგრებიდან. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა მათ უკანდახევის ბრძანება არ მოსდიოდათ. მაზნიაშვილი შიშობდა, რომ გამთენიისას მტერი შეცვლიდა შეტევის მიმართულებას და შავნაბადის სიმაღლეებისკენ დაიძვრებოდა, სადაც IX არასრული ბატალიონი რამდენიმე კილომეტრს იცავდა და მათი პოზიციების გარღვევა რთული არ იყო. ეს კი ფრონტის ჩამოშლას და თბილისში მტრის შეჭრას გამოიწვევდა, მაგრამ უკვე შეჩერებულ მოიერიშე ნაწილებს რეზერვებს არ ახმარდნენ და არც არტილერია ჩანდა.
გამთენიისას მესაზღვრეების ბატალიონი დაიძრა სიმაღლეებიდან და ეკვეთა მტერს. როდესაც გვარდიელებმა დაინახეს მათი იერიში, ამოვიდნენ სანგრებიდან და ასევე გადავიდნენ შეტევაზე. გაყინულმა, გადაღლილმა და დემორალიზებულმა მოწინააღმდეგემ ბრძოლას თავი აარიდა და ტყვედ ჩაბარება დაიწყო, სხვადასხვა მონაცემებით 1.000-დან 1.600-მდე რუსი დანებდა. თუმცა მოიერიშეების დიდმა ნაწილმა გააღწია და იაღლუჯასკენ გაიქცა. ქართულმა დანაყოფებმა აღადგინეს ფრონტის პირვანდელი მდგომარეობა. მაზნიაშვილს არ გააჩნდა კავალერია და რეზერვი, რათა მტერს დადევნებოდა, ამიტომ არტილერიით უშენდა უკუქცეულებს, ხოლო ცაში ორი აეროპლანი გამოჩნდა, რომლებიც განუწყვეტლივ ბომბავდნენ მოწინააღმდეგეს. მტერმა მოკლულების სახით 500-ზე მეტი კაცი დაკარგა, ცენტრალურ უბანზე შეწყვიტა აქტიურობა და მხოლოდ 24 თებერვალს დაიწყო შეტევა შავნაბადას მონასტერზე, რომელიც დროებით დაიკავა, მაგრამ კონტრშეტევის შემდეგ უკუიქცა საწყის პოზიციაზე.

სად გაქრა ხაშურის ბატალიონი? როგორც კი სროლა ატყდა გორის ბატალიონის სანგრებთან, რომელიც ხაშურლების მარცხნივ მდებარეობდა, ქვედანაყოფი სრული შემადგენლობით მოიხსნა პოზიციიდან და შეუმჩნევლად გაიპარა IX და მესაზღვრეთა დანაყოფებს შორის. თანაც ამის შესახებ არავის არ აცნობა! სახალხო გვარდიის უდისციპლინობა ხანდახან ყოველგვარ ზღვარს ცდებოდა.

დილით კვინიტაძე მივიდა სოღანლუღში სადაც მაზნიაშვილს შეხვდა: „ჩვენ ჩუმად გადავეხვიეთ ერთმანეთს. შესრულებული საქმე სიტყვებზე ძლიერი იყო. მაინც ვუსაყვედურე მისი წინა ხაზზე გასვლის და თბილისთან კავშირის დაკარგვის გამო“ …
სიხარულის დრო არ იყო … მტერმა კოჯორი დაიკავა და თბილისს ახალი საფრთხე დაემუქრა …

პაატა გიგაური

გამოყენებული წყაროები

„მოგონებანი“ (გ. მაზნიაშვილი. 1927 წ)
„ჩემი მოგონებები საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში 1917-1921“ (გ. კვინიტაძე. 1985 წ)
„არმიის და გვარდიის რიცხოვნობის და ორგანიზაციის საკითხები“ (დ. სილაქაძე. 2011-14 წ)
„იუნკრები“ (ნ. მათიკაშვილი. 1990 წ)
„1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საბრძოლო მოქმედებების ისტორიიდან“ (მ. ბახტაძე)

_________________
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)


20 იან 2015 22:25
პროფილი
მიჩვენე წერილები:  დაალაგე:  
შექმენი ახალი თემა უპასუხე თემაში  [ 1 წერილი ] 


ვინ არის საიტზე

ფორუმს ათვალიერებს: არ არიან რეგისტრირებული მომხმარებლები და 2 სტუმარი


თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემების
თქვენ არ შეგიძლიათ უპასუხოთ თემებში
თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი წერილების რედაქტირება
თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი წერილების წაშლა
თქვენ არ შეგძლიათ მიმაგრების განთავსება

გადადი: