როგორ დავიცვათ მთისა და ბარის წმინდა ადგილები

საქართველოს ზოგადი და მსოფლიოს სამხედრო ისტორია
User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

როგორ დავიცვათ მთისა და ბარის წმინდა ადგილები

Postby დავითაუ წიკლაური » 26 Sep 2012 23:08

* * *

უკანასკნელმა ორმა ათეულმა წელმა სხვა მრავალთან ერთად ერთი ახალი საფიქრალი გაუჩინა ქართველობას, როგორ დავიცვათ წმინდა ადგილები?! ათეისტური წარსულის შემდეგ ერთი და იგივე ადგილი ერთი ქართველისთვის თუ წმინდაა, მეორესთვის, უბრალოდ, ისტორიული ძეგლია, მესამესთვის - წარმართული საკერპო, მეოთხესთვის - ადგილი, სადაც შეიძლება გაირუჯო და ასე შემდეგ...

მას შემდეგ, რაც მართლმადიდებლური ტაძრები ქართული ეკლესიის საკუთრებად გამოცხადდა, შედარებით უკეთეს დღეშია ეკლესია-მონასტრები. მიუხედავად ამისა, პირადად მე არაერთხელ დიდი გაწევ-გამოწევა დამჭირვებია იმის დასამტკიცებლად, რომ უმოქმედო ტაძარში არ შეიძლება საქონლის დაყენება. უკანასკნელად ასეთი „ახსნა-განმარტების“ მიცემა მომიწია ერთ საყდარში, რომელიც ალავერდის მინდვრებში დგას. ვერ ვაგებინებდი მწყემსს, რომ ეკლესიაში ღორის დაყენება არ შეიძლება. თან “კეთილი" სურვილებით „გვლოცავდა": "მე რომ ღმერთი მწამს, ნეტა ისე გწამდეთ ყველასო!"

უნდა აღინიშნოს, რომ ბარის სალოცავებს ამ მხრივ ნაკლებად უჭირთ. მაშ, როგორ ვუშველოთ მთაში დარჩენილ წმინდა ადგილებს?! ბარის ქართველობას, განსაკუთრებით, - ქალაქელებს, ნაკლებად აქვთ წარმოდგენა, თუ რა წესზეა მოწყობილი მთის სალოცავი, ამიტომ ნებით თუ უნებლიედ ეჭვქვეშ აყენებენ მთიელთა რწმენას და ბილწავენ წმინდა ადგილებს.

ამ მხრივ ყველაზე მეტად მაინც ფშავ-ხევსურეთი გამოირჩევა, რადგან მთიელთა იძულებითი ჩამოსახლების შემდეგ მთის ციხე-სოფლები თითო-ოროლა კაცის იმედად დარჩა. გარდა ამისა, როგორც ტურისტულ სააგენტოებთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, ქალაქთან სიახლოვის გამო ყველაზე კარგად "მუშაობს“ ტურები ფშავ-ხევსურეთის მიმართულებით. ტურისტის ფეხი სად არ ხვდება, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც სამანქანე გზასთან ახლოს მდებარე წმინდა ადგილებსა და ციხე - სოფლებს უჭირს. ქალაქელთა ლაშქარს, პირველ რიგში, იერიში მიაქვს ფშავში, კართანასთან მდებარე წმინდა გიორგის ეკლესიასა და კოპალას ჯვარზე, ხევსურეთში - ხახმატის ჯვარსა და ციხე - სოფელ მუცოზე. არ ვიცი, უარესი რაღა უნდა მოხდეს? უკნასკნელ წლებში გაიძარცვა ფშავისა და ხევსურეთის მთავარი სალოცავები - ლაშარის ჯვარი და გუდანის ჯვარი. გუდანში სხვა ყველაფერთან ერთად გაძარცვეს და დაჭრეს დროშები. აღარ აქვთ ხევსურებს ათასწლეულებში გამოტარებული დაუმარცხებელი სალაშქრო დროშა. ფშავში, კოპალას ქვასთან, არაგვში გადავარდნილმა მგზავრებმა კოპალას დააბრალეს გადარჩენა და მადლიერების ნიშნად ყოველგვრი ნებართვის გარეშე ხატში უზარმაზარი ჯვარი აღმართეს. შეიძლება დიდი უბედურება არც იყოს ამაში, მაგრამ მათ ჯვარზე ქრისტეს მაგივრად შუბოსანი ესკიმოსი გამოსახეს. ჯვარცმულ ესკიმოსს დიდი, ბორჯღალისგამოსახულებიანი ქუდი ადგას თავზე. გადარჩენილმა მგზავრებმა, როგორც ჩანს, საკუთარი ფანტაზიით კოპალას სახე აღადგინეს და მათი გადარჩენისთვის ის აცვეს ჯვარს. ჩვენ ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ, დალოცვილი ღვთიშვილი რატომ მიამსგავსეს "ესკიმოსთა შამანს". სამაგიეროდ, საქმეში ჩაუხედავი ტურისტები გაოცებულნი შეჰყურებენ "ჯვარცმულ" შამანს და აღტაცებას ვერ მალავენ მთიელთა საოცარი "ქრისტიანული მიმდინარეობის" გამო.

ხევსურეთში ხახმატის ჯვარიც გაიძარცვა, მაგრამ, საბედნიეროდ, მისი გაძარცვის შემდეგ, "ხრიდოლის" საახლობლოს ხელი მიუწვდა მძარცველებამდე და რამდენიმე წლის წინ ჩვენი დახმარებითა და ფშაველი ხევისბერის ჩარევით ხახმატის ჯვარს თას-განძი დაუბრუნდა. თუმცა ხახმატის ჯვართან პრობლემები ამით ვერ მოგვარდა იმის გამო, რომ ის გზისპირას დგას და ტურისტების ლაშქარს გამუდმებით მიაქვს მასზე იერიში.

წელსაც, ათენგენობამდე, "ხრიდოლის" ჯგუფთან ერთად ისევ შევესწარით ხახმატის ჯვარს შესეულ ტურისტებს. ახლოს მივედით. ერთი "მარშუტკა" " მომლოცველები" გარეულიყვნენ საზარე-სასანთლე-სალუდეს შორის. ვიღაც ზარს რეკდა. ერთი ნახევრად შიშველი ქალი ზედ ეფხოტებოდა ხახმატის ჯვრის კოშკს და თან მისი თანმხლები რაინდი ქვემოდან ასძახოდა: "არ ჩამოვარდე, ჩემი დედა!..."(!!!) რბილად მივეცით შენიშვნა: "არ შეიძლება, დიდ ცოდვას სჩადიხართ! რამდენიმე ასეული მეტრის სიშორეზე, "საჩოქნიებო გორზე," მუხლზე დგება ხევსური კაცი და წმინდა გიორგის შენდობას სთხოვს მიახლებისათვის, თქვენ კი ზედ ხართ ასულები... ქალების შესვლა მანდ საერთოდ არ შეიძლება!" ჩვენს შენიშვნაზე ზოგს გაეღიმა, ზოგს ჩაეცინა, უმეტესობა კი შეეცადა, საკუთარი განათლების დონე ეჩვენებინა ჩვენთვის:

- მერე ჩვენ ხომ ხევსურები არ ვართ! - სიცილ-კისკისით ახმაურდნენ. - ვინ დაადგინა, რომ აქ წმინდა გიორგის სალოცავია?!.. სად დგას აქ ეკლესია?!.. ქალების შესვლა რატომ არ შეიძლება?! ეგ რაღაც წარმართული ტრადიციაა! მთის სალოცავები ხომ წარმართულია?!.. - მოგვაყარეს კითხვები თავის პასუხებიანად.

- წმინდა გიორგია წარმართული სალოცავი?!

- მაშ მღვდელი რატომ არ დგას? - შემოგვიბრუნა ერთ - ერთმა „ჩამჭრელი“ კითხვა და ის "ძალად მეღორე" გამახსენდა, "ნეტა ყველას ჩემნაირად გწამდეთო," რომ გვისურვა.

- გამოდით გარეთ! - გავუმეორე მე "ქალაქელ მეღორეს". - საქართველოში ათასობით წმინდა ადგილას არ დგას მოძღვარი. ჯერ არ არის ჩვენი ერი ისეთ რწმენაში, რომ ამდენი ღვთისმსახური ჰყავდეს! ამის გამო გუმბათებს უნდა წამოვასხდეთ ზედ?! ვინ გითხრათ, რომ მთის სალოცავები წარმართულია?! წეღან რამდენიმე ასეული მეტრის უკან თქვენ ღვთისმშობელს გამოუარეთ, ეხლა წმინდა გიორგის კარზე დგახართ!.. თქვენთვის თუ წმინდა გიორგი და დედაღვთისა წარმართული კერპებია, ჩვენთვის ქრისტიანულია.

- კოპალაც ამოვიარეთ!.. არც ეგ არის კერპი?

- ჩვენში კოპალას "დევ-კერპთა შემმუსვრელი" გმირის სახელით ადიდებენ! კერპი როგორ იქნება კერპების შემმუსვრელი?!

- აბა, წმინდანია?!

- გადმოცემა ამბობს, რომ ქრისტეს რჯულისთვის დახარჯული მხედარია, რომელიც კაცის ხორცისმჭამელ წარმართებსა და კერპებს ანადგურებდა. შემდეგ კი ბერად იწოდა, სხვანაირი გადმოცემა არ არსებობს. ბოლოს იხინჭას მდგარა წმინდა გიორგის კარზე ბერად.

- მერე ჩვენ ხომ არ ვაღიარებთ მას წმინდანად?!

- ვინ თქვენ?!

- ქართველები... საპატრიარქო! - გააკეთა განცხადება საპატრიარქოსა და ქართველობის სახელით ერთმა ჯინსისშარვლიანმა გოგონამ. კოპალას წმინდანად აღიარების მოწინააღმდგეს შარვალი ცხრა ადგილას ჰქონდა გამოგლეჯილი.

- იმას რა ვუყოთ, რომ მთაც და ბარიც სავსეა კოპალას სახელზე ნაგები სალოცავებით, მარნებით, ბეღლებით, მეფეთა მიერ შეწირული მიწებით?! რახან თქვენ არ გწამთ, უნდა მიხვიდეთ და ზედ იაროთ?.. თუ სალოცავად არ გწამთ, ის მაინც დაიჯერეთ, რომ, როგორც თქვენ გიდგათ საკუთარი პაპების საფლავებზე სასანთლე, ისე ჩვენც ვახსენებთ ქრისტეს რჯულისთვის დახარჯულ ჩვენ წინაპრებს და ვეფერებით მათ ნაკეთებ საქმეს. თქვენი პაპის სასანთლე რომ წაბილწოს ვინმემ, მოგეწონებათ?!

- ივანე ჯავახიშვილიც კოპალას წარმართულ კერპს უწოდებს! მე ისტორიკოსი ვარ! - თქვა კიდევ ერთმა "განათლებულმა" და დანარჩენებს ამაყად გადახედა, - ხედავთ, სად გამოგადგათ ჩემი განათლებაო!

- ხო, მაგრამ ივანე ჯავახიშვილი ათეისტური ეპოქის შვილია. ის იქვე იმასაც წერს, რომ ქართველი ერი ქრისტეზე წინ წმინდა გიორგის აყენებს და ამასაც მხოლოდ იმის გამო, რომ წმინდა გიორგში წარმართულ ღვთაება "თეთრი გიორგის" ხედავს! თქვენ ამ მოსაზრებასაც ეთანხმებით?! ეს დიდი მამულიშვილი და თავმდაბალი ქართველი არასდროს ამბობდა, შეუმცდარი ვარო და თქვენ რატომ იყენებთ სათქვენოდ მის მცდარ ნააზრევს?! სადაც გვაწყობს, ჯავახიშვილი ავტორიტეტია, სადაც ხელს არ გვაძლევს, იქ არ არის?!

- კი, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ მთის წმინდა ადგილებში რაღაც უსულო საგნებს ადიდებ - აღმერთებენ?!

- მაგალითად?

- მაგალიათად, ლაშარში მუხა დგას და იმას ეთაყვანებიან ხევსურები!

- ხევსურები თუ ფშავლები?!

- რა მნიშვნელობა აქვს?!

- როგორ არა აქვს!.. რახან ისტორიკოსი ხართ და რაღაცაზე დავობთ, ისიც უნდა იცოდეთ, ვინ ლოცულობს ლაშარს. ჯერ ერთი, ფშავლების სალოცავია ლაშარი! მეორეც, არავითარი მუხა იქ არ დგას! ოდესღაც უფლისგან მოვლენილ სასწაულად ლაშარის წმინდა გიორგის კარზე მდგარა უზარმაზარი მუხა, რომელიც იყო ღვთისგან მოცემული ნიშანი მისი ერთგული ყმებისთვის - ფშავლებისთვის. სანამ ლაშარის წმინდა გიორგის ყმები უერთგულებდნენ დამბადებელს, მანამ ვერავინ მოჭრიდა ამ ხეს და ვერ გატეხდა ხეობას. მაგრამ მტერმა იპოვნა ფშავლებს შორის გამცემი, რომელმაც უფლის სასწაულის საიდუმლო მტრის მებრძოლს გაანდო. წაბილწეს მუხა და უფლის მფარველობაც მოსცილდა მას. ამის შემდეგ მტერმა შეძლო ღვთის სასწაული ხის მოჭრა. სად ჩანს ამ გადმოცემაში გაღმერთებული უსულო საგანი?! ეგ თქვენი ნათქვამიც იმ ეპოქის გამოძახილია, როცა მოდაში შემოვიდა ქრისტიანულ გადმოცემებში წარმართული ეპოქის ნაკვალევის აღმოჩენა. მასეთი ლოგიკით არც სვეტიცხოვლის ისტორიაც არ უნდა ვიწამოთ! ქრისტეს კვართთანაც არის დაკავშირებული სასწაული ხის ისტორია! ამ ხითა და უფლის ანგელოზის დახმარებით აშენდა ქართველთა პირველი ტაძარი - სვეტიცხოველი. იმ სასწაული ხის სვეტის მადლს დაეფუძნა ჩვენი ქრისტიანობა! როგორც ქრისტეს კვართი ექცა იმ სასწაულ სვეტს ლიბოდ და საფუძვლად, ისე ქართველთა სახელმწიფოს ექცა ქვად და კირად ქრისტიანობა! თქვენ კი ამ გადმოცემებს წარმართულად აცხადებთ?!

- ესე იგი, - უფრო მეტი გაცხარებით განაგრძო "ისტორიკოსმა," - თქვენ უარყოფთ, რომ ეს სალოცავები წარმართების ნალოცი ადგილებია?! ეს არის თქვენებური, ქართული ქრისტიანობა! ქართული წარმართული ღვთაებების ისტორიებია გადაქრისტიანებული და წარმართული კერპების სახეებია გამოყeნებული ქრისტიანულ სიუჟტებში!

- ზედაზნის მთა ვისი ნალოცია?! ვერ დგას დღეს ტაძარი შემუსვრილ დევ-კერპთა საბუდარზე?! რა "ქართული ქრისტიანობა"?! რა ქართული წარმართული ღვთაებები?! რა სახეები?! აია სოფიის ტაძრის გუმბათში ქრისტეს გამოსახვისას ზევსის სახე რომ არის გამოყენებული, ეგ თუ გსმენიათ?! ვინ გითხრათ?! საიდან დაადგინეთ, რომ ფშვ-ხევსურთა გადმოცემები ცრუობს და ბერძნის ნამოქმედარი უტყუარია?! ქრისტეს რჯულზე მოქცევის ჟამს უდიდესი როლი უთამაშიათ მთიელთა მიერ ნადიდებ გმირებს! გინდათ, რომ მოვშალოთ მათი სალოცავები? დავივიწყოთ მათი სახელები? აღარ მოვყვეთ ქრისტეს რჯულისთვის მათ მიერ ნაკეთები საქმეები? და ასი წლის შემდეგ ბერძენი ხატმებრძოლებივით თუ აღმოვაჩინეთ, რომ ვცდებოდით და ტყულად წავბილწეთ, რაღა ვქნათ მერე?! შეიძლება თქვენ გეპატარავებათ მთიელთა "ჯვრები" და საყდრები, მაგრამ ცას სწვდება მათი მადლი! მათ შეინახეს საარაგვო!

- საყდარი არ არის სწორი ფორმა, ეკლესია უნდა თქვათ! - გახარებულმა შენიშნა იმ ბიჭმა, წეღან თავისი შიშველა დობილის ალპინისტურ მარშს ქვემოდან "უკუღმა გინებით" რომ ამხნევებდა.

- ვინ გითხრათ, რომ საყდარი არ არის სწორი ფორმა?!

- სტიქროსანი ვარ, სემინარიაში ვსწავლობ.

- მერე და, რა გასწავლეს?! - ვკითხე და თავი შევიკავე, რომ არ მეკითხა, დედის უკუღმა გინებაც ხომ არ ბრალდებოდა სემინარიის პროგრამას!..

- ეკლესია "კრებას" ნიშნავს ბერძნულად, ის ქრისტიანთა საკრებულოს აღმნიშვნელია!

- ვაჰ, საყდარი ქართული სიტყვაა და საყუდარს, დასაყუდებელს, ქრისტიანთა სალოცავ ადგილს ნიშნავს! რით ეწინააღმდგება ის ქრისტიანულ მცნებებს?! აღარ ვიხმაროთ ეს ქართული სიტყვა, დავივიწყოთ?! არ ფიქრობთ სწორად! გირჩევთ, დატოვოთ "ჯვარი" და საერთოდ ერიდოთ "ჯვრებთან" მიახლოებას.

- "ჯვარს" რის გამო ეძახით? იქ ჯვარი არ გვინახავს, უბრალო ნიშია, სანთლის ასანთები, ასეთი ნიშები ქართლში, ჩემს სოფელში, ცხრა დგას!

- დაილოცოს ქართლის ჯვრები! "ნიში" არ არის ქართული სიტყვა, სომხურიდან უნდა იყოს შემოსული და ქართულად "ჯვარს" ნიშნავს. მთაში "ჯვარს" ვეძახით იმიტომ, რომ ყველა წმინდა ადგილზე, ბარშიც და მთაშიც, პირველი ქრისტიანები ჯვარს აღმართავდნენ ხოლმე. თქვენ ნიშს ეძახით და იმავე შინაარსის სიტყვას გულისხმობთ. არაგველები ძველებურად ჯვარს ეძახიან, რას აშავებს ამით მთიელი?! ის მაინც ხომ იცით, რომ სამრეკლოსთან მიკარება არ შეიძლება! ვინ რეკავდა ზარს?!

- სად არის აქ სამრეკლო? რაღაც პატარა შენობაში დაუკიდიათ ზარი!

- ეგ არის საზარე კოშკი!.. მასეთი იყო ქართველთა უძველესი სამრეკლოები! თქვენ გგონიათ სვეტიცხოვლის, ალავერდის, გელათის სამრეკლოები ტაძრების თანამედროვეა?! ერთს თუ მაინც დაასახელებთ მაგ ეპოქის მასეთი სიმაღლის სამრეკლოს?! ნუ უყურებთ ყველაფერს ასეთი ირონიით! არ იმსახურებენ არაგველები ამას!

- "ჯვარში" რომ ქალებს არ უშვებთ, ეგეც ქრისტიანულია?!

- ვინ თქვა, რომ "ჯვარში" ქალებს არ უშვებენ?! როგორც ტაძარში შედის ქალი, ასევე შეიძლება "ჯვარშიც" შესვლა. ეკლესიის საკურთხეველში შედის მანდილოსანი?! "ჯვარი" ღია ეკლესიაა და როგორც ჩვეულებრივ ტაძარში, აქაც არის საზღვარი, რომელსაც ვერ გადალახავს ქალი და ის მამაკაცი, რომელიც ღვთისმასახურებაში არ მონაწილეობს. "ჯვარიც" ეკლესიის მსგავსად რამდენიმე მიწად იყოფა. ხატში მისული ჯვარიონი შედის "ჯვრის" ტერიტორიაზე და დგება ხატის კარზე, ისევე როგორც, ეკლესიაში და იქ ის ღირსეულად უნდა მოიქცეს. ხატის კარი წმინდა მიწაა და იქ მისვლამდე ქალიც და მამაკაციც წინასწარ წმინდობს, ემზადება, რათა თავისი უწმინდურობით არ წაბილწოს "ჯვარი". ხატის კარზე დედათა წესზე მყოფი ქალი არ მივა. ხატის კარზე მყოფი ადამიანი უკვე "ჯვრის" ტერიტორიაზეა, ის ტაძარში დგას! "ჯვარში" არის "მიწა," სადაც ქალი ვეღარ მივა და მხოლოდ კაცს აქვს ამისი უფლება. ასეა ტაძარშიც - ქალი ამბიონს სიცოცხლეში მხოლოდ ორჯერ, ნათლობისა და ჯვრისწერის დროს, მიეახლება. "ჯვარში"ტაძრის მსგავსად არის მესამე "მიწა," სადაც მხოლოდ ღვთისმსახური და ხევისბერი შედის, იქ სხვა მამაკაცი მხოლოდ მათი ნებართვით შევა. ეს არის ადგილი, სადაც აღევლინება მსახურება, ეს ღია ტაძრის საკურთხველია. გასაგებია, რომ ბარის სალოცავებშიც ბევრს უჩნდება საკურთხველში შევარდნის სურვილი, მაგრამ ასეთი ქცევით დავანგრევთ ჩვენს რწმენასა და წავბილწავთ წმინდა ადგილებს. დღეს საბერძნეთსაც ედავებიან ათეისტები, რომ დაუშვას ათონის მთაზე ქალები, მაგრამ ამ უძველეს ტრადიციას დღემდე იცავს ეს ქვეყანა. ისევე როგორც ათონის მთაზეა, ჩვენს მთასაც აქვს წმინდა ადგილები, რომელიც ხშირად სცილდება უშუალოდ "ჯვრის ტერიტორიას," მაგრამ მაინც წარმოადგენს ჯვრის მფარველობაში მყოფ მიწას და მასზე შესვლა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება. ასეთ ადგილების თავისი დანიშნულება და სახელი აქვთ: "ხატის ყანა," " ხატის ტყე," " ხატის ბეღელი," " ხატის მარანი," " ხატის სალუდე"... ასეთი ადგილებისაკენ მიმავალი ბილიკებიც კი მთიელისათვის წმინდაა. ამიტომ საარაგვოს სტუმარი ვალდებულია, დაიცვას მთიელთა მიერ ათასწლეულების განმავლობაში შენახული ადგილების სიწმინდე.

- ხევისბერიც წმინდაა? ვინ აკურთხა მღვდლად? ეგეც ქრისტიანული ტრადიციაა?!

- ხევისბერი არავის უკურთხებია მღვდლად! ის არ არის ღვთისმსახური. ის არ ასრულებს საეკლესიო საიდუმლოებებს. ის არის თემისა და ჯვრის სამსახურად ხატის მიერ დაძახებული საერო პირი. ჩვეულებრივ ადამიანზე ათჯერ მეტს ითხოვს მისგან ხატი და თემი. ის ვერ დააგროვებს სიმდიდრეს! ის მუდმივი მარხვითა და ხშირი განმარტოებით წმინდობს. ის დააკლდება ოჯახს, მაგრამ ვერ დააკლდება სათემო სამსახურს. ძველ დროში მეფისა და ღვთისმსახურის გვერდით იდგა და მათთან ერთად ეწეოდა სამამულო უღელს თავისუფალი თემების წინამძღოლი ხევისბერი. თქვენ რა არ მოგწონთ ხევისბერში? თქვენ ფიქრობთ, რომ სჯობდა მებატონის უღელი დაედგათ მთის თემებს?! ხევისბერი მიუძღოდა ხატის დროშით არაგველთა ლაშქარს, მათმა თავდადებამ შეგვინახა ეს მიწა. მათ უნდა ვუმადლოდეთ, რომ საარაგვოში ათასწლეულების წინ გავლებული ქართული სახელმწიფოს საზღვარი ერთი გოჯითაც არ დახეულა უკან. დღეს მშვიდობიან დროსაც კი მძიმეა ნამდვილი ხევისბერის ჯვრის ტარება, ამიტომ ყველა მოწოდებული არ მიდის ხატის სამსახურში, რის გამოც მრავალი ხატი დარჩა ხუცეს-ხევისბერების გარეშე. დღეს ხევისბერი იცავს წმინდა ადგილებს, პატრონობს სალოცავის თას-განძს. ხევისბერი საერო პირია! ხევისბერის მიერ წარმოთქმული ლოცვა არის ღვთისა და მამულის სადიდებელი! ეს არის ქრისტეს მხედრების დალოცვა. ვისაც არ გსიამოვნებთ სადიდებლის მოსმენა, ნუ მიიღებთ მონაწილეობას ხატობაში.

ისევ ღიმილმა გადაუარა ქალაქელთა ლაშქარს და ჩვენც აღარ გავაგრძელეთ ახსნა - განმარტებები. არ გვინდოდა ასე "შეხლა - შემოხლით" დავშორებულიყავით და მანქანიდან ღვინო ამოვიღეთ.

- თითო ჭიქით დავილოცოთ! - ჭიქები მივაწოდეთ "ქალაქელებს". ხახმატის ერთგული ყმები ვახსენეთ...

- დიდება იყოს იმათი, ვინც ქრისტეს რჯულისთვის დაიხარჯა! ვინც ხეობას ჩაჰყვა ხახმატის ჯვრის დროშით და ვეღარ დაბრუნდა! ვინც დაილია საქართველოსთვის! - ჭიქა წავუქციეთ და დავილოცეთ ყველა.

"სტიქაროსანი" ისევ შარზეა:

- სხვათა შორის, მიცვალებულთა მოხსენებისას არც ღვინის დაღვრაა სწორი!

- ვინ გითხრათ?!

- მოძღვარმა!
- არა უშავს, მოძღვარიც ადამიანია და შეიძლება ქართული სუფრის ყველა რიტუალის სიმბოლური მნიშვნელობა არ იცოდეს!.. ღვინო არის ქრისტეს სისხლი! ქრისტეს ჯვარცმისას ადამის მოდგმის საცხონებლად უფლის სისხლი ეპკურებოდა ადამის საფლავს. ამიტომ ქართველი როცა ცხონებას იტყვის, ჭიქას წაუქცევს მიცვალებულთა სულებს, რათა, როგორც ჯვრიდან, ისე დააპკუროს წინაპართა ძვლებს ქრისტეს სისხლი. ამით იხსენებს, თუ როგორ ეცვა ქრისტე ჯვარს ჩვენი სულების საცხონებლად! პურს ჩავაწობთ ღვინოში და შევჭამთ, იმიტომ, რომ ასე დააწესა ქრისტე ღმერთმა. ვინც არ ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ვერ ცხონდება. ქართველი სუფრასთან იმეორებს იმ წესს, რაც პირველად თვით უფალმა შეასრულა.

ხმა აღარავის ამოუღია, მაგრამ მაინც გული დაგვწყდა. ხელი ჩამოგვართვეს და ბოდიში მოიხადეს მხოლოდ იმათ, ვინც არც გვედავებოდა. უმრავლესობამ კი მაინც უკმაყოფილო სახით დატოვა ხახმატის ჯვარის კარი.

ხახმატის ჯვრის მსგავსად პირიქითში განსაკუთრებით ცუდ დღეშია მუცო. კლდეებზე აღმართული ეს საოცარი ციხე - სოფელი გამორჩეულად იქცევს ტურისტების ყურადღებას. ამიტომ მრავალგვარი ინტერესის მქონე ადამიანები ცდილობენ მის "დაპყრობას". ვისაც სიმაღლეების დალაშქვრა და ზემოდან გადმოხედვა უყვარს, ვისაც წმინდა ადგილები იზიდავს, ვისაც აინტერესებს მუცოელთა გამორჩეული მხედრის თორღვას ციხის ნახვა და ბოლოს, ვისაც მთის კურორტებზე უყვარს გარუჯვა - ასეთი განსხვავებული ინტერესის მქონე ადამიანები ერთად იყრიან თავს მუცოს უწმინდეს ადგილას, მუცოს ჯვარში. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა ნახევრად შიშველია!.. (!!!) და მერე იქ იწყება დაუსრულებელი "ფოტოსესია". არადა, მუცოს ხატის მიწა და ჯვარში მოქცეული ნაგებობები - ხატი, თორღვას ციხე, თორღვას საბჭეო სკამი საბჭეო მოედნით უწმინდესი ადგილია ხევსურებისთვის. ამ ადგილას საუკუნეების განმავლობაში არ დაუდგამს ფეხი ხევსურ ქალს, მამაკაცებიც კი უდიდესი მოწიწებით განსაკუთრებულ შემთხვევაში მიდიან. ბარიდან ასულ მოლაშქრეებს კი თუ ვინმემ შენიშვა მისცა, ზემოთ აღწერილი "ხახმატელი ჯვარიონის" სიტყვა-პასუხი მოსაგონი ხდება! მუცოს ჯვარის "სტუმრების" წყალობით საუკუნებიის განმავლობაში შეწირული ნივთებიდან აღარ დარჩა არაფერი ფასეული. ჯიხვისა და ირმის რქებიც კი გაზიდეს!.. ახლა სამახსოვროდ სიპი ქვები მიაქვთ. ამას წინათ მუცოელი კაცი მიყვებოდა: "ციხებიდან ჩამომავალ ორ მამაკაცს ქვები ჰქონდათ იღლიაში ამოჩრილი და შენიშვნა რომ მივეცი, აქეთ შემომიტიეს,- ეგ არის თქვენი ხევსურობა და სტუმართმოყვარეობა, ქვები გენანებათ სტუმრებისთვისო?!

გარდა ქრისტიანული სიწმინდისა, ეს ადგილი მეორე მნიშვნელოვანი შინაარსის მატარებელიცაა; თორღვა ასეთი მაშტაბის ერთადერთი მეომარია, ვისი სამყოფიც ასე "ცოცხლად" გადაურჩა ჟამთასვლას. საქართველოში ასე სრულად შემორჩენილი არცერთი მეომრის საბრძოლო კომპლექსი არ არსებობს. თორღვას შესახებ ძალიან ბევრს და მრავალგვარ ამბებს ჰყვებიან ანდრეზები, ზოგიერთ სასწაულებრივსაც, მაგრამ ორი სიტყვით რომ ვთქვათ, თორღვა მუცოელ ქალს ბაგრატიონთა მოდგმის კაცისგან გაუჩენია. ის"ნაწილიანი" ანუ ბეჭებზე ჯვრის გამოსახულებით დაბადებულა. ჯვრის გარდა უფლისა და ღვთისმშობლის მფარველობის სიმბოლოდ მზე და მთვარეც ეხატა ბეჭებზე. მისი დაბადება უდიდესი განსაცდელის ჟამს დაემთხვა. ქვეყანას გამორჩეული მეომარი სჭირდებოდა და მასაც მტრის სამუქაროდ სისხლიანი მარჯვენა დაჰყოლია დედის მუცლიდან. ღვთისგან რჩეულ, "ნაწილიან"ხევსურს არ დაჰკლებია უფლის მფარველობა და გამარჯვება, სანამ გამორჩეულობამ ამპარტავნება არ შეჰყარა და დაღუპა. თორღვამ საოცარი სახელი დატოვა მთელს კავკასიაში. მისი მხედრობის ჟამს ვერავინ ბედავდა მთის სოფლების ძარცვა - რბევასა და ხალხის გატაცებას. მან თავის ერთგულ მხედრებთან ერთად დაბეგრა საარაგვოს ყველა ის სოფელი, რომელიც საკუთარი ხმლიანი ყმების იმედად ვერ ახერხებდა თავის დაცვას. თორღვა თვითონ იცავდა ასეთ სოფლებს და თან დამამცირებელ ბეგარას ადებდა. თორღვამ შეუკრა ყველა გზა და ბილიკი მტრის მარბიელ ჯარებს. მისი მხედრების შიშით ვეღარავინ ბედავდა დაერღვია საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი. სასწაულია, რომ დღეს თითქმის დაუზიანებლად დგას თორღვას ციხე-სახლი, ასევე შემორჩენილია მისი საბრძოლო კოშკი, ციხის წინ მდებარე პატარა მოდენაზე ჟამთასვლას გადაურჩა თორღვას საბჭეო სკამი პატარა მოედნით, სადაც მასთან ერთად სხდებოდნენ ხევსურთა ნარჩევი მეომრები. ამ საბჭეოზე მიღებული გადაწყვეტილებით ხევსურთა ნარჩევ ვაჟებს არაერთი განსაცდელისგან გადაურჩენიათ ქვეყანა. ისედაც მუდამ საომრად შემართული ფხოვის მიწა გაუტეხელ ციხედ აქცია თორღვამ. ხმალი და დაუღალავი მარჯვენა იყო მისი სიმდიდრე. ამიტომ ფრიალო კლდეზე მდგარი მისი ციხე-სახლი ყველაზე პატარაა მუცოს ციხეებს შორის. მისი საბრძოლო კოშკიც სოფლის ციხეებისგან მოშორებით ფრიალო კლდიდან პირველი ეგებებოდა ხეობას ამოყოლილ მტერს. სამი მხრიდან კომპლექსს ფრიალო კლდეები იცავს, ერთ მხარეს კი საბჭეო მოედანს ხატის კარი საზღვრავს. ხატის კარზე ყველას შეუძლია მისვლა, ქალსაც და კაცსაც, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, როგორც ზემოთ ვთქვი, ტურისტი ზედ უვლის ხატის კარს, შედის "ჯვარში" და პირველ სურათს სწორედ თორღვას საბჭეო სკამზე იღებს! დღეს მუცოს ჯვარი ხატის ტერიტორიაზე მყოფი თორღვას ციხითურთ არის ყველაზე გათელილი ადგილია მთელ ფშავ-ხევსურეთში. დიდი სადარდებელი გასჩენიათ ფხოველებს, როგორ დაიცვან შიშველი გოგო-ბიჭებისაგან საუკუნეების განმავლობაში წმინდად შენახული წინაპრის ნალოცი ადგილები. როგორ აუხსნას მთიელმა კაცმა ამ ადამიანებს, რას ნიშნავს მისთვის ლაშარი, გუდანი, ხახმატი, ბროლის კალო, ირემთ კალო?.. ტრადიციებს მოწყვეტილი ქართველობის ეს უცნაური ნაწილი ორი სამყაროს შუაა გამოკიდებული, - მათ დაკარგეს წარსული, მაგრამ ვერც ახალი აღმოაჩინეს. უნდათ, რომ ქართველები და ქრისტიანები ერქვათ, მაგრამ ქართველობისა და ქრისტიანობის საკუთარ თავსა და დრო-ჟამზე მორგებას ცდილობენ. დღეს, ჩვენდა საუბედუროდ, ასეთ ქართველებს თავისი გააქვთ და მათ შემოტევას ვერც მოქმედი ეკლესიები უძლებენ. ეს ადამიანები მთის სალოცავებში ასე დიდგულად და თამამად იმიტომ იქცევიან, რომ ბარში უკვე გაიტანეს თავისი. უბრალო დღეებში თუ მოძღვარი მეტ - ნაკლებად ახერხებს, აიძულოს ვნებიანად ჩაცმული "მრევლი" შეიმოსოს, "საქორწინო დღეებში" ეს შეუძლებელი ხდება! სარესტორნედ შემოსილი "მინი კაბებითა" და "გულახდილ" ბლუზებსა თუ კოფთებში გამოწყობილ მექორწინეთა ლაშქარი ისეთ იერიშს მიიტანს ხოლმე სვეტიცხოველზე, ჯვარსა თუ სამებაზე, რომ ყიზილბაშობის დრო მოენატრება ქრისტიან კაცს. ძველებმა ის მაინც იცოდნენ, მტერს როგორ დახვედროდნენ!.. ამათ რით უნდა დახვდე? რა უნდა შეაგებო?! თითქოს მასხრად იგდებენო წმინდა ადგილს,- ეკლესიის კარიბჭეში ქალები ნათხოვარ მანდილს თავზე წამოიფარებენ და შიშველ მუხლებს ვინღა ჩივის, სახელის გარდა კაბასთან აღარაფერი აქვს საერთო ქვედა ჩასაცმელს. წელს ზედა სამოსი ხომ ყველას ისეთი ამოღებული აცვია, ქალისკენ ვეღარ იხედება ღვთისმსახური!.. (!) ბარის სალოცავში თუ მოკლე კაბით მაინც მიდის ტურისტი,"მთის მოყვარულ," თითქმის ბოლომდე გაშიშვლებულ ქალებს გაუგებარი სახელწოდების საცვლები აცვიათ, რომელიც ფეხს საერთოდ არ ფარავს, თუმცა რატომღაც მაინც "შარვალს" ეძახიან. ქალების ზედა ჩასაცმელი, როგორც "წესი," მკერდს, წელს და მუცელს არ ფარავს, დანარჩენი კი მათი ფიქრით, არც არის საჭირო, რომ ჩანდეს, რადგან კაცის თვალისთვის ნაკლებად საინტერესოა. მამაკაცის ქვედა ჩასაცმელი ქალის მსგავსია, მხოლოდ ის ქალისაზე ოდნავ გრძელია, დაახლოებით ისეთი, 60 - იანი წლების თაობას შარვლის შიგნიდან რომ ეცვა. ოღონდ თუ "ძველები" ძირითადად, შავი ფერის საცვლებს ხმარობდნენ, ჩვენი თაობის კაცები ყვავილებიან ან ფერად-ფერადს უფრო იხდენენ და ასე დადიან უშარვლოდ. ზედა სამოსი მამაკაცს, როგორ "წესი," გახდილი აქვს და ხელით დააქვს ან კისერზე აქვს შემოხვეული. ფეხზე "შლოპანცები"აცვია ორივე სქესის წარმომადგენელს. აი, ასე "შემოსილი" ქართველობა შესევია მთის წმინდა ადგილებს და მთიელთა მხრიდან წმინდა ადგილების დაცვის მცდელობა, როგორც წესი, კონფლიქტით მთავრდება. კამათის წამომწყებნი ხშირ შემთხვევაში არის ტურისტი ქალების ის ნაწილი, რომელიც არ ცხოვრობს ეკლესიურად, შეეხება არ აქვთ ქართულ სოფელთან, არ არის ააღზრდილი ტრადიცულ ოჯახში, "ძალიან განათლებულია" და ასე შემდეგ... ისინი ხშირ შემთხვევაში ცდილობენ, "რა გჭირთ, რომელი საუკუნეას?!" შეძახილით "სიბნელიდან" გამოიყვანონ "გონებაშეზღუდული"მთიელები!

(!)

არის მთის სტუმრების მეორე ნაწილი, რომელიც პირიქით, ეკლესიურად ცხოვრობს, გახდილებსა და სალოცავებზე აბღოტებულებს ვერ ნახავთ, მაგრამ იმის გამო, რომ მთის სალოცავების შესახებ წარმოდგენა ათეისტ მეცნიერთა ნაშრომებით აქვთ შექმნილი, დიდ მოკრძალებას არ გამოხატავენ მთიელთა სალოცავების მიმართ. ახლა თუ ისიც აღმოაჩინეს, რომ მთიელი წმინდა გიორგისთან ერთად გმირ კოპალასა და ლაღი იახსარის საგმირო საქმეებს ახსენებს და ამ დროს არაფერი იცის სერაფიმ საროველის ღვაწლის შესახებ, თავში იცემენ ხელს! იმას კი ვერ ხვდებიან, რომ წმ. სერაფიმ საროველის ღვაწლის შესწავლის პარალელურად კარგი იქნებოდა, თუკი ეცოდინებოდათ, თუ ვის "აბრალებს"წმ. ნინოსთან ერთად ქრისტეს რჯულზე მთის მოქცევას მთიელი კაცი. რატომ აღმოჩნდა მათი რწმენა ასეთი მტკიცე და რატომ ვერასდროს ვერანაირმა მტერმა ვერ გადაახვევინა მათ მამა-პაპისეული რჯულიდან? რატომ ვერ შეძლო მტერმა ხელში ჩაეგდო მთიელთა მიერ ნალოცი ვერცერთი ადგილი?! რატომ ვერ ტეხდა ამ სალოცავების წინაშე დადებულ ფიცს თბილისისა და მცხეთის გადასარჩენად მთიდან დაშვებული არაგველთა ლაშქარი?! ეს კითხვაც დაგვისვამს მათთვის და პასუხი ყოველთვის ერთია: "აუ, აქ ისეთი მთებია, ვინ მოვიდოდა?!" (!!!) - მათ არც კი იციან, რომ საარაგვოდან თითქმის აზოვის ზღვამდე ყველა ჩვენი მეზობელი მთიელი მოსულია და მათ ჩაანაცვლეს ადგილობრივი მთიელები, რომელთაც ვერ უშველა უფრო მაღალმა მთამ და ჩაკეტილმა ხეობებმა. ვერ გაუძლეს და მიატოვეს წინაპრის ძვლები და სალოცავები. არა და, იქ უფრო მოუწესრიგებელი მტერი უტევდათ! ამ ხალხს საბჭოთა პერიოდში გამოცემული წიგნებით უსწავლიათ საქართველოს ისტორია და არ იციან, როგორ გადაარჩინეს ტყვედ ჩავარდნას არაგველებმა მათი საფიცარი, უკანასკნელი დიდი მეფე საქართველოსი ერეკლე II და ბორკილდადებული მიჰგვარეს მას ქართველთა მეფის დასაჭერად წამოსული აღა-მაჰმად-ხანის მხედრები, როგორ იძიეს შური ქართლ-კახეთის ძირიანად ამომგდები შაჰ-აბასის ლაშქარზე და არაგვის ხეობაში შემოჭრილი სპარსელთა უზარმაზარი არმიიდან ამბის მიმტანიც არ გაუშვეს! როგორ გაწმინდეს გაჟლეტილი ქართული სოფლების ადგილზე ჩაბუდებული თათრისგან უქართველებოდ დარჩენილი ბარი. არაგველები სწორედ გუდანის, ხახმატის, ლაშარის, ლომისის წინაშე იფიცებდნენ და მიდიოდნენ საქართველოს გადასარჩენად, დღეს კი მათ უღმერთო ადამიანებმა დროშები დაუჭრეს და უნდათ, რომ შიშველი გოგო-ბიჭების გასარუჯ ადგილად აქციონ მთიელთა საფიცარი ხატის კარი! იქ, სადაც შორიდან დანახვის გამოც კი მუხლზე ეცემა მთიელი კაცი, ესენი ზედ ეფხოტებიან უკანასკნელ მოდაზე ცხრა ადგილას გამოგლეჯილი შარვლებითა თუ საერთოდ გახდილები. მათ ნადიდებ სალოცავებს წარმართულს ეძახიან და კერპებად ნათლავენ ქრისტეს რჯულის დამკვიდრებისთვის დახარჯულ ღვთიშვილებს. მარტო საარაგვოს საფიქრალი არ არის ეს უბედურება, მხოლოდ ეკლესია ვერ გაუმკლავდება და ვერ დაიცავს საკუთარ სიწმინდეებს შიშველი გოგო-ბიჭებისგან. ის თითოეულ ტაძართან კარისკაცს ვერ დააყენებს და ვერც დაცლილი მთის სოფლები აივსება უკან დაბრუნებული მთიელებით. სამოცდაათწლიანმა უღმერთო ეპოქამ რა მოგვიტანა, ეს თითოეულმა ქართველმა უნდა გაიაზროს და ისიც გაისიგრძეგანოს, თუ რას მოგვიტანს იმ ეპოქაში აღზრდილ ქართველებს ჩვენი წმინდა ადგილების მიმართ ასეთი დამოკიდებულება.

ნუკრი მჭედლიშვილი
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)