ნასოფლარები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში

საქართველოს ზოგადი და მსოფლიოს სამხედრო ისტორია
User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

ნასოფლარები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში

Postby დავითაუ წიკლაური » 24 May 2012 19:23

1951 წელს, საბჭოთა ეპოქაში მოხდა ხევსურეთის სრული გასახლება, მოსახლეობა პირწმინდად აყარეს საკუთარი საცხოვრებლებიდან და ბარში ჩამოასახლეს... მათგან ზოგმა მოახერხა უკან, ხევსურეთს დაბრუნება, უმრავლესობა კი ბარად დარჩა!
ხევსურეთი კავკასიონის მთავარი ქედით გაყოფილია პირიქით და პირაქეთ ხევსურეთად. პირიქითი ხევსურეთი ტერიტორიალურად აღემატება პირაქეთს. მთლიანად ისტორიული ხევსურეთი 1050 კვ. კმ-ს შეადგენს. პირიქითი ხევსურეთი სამი მდინარის აუზის სათავეებშია განლაგებული და შეიცავს დაახ. 565 კვ კმ-ს. პირაქეთი კი – 428 კვ კმ-ს. პირიქით ხევსურეთი ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონის შემადგენლობაშია. მოსახლეობის სიმჭიდროვით პირაქეთი ხევსურეთი ყოველთვის ჭარბობდა პირიქითს. 1873 წლის აღწერით მთლიანი ხევსურეთის მოსახლეობა 4872 სულს შეადგენდა. 1926 წ. პირაქეთა ხევსურეთში იყო 536 კომლი, 2202 სულით. პირიქითაში – 407 კომლი, 1683 სულით. 1926 წ. მონაცემებით შატილის თემში, რომელშიც შედიოდა მუცო-არხოტ-ხახაბოს ანუ მიღმახევის მოსახლეობაც, იყო 232 კომლი, 1057 სულით. არხოტის თემში 179 კომლი, 626 სულით (დღეისათვის მთელ ხევსურეთში 132 კომლია, 600-მდე სულით). მოსახლეობის მკვეთრი შემცირების შედეგად ძველ ნასოფლარებს მრავლად დაემატა ახალი ნასოფლარებიც.
ამ თემას მივუძღვნით ნასოფლარების შესახებ ინფორმაციების შეკრებას...
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 25 May 2012 10:28

30-იანი წლებია ... ხევსურების ყოფაცხოვრება ...



GEORGIA (Khevsureti)



Image

ქალები თმებს ძრიხის შარდით იღებავდნენ ... :)

Image
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: ნასოფლარები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში

Postby დავითაუ წიკლაური » 25 May 2012 19:44

ანატორის ნასოფლარი და აკლდამები

(XI-XV სს)


კომპლექსში შემავალი ძეგლები

I. ბანურსახურავიანი ნაგებობები
II. ოთკუთხა ნაგებობა
III. სამაროვანი
IV. აკლდამა
V. მარიამწმიდის ეკლესია


მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია

სავარაუდოდ, ანატორში პირიქითა ხევსურეთის ერთ–ერთი პირველი ეკლესია აშენდა.


ადგილმდებარეობა

სოფელი მდებარეობს საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ხევსურეთში (პირიქითა), მდინარე არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან, შატილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კილომეტრში.


ისტორიული მიმოხილვა

ლეგენდები და ზეპირსიტყვიერი გადმოცემები

შატილიდან ჩრდილო-დასავლეთით ორ კილომეტრზე, ანატორელთა ნასოფლარშიც (ნანგრევებში), მიკვლეულ იქნა ოვალური წისქვილის ქვების ათეულობით ნატეხი. ნასოფლარის პირდაპირ არღუნის მარჯვენა მხარეს, არის ე.წ. „რჯულიან-ურჯულოთ სალოცავი", ანატორისჯვარი, მთავარანგელოზი. ამ სალოცავში XIX საუკუნის ბოლომდე არაქრისტიანებიც ლოცულობდნენ, რომელთაგან მოტანილ იფქლის ერთ ხმიადს ხუცესთა აზრით, თურმე ქრისტიანთა საზღვნელად მოყვანილ ერთ მოზვერზე დიდად აფასებდა ანატორისჯვარი. ეტყობა, იქვე მდგომ მარიამწმიდის ეკლესიაში (IX-X სს), წარმართ ანატორელებსა და შატილელებს მოაქცევდნენ (მონათლავდნენ) ქრისტიანებად. მთლად უკაცრიელ ადგილას სოფელი არ დაარსდებოდა ამიტომ შატილიც დაახლოებით ამ დროს უნდა დაარსებულიყო. ანატორი იმითაც არის საინტერესო, რომ აქ ორი ხეობის გზაჯვარედინია. აქ თავს იყრის ჩეჩენ-ინგუშეთიდან, დაღესტნიდან, თუშეთიდან, ქართლ-კახეთიდან მომავალი გზები. XVIII საუკუნეში ამოწყდა ზემოთ ნახსენები სოფელი. ისე, რომ ერთი ადამიანიც არ გავიდა მეზობელ სოფლებში. რაღაც ინფექცია, აქაურად „ჟამი", მოედო სოფელს და რაკი დამმარხავი და აკლდამამდე მიმყვანი (მიმტანი) აღარავინ რჩებოდა, ავადმყოფი ანატორლები თავისი ფეხით მიდიოდნენ აკლდამაში. ადრე გარდაცვლილებს საწოლი თაროებიდან ძირს გადმოაგდებდნენ და ახლა მშიერ მწყურვალნი (ბინ იცის, რამდენ ხანს) თვითონ ელოდნენ სიკვდილს. ასეთი თვითდამარხვა კაცობრიობისთვის ალბათ უცნობია და ისტორიკოსებისა და ეთნოგრაფების სათანადო შესწავლასა და შეფასებას ელოდება. ეს აკლდამური დაკრძალვის წესი შატილში გვიანობამდე (XX ს-მდე) შემორჩა.
ხევსურეთში უმეტესად გვაროვნული სოფლები იყო. ერთ სოფელში ერთი გვარის ოჯახები ცხოვრობდა. გვარის შიგნით სოფელში ქორწინება იკრძალებოდა. ასეთი სოფელი გახლდათ შატილიც. აქ ანტორელების გარდა ყველა ჭინჭარაული იყო, ამიტომ ქორწინება მხოლოდ ანატორელებსა და დანარჩენ შატილელებს შორის ხდებოდა. გვარის (სისხლის) აღრევა მოკვეთით მთავრდებოდა, რაც ყველაზე მძიმე სასჯელად ითვლებოდა. შატილელ ჭინჭარაულებს რძლები უმეტესად სხვა გვარებიდან (სხვა თემ -სოფლებიდან) მოჰყავდათ და ქალებსაც იქ ათხოვბდნენ.
ანატორელები XX საუკუნის პირველ მეოთხედში ჭინჭარაულებად (ჯინჭარაულებად) ეწერებოდნენ, მოგვიანებით და ახლაც - სისაურებად. აღმოსავლეთ საქართველოს, რეგიონებში დასახლებული სისაურები შატილიდან, ანატორიდან წასულები უნდა იყვნენ. პირაქეთი ხევსურეთის ლიკოქის ხეობაში მოსახლე ლიკოქელები თავს ანატორელების ჩამომავლებად თვლიან.
გადმოცემით ანატორის ჯვარი ალავერდიდან გადმოფენილა ანატორში. ამ ხატის მკადრე ბევრი ყოფილა, რომელსაც ეს ხატი სიწმინდით ვერ შეუნახავს; ამიტომ ხატი აქედან მოთხოში გადაფრენილა. მითხოში ერთ მჭედელს ამ ხატის დაბმა განუზრახავს და მასზე ოქროს ლურსმანი დაუკრავს. ამაზე ეს ხატი გაჯავრებულა, ჟამი გაჩენილა და ანატორელები ამოუხოციაო. ანატორში დღესაც დაცულია ამ ხატის საბრძანისი ნიში და ხატის ტყე. ხატობა იციან ამაღლებას და მახვეწარი ანატორის ჯვარს ღმერთთან შუამდგომლობასა და დახმარებას შესთხოვს.
ანტორის ჯვარი - შატილის თემის საერთო სალოცავი იყო, რომელიც თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. ანტორის ჯვრის შესახებ არის ლეგენდა: ერთ კაცს ჯვრისთვის ისარი უსვრია, ჯვარს თემი დაუსჯია და 60 მამაკაცი ავადმყოფობით მოუკლავს.


არქიტექტურული აღწერა

ნასოფლარი, არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს შატილიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარეების არღუნისა და მუცოსწყლის შესართავთან, კლდოვან მთაზე.
I. ნასოფლარის აღმოსავლეთ ნაწილში გამოვლინდა ტერასულად განლაგებული, ფიქლის ქვის მშრალი წყობით და ფიქლითა და ტალახით ნაგები XI-XV სს ბანურსახურავიანი ნაგებობები.
II. ადგილ ოჩიდალზე გაითხარა ოთკუთხა ნაგებობა, რომელშიც დიდი რაოდენობით აღმოჩნდა გარეულ ცხოველთა (ირმების, არჩვების) რქები. გარდა ამისა აღმოჩნდა ლითონის სამკაულებიც.
III. ნასოფლარის აღმოსავლეთით, ადგილ მეიდანზე, მდებარეობს XI-XV სს სამაროვანი. სამაროვანზე გაითხარა ნატეხი ქვით ნაგები და ქვიშაქვის ფილებით გადახურული მიწისქვეშა, ამოშენებულკედლებიანი საგვარეულო სამარხი, რომელშიც მხოლოდ მიცვალებულთა ძვლები აღმოჩნდა.
IV. სამაროვანთან ახლოს განვითარებულ შუა საუკუნეების რამდენიმე მიწისზედა და ნახევრად მიწისზედა აკლდამაა. გაითხარა ნახევრად მიწისზედა ორი კამაროვანი აკლდამა. აკლდამების შიგნით, კედლების გასწვრივ, მიცვალებულთა დასასვენებლად ორ ან სამ იარუსად ფიქლის თაროებია მოწყობილი. აკლდამის ისრული ფორმის კამარა იატაკის დონიდან იწყება და წვერწაკვეთილია. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ფიქლით. აკლდამებში დაკრძალული იყო რამდენიმე ათეული ადამიანი. ადრე დაკრძალულთა ძვლები იატაკზე და ქვედა იარუსის თაროებს ქვეშ იყო დაგროვილი. აღმოჩნდა ხის ჭურჭელი, სამკაულები, ისრისპირები, მონეტები და სხვა.
V. აკლდამების სამხრეთ-დასავლეთით მთის ციცაბო კალთაზე, დგას IX-X სს მარიამწმიდის ეკლესია. ამ ადგილს ტაბუ ადევს და გამოცხადებულია მკვრივად (შეუვალ ადგილად). ეკლესია დარბაზულია (8.4ხ4.50 მ), დასავლეთიდან გვიანდელი მინაშენი (7.2ხ5 მ) ეკვრის. ორივე ნაგებობა აგებულია ფიქლით. ეკლესიის გარეთა კუთხეების წყობაში გამოყენებულია შირიმის ქვის კვადრები. ძლიერ დაზიანებულია; ეკლესიის გადახურვა და კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია. მინაშენის კედლები 0.5-0.6 მ–ის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ეკლესიას შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან (ამოშენებულია) აქვს. აღმოსავლეთით ფართო მხრებით გამოყოფილი ოდნავ ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე სარკმლის კვალი შეიმჩნევა. დანარჩენი სარკმელების კვალი არ ჩანს. საფეხურით შემაღლებული საკურთხევლის იატაკი ფიქლითაა მოგებული. დარბაზის სამივე კედელს, მთელ სიგრძეზე, საფეხური გასდევს. საკურთხევლის წინ დგას კუბური ფორმის პოსტამენტი, რომელზედაც ჯვრის ბაზა იყო დადგმული. პოსტამენტში ქვეყნის მხარეების მიმართულებით თითო გამჭოლი ხვრელია მოწყობილი. დასავლეთ წახნაგს ხვრელის ფუძის დონეზე საფეხური გასდევს. სამხრეთ კედელთან აღმოჩნდა შირიმის ერთ ქვაში გამოკვეთილი ოთხწახნაგა სანათლავი. ზემოდან სანათლავის სამ გვერდს რელიეფური სარტყელი გასდევს, რომლის გასწვრივ წრიული ღრმულებია ამოკვეთილი. სანათლავის ოთხივე წიბოს მთელ სიმაღლეზე თითო ნახევარსვეტი ასდევს, ხოლო ერთ-ერთ წახნაგზე ამოკვეთილია მცირედ შეღრმავებული დეკორატიული თაღი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ეკლესიაში აღმოჩნდა VIII-IX სს-დან XII-XIV სს-მდე პერიოდის მასალა (მოუჭიქავი და მოჭიქული თიხის ჭურჭლის ნატეხები, სამაჯურები, სათითეები, მონეტები და სხვ.), რომელნიც ინახება აკც-ს დუშეთის არქოლოგიურ ბაზაში.

ImageImageImage

ფოტოების ზომას ვერ ვარეგულირებ... მი სქუზი :)
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 26 May 2012 09:57

მოდერს ვთხოვ ჩემს მიერ დადებული ის დიდი ფოტო: ან წაშალოს, ან აისის ჰოსტზე ატვირთოს

ძალიან გაწელა ფორუმი, არ მეგონა ამხელა თუ იყო ...
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)

User avatar
KAVKAZ
ფორუმელი
Posts: 151
Joined: 12 Feb 2011 19:35

Re: ნასოფლარები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში

Postby KAVKAZ » 02 Jun 2012 14:16

დავითაუ წიკლაური
შენ გეცოდიენა ლაშარობა როდისაა?

წინასწარ მადლობა :)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: ნასოფლარები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში

Postby დავითაუ წიკლაური » 02 Jun 2012 14:24

KAVKAZ

12 ივლისს იწყება და ერთი კვირა გრძელდება...
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
KAVKAZ
ფორუმელი
Posts: 151
Joined: 12 Feb 2011 19:35

Re: ნასოფლარები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში

Postby KAVKAZ » 03 Jun 2012 18:17

დავითაუ წიკლაური
ოკ მადლობა

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: ნასოფლარები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში

Postby დავითაუ წიკლაური » 13 Jun 2012 19:07

ეთნოლოგიური მასალის მიხედვით, არხოტის ხეობას, პირიქითს ან მთისიქითს არ უწოდებენ. მას არხოტის სახელით მოიხსენიებენ და იქაურებს არხოტიონს ან არხოტივნებს ეძახდნენ
არხოტის თემში გვარების სიჭრელით გამოირჩეოდა სოფელი ახიელი, სადაც ხუთი ძირითადი გვარი მოსახლეობდა: ოჩიაური, ნაროზაული, ცისკარაული, ბალიაური, ჯაბუშანური. დემოგრაფიული სურათი და გვარ-სახელთა მონაცემები სოფლებისა და ნასოფლარების მიხედვით უთუოდ გასათვალისწინებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ ხშირად სხვადასხვა წვრილწვრილი გვარების გაერთიანება სხვადასხვა გვართემთა შორის მიწაზე დავით იყო გამოწვეული.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გასული საუკუნის ბოლო ათწლეულებში ეთნოლოგიურ-არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ ზოგიერთ საკითხებში ახალი თვალსაზრისები წარმოშვა. ბოლო ათწლეულებში გამოვლინდა მეცნიერებისათვის მანამდე უცნობი ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლები. გუდანის ჯვარში მიკვლეულ იქნა XVIII საუკუნის მიწურულის გიორგი XII-ის მიერ გაცემულ სიგელები, რომელთა მეშვეობითაც დადასტურდა ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილი ზეპირი გადმოცემები. ასევე აღმოჩნდა გასული საუკუნის დასაწყისში ხევსურეთის თემთა შორის მიწა-წყლის გამო დავის შედეგად დადებული ხელშეკრულებები, რომლებიც სხვადასხვა თემ-სოფელთა და გვარების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ახალ თვალსაზრისთა წამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
ხევსურეთმა საქართველოს მთიანეთის სხვა კუთხეებთან შედარებით ისეთი ისტორიული ფაქტები და თქმულება-ლეგენდები შემოინახა, რომელთა შესახებაც წერილობით წყაროებში ან ძალიან სქემატურადაა საუბარი ან საერთოდ არაფერია ნათქვამი. მაგ. ვახტანგ გორგასალზე არსებობდა რამდენიმე თქმულება-გადმოცემა იმის შესახებ, რომ ვახტანგმა დალაშქრა ოსეთი, რომ ყვარის ხეობაში (მდ. იორის სათავე) არსებული მგელათ ციხე ვახტანგის აშენებულია და ა. შ. 1951 წ. ხევსურეთის მოსახლეობის პირწმინდად აყრისა და ბარად ჩამოსახლების გამო ბევრი რამ დაიკარგა. აკად. ა. შანიძის მიერ გასული საუკუნის 10-იან წლებში შეკრებილი და წიგნად გამოცემული ხევსურული პოეზიის ნიმუშები თავისი ვარიანტებით, შენიშვნებითა და კომენტარებით, დღეისათვის მნიშვნელოვან საისტორიო წყაროს წარმოადგენს. კრებულში წარმოდგენილი ტექსტების ზოგიერთი ნიმუში 200-300 წლის წინ უნდა იყოს შექმნილი. ასეთებად მიგვაჩნია ზურაბ არაგვის ერისთავის ხევსურეთში ლაშქრობის ამსახველი ტექსტები და სხვ. ამ ტექსტებში საუბარია იმ სოფლებზე და გვარებზე, რომლებიც დღეს ნასოფლარებია, ხოლო ის გვარები ხევსურეთში საერთოდ აღარ გვხვდება ან მათი ნაწილი ქართლ-კახეთშია მიმოფანტული. მაგ. გუდანში ვინმე კივკოზაურს (ზოგი ვარიანტით კინკოზაური, კავკაზაური), მარიამულებს უცხოვრიათ. ლიქოკის ხეობაში უცხოვრიათ: კვათიონებს, ლომოურებს, ბასილაურებს, როსტომაულებს. არხოტის მხარეში, ტანიის ხეობაში უცხოვრიათ: ბოსელაურს, გოგჩას. კოლოთანის ხეობაში, სადაც ბოლო ჟამს ქიბიშაურები ცხოვრობდნენ, ძველად ბოსელაურსა და ყაბიჯოურთა გვარი ჩანს. სოფ. ამღაში, სადაც ახლა ეს ტერიტორია ჯვარის მიერაა დაკავებული, ოშაყმათ ნამოსახლარებია. მთხრობელი ბეწინა წიკლაურის თქმით ვაშაყმაძეების გვარი აქედან იყო წარმომდგარი. კვირიწმინდაში უცხოვრია ბალახაურის ძეს, იგივე ბალახაურს, აგრეთვე გიგაურებს. გურო-შატილის ხეობაში მდებარე სოფ. გიორგიწმინდაში უცხოვრია ვინმე ხოშაქისტურას, რომელიც ლეკი ყოფილა. ციხე-სოფელ მუცოს განაგებდა თორღვა ძაგანი. ანატორთან მდებარე მარცხენა მხარეს სისაურების ნასოფლარია (ზოგი ვარიანტით წითელაურებისა).
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: ნასოფლარები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში

Postby დავითაუ წიკლაური » 13 Jun 2012 19:09

შატილის თემში XVIII საუკუნის მიწურულისათვის ორი ხეობა იყო გაერთიანებული: ლებაისკარ-გურო-შატილის (პირიქითა) და მუცო-ხონე-არდოტ-ანდაქის და ხახაბოსი. უკანასკნელს მიღმახევი ეწოდებოდა.
შატილის თემში სამი გვარი მოსახლეობდა: ჭინჭარაულები, გოგოჭურები და ჯალაბაურები. ჯალაბაურებს ანატორელთაც უწოდებდნენ, რადგან ანატორში მათ წინაპრებს უცხოვრიათ. ზოგიერთი გადმოცემით ანატორში სისაურები და წითელაურებიც მოსახლეობდნენ. მიღმახევში გვართა სიჭრელეა. მარტო ერთ სოფელში ხახაბოში ხუთი გვარის მოსახლეობაა: მამიაური, ხახიაური, ხოსიაური, მინდიკაური და ზვიადაური. პირაქეთი ხევსურეთის მოსახლეობა შემდეგი გვარებისაგან შედგებოდა: არაბული, ჭინჭარაული, გოგოჭური, წიკლაური, ლიქოკელი, ქისტაური, ალუდაური, ქერაული, გიგაური, ბურდული, ფიცხელაური და ანთაური. საერთოდ, პირიქით ხევსურეთში თერთმეტი გვარი მოსახლეობდა.
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: ნასოფლარები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში

Postby დავითაუ წიკლაური » 13 Jun 2012 19:10

პირიქითა ხევსურეთის სოფლებისა და ნასოფლარების საერთო მახასიათებელი ის არის, რომ საცხოვრებელი ნაგებობები ციხე-ქვიტკირების სახითაა წარმოდგენილი, რომელთა გადახურვა ბანური ან ორფერდიანი იყო. პირიქითა ხევსურეთის საბრძოლო კოშკების გადახურვა გარდა ჭიმღის ციხე-კოშკისა, არის პირამიდულ-საფეხურიანი ანუ სანაწვეთებიანი. ასეთი ციხე-კოშკები და ციხე-სახლები არა მარტო პირიქითა ხევსურეთისათვისაა დამახასიათებელი, არამედ ასეთივე კოშკები და ციხე-სახლებია მთელს ჩეჩნეთ-ინგუშეთში. თავდაცვითი ნაგებობის სიხშირე ისტორიულ ფხოვში, განპირობებული იყო მისი მონაპირე-სასაზღვრო მდებარეობით. პირიქით ხევსურეთში ისეთი ნამოსახლარებიც გვხვდება, სადაც კედლების ნაშთი აღარაა შემორჩენილი. ეს განსაკუთრებით ხშირია იმ ნასოფლარებში, რომელთა მახლობლად ჩნდებოდა ახალი დასახლებანი. ქვა, როგორც საშენი მასალა, ხევსურეთში ძნელად შესაგროვებელი იყო და ახალი სახლის მშენებლობისას ძველ ნამოსახლართა კედლებს ანგრევდნენ. ხშირი იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ფშავ-ხევსურეთში და მთიულეთ-გუდამაყარში ძველი ნასოფლარ-ნაციხრები ჯვარ-ხატების ან ავი სულებისაგან-დევებისგან დაკავებულად მიაჩნდათ და ამ ადგილებზე არა თუ ძველი კედლების ნგრევას, არამედ იქ ღამე გავლასაც ერიდებოდნენ. ზოგიერთი ძეგლის (ნამოსახლარი, ციხე-კოშკი) კედლები უზარმაზარი ლოდებითაა ნაშენი, მშრალად და ძალიან წააგავს სამცხე-ჯავახეთის ძეგლებს, რომლებსაც მეგალითებს ან ციკლოპურ ნაგებობებს უწოდებენ. პირიქით ხევსურეთში ამ სახის ძეგლად შეიძლება მივიჩნიოთ სოფ. გიორწმინდის ციხეგორის სამხრეთით დავაკებულ ადგილზე საშუალო სიდიდის ქვებისაგან გაკეთებული «ქვანაყარები» გალავნისნაირი სახე რომ აქვთ და საკმაოდ დიდ ფართობს რომ მოიცავენ. ამ ქვანაყარებს გარკვეული რეგულარული წყობა აქვთ და ასეთი მოსაზრებისაკენ მივყავართ. საყურადღებოა ისიც, რომ ამ ქვანაყარებიდან ჩრდილოეთით 400-ოდე მ-ის დაცილებით, ციხეგორის სამხრეთის ციცაბო ფერდობზე სამანქანო გზის გაჭრისას ნიადაგის ჩამორეცხვის შედეგად გამოვლინდა ადრეული ბრინჯაოს ხანის სამარხები, რომლებიც შეისწავლა ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული არქეოლოგიური და ეთნოლოგიური დაზვერვების შედეგად მეგალითური კულტურის ძეგლები გამოვლინდა ქსნის ხეობის სათავეში (ელოიანთ ნასოფლარი); მთიულეთში (დიდველზე და ხადის ხეობაში); გუდამაყარში, სოფ. გამსის ჩრდილო-დასავლეთით; ფშავში - უკანა ფშავის ციხეგორზე; ყაზბეგის რ-ნში, თერგის მარცხენა შენაკად ჩხერეს ხევში. რაც შეეხება სოფ. გიორწმინდის ციხეგორს, ის მდებარეობს გურო-შატილის წყლის მარცხენა ნაპირზე და წარმოადგენს კლდოვან კონცხს, სადაც შემორჩენილია გაურკვეველ ნაგებობათა ნაშთი. ამ ადგილზე ახლა შარის ყარაულის სალოცავია. აღნიშნულ ნაგებობათა ბოლოზე გადიოდა ხეობაში შატილისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა, რომელიც ალბათ, იქ მჯდომთაგან კონტროლდებოდა.
შარის ყარაულს მოსახლეობა გზა-მგზავრობაში დახმარებას ეხვეწებოდა. გადმოცემით ეს სალოცავი უზრუნველყოფდა ამ მონაკვეთზე გამვლელის კეთილ მგზავრობას. ზოგიერთი მთხრობელი აღნიშნავს, რომ გიორწმინდაში ოდესღაც თუშები ყოფილან და იმათი სალოცავი ციხე გორის ჯვარი იყო. აღნიშნულ ადგილზე, ნანგრევებთან აშენებულია დროშათ საბრძანებელი - მშრალად ნაგები ტიპიური კოშკი, რომელსაც კედელში ბრტყელი ფიქალის ქვა აქვს დატანებული. სიპი ქვა კედლიდან თაროსავითაა გამოწეული და სამი წრიული ნახვრეტი აქვს. ამ ნახვრეტებში დროშის ტარს ჩაარჭობდნენ ანუ დროშებს დააბრძანებდნენ. ჩვენ მსგავსი დროშათ საბრძანისი კოშკი ფშავ-ხევსურეთში არსად შეგვხვედრია. დროშებს კოშკზე მიაყუდებდნენ და მხოლოდ ერთ, «სამრისხველო» დროშას კოშკზე ზემოდან დააბრძანებდნენ. თუშთის სალოცავებში კი თითქმის ყველგან ასეთი დროშათ საბრძანებია გამართული. ციხე გორის ნანაგრევებში ვერ ხერხდება ნაგებობათა გეგმარების დადგენა. ციხე გორის მოპირდაპირე მხარეს ტყით დაფარულ ფერდობზე მდინარის მარჯვენა მხარეს ოთხკუთხა თავმორღვეული ციხე-კოშკია.
ტოპონიმ ციხეგორთან დაკავშირებით საინტერესოა, რომ ფშავ-ხევსურეთში ყველგან, გარდა ბლოს ციხე გორისა, ხატ-სალოცავებია და ყველა ციხეგორი სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენს, რომელიც აკონტროლებდა ხეობას და ადრეული ეპოქიდან უნდა მომდინარეობდეს. ამ თვალსაზრისით ბლოს ციხეგორიც ხეობის ჩამკეტია. უკანა ფშავის ციხეგორზე დღესაც შემორჩენილია უზარმაზარი ლოდებით შემოზღუდული პატარა ვაკე. ვაკეზე შეინიშნებოდა რაღაც ნაგებობათა ნაშთი. აკუშოს ციხეგორზე კოპალას სალოცავია, სადაც არსებობს ფშავ-ხევსურეთის ჯვარ-ხატების ტიპიური კომპლექსი. როშკის ციხეგორზე იახსარის ნიშია და ამაღლების დროს იქ დღეობა ღამისთევით იმართებოდა.

აღნიშნული ციხეგორები არქეოლოგიური თვალსაზრისით სრულიად შეუსწავლელია. ვფიქრობთ, ყველა ციხეგორზე ადრეული ეპოქის ნამოსახლართა ნაკვალევი უნდა იყოს. ძველი ნასოფლარია სოფელ ლებაისკარის ჩრდილოეთით დაახ. 400-500 მ-ის დაშორებით, მდინარის მარცხენა მხარეს, დავაკებულ ფერდობზე. ამ ნასოფლართან, XIX საუკუნის ბოლო ოცეულში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მიერ აშენებული ეკლესიის ნაშთია. ნასახლართა კედლები არც აქაა შემორჩენილი, მაგრამ კარგად იკვეთება ცალკეული ნასახლარები. თანამედროვე სოფელი ლებაისკარი და მიღმახევის სოფლები: ანდაქი და არჭილო არ გვხვდება დასტურლამალის მინაწერში, სადაც ფშავ-ხევსურეთის სადედოფლო სოფლებია ჩამოთვლილი. მართალია, დასტურლამალის მინაწერი 1789 წელსაა გაკეთებული, მაგრამ თვით აღწერა სადედოფლო სოფლების შესახებ შესრულებული 1780 წელს დავით რექტორის მიერ, რომელიც ბატონიშვილ დავით გიორგის ძეს ახლდა ფშავ-ხევსურეთში, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ სოფელთა ტერიტორიები მანამდე არ იყო დასახლებული. ამაზე მეტყველებს ძველი ნაფუძარები. არის ისეთი ძველი ნასოფლარები, რომელთა შესახებ თვით მთხრობელთა ხსოვნასაც არაფერი შემორჩა და მიანიშნებენ მხოლოდ იქ არსებულ სალოცავებს (ადგილის დედა ღვთისმშობელი, ჭიშველის მთავარანგელოზი და ა. შ.). მაგ. შატილიდან ჩრდილოეთით მდებარე შატილელთა საბოსლო სოფელ ფიჭვნში, ციხე-კოშკის ნანგრევთან არსებობს ხატი, სადაც შატილელები ადგილის დედა ღვთისმშობლის სახელზე ლოცულობდნენ.
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: ნასოფლარები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში

Postby დავითაუ წიკლაური » 13 Jun 2012 19:13

Avaza

ის უშველებელი ფოტო იქნებ დააპატარავოთ ? :(
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: ნასოფლარები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში

Postby დავითაუ წიკლაური » 13 Jun 2012 19:20

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ძველი კისტანის ნასოფლარი, რომელიც მდებარეობს კისტნისა და ჭალის სოფლის წყალგამყოფ ქედზე, სადაც ციხე-კოშკებია შემორჩენილი. ქედის ზემო ნაწილში მდებარე ორი კოშკი გალავნითაა დაკავშირებული. ამ კოშკებსა და გალავანს შორის მოქცეული ეზო და მასში გამართული სათავსოები გვაფიქრებინებს, რომ თავის დროზე ის წარმოადგენდა საცხოვრებელ კომპლექსს. კოშკები სამსართულიანია. მხოლოდ აბულერთაურთ ანსამბლში მდგომი კოშკია ხუთსართულიანი, რომელიც პირამიდულ-საფეხუროვანი გადახურვით მთავრდება. ყველა კოშკის კედელში სათოფურებია. ციხე-კოშკების ზოგიერთ კედელზე შეინიშნება ხაზოვანი ფიგურები, გაურკვეველი ორნამენტტები. ასეთი ქვები კედლების წყობაში თვალსაჩინო ადგილზეა ჩაშენებული და მეორადი გამოყენების უნდა იყოს. ქედის ჩრდილოეთ მხარეს ვაკე-ფერდობზე ნასოფლარია და მის შესახებ ქრონოლოგიური თვალსაზრისით რაიმეს თქმა ძნელია.
კისტანის ციხე...
Image
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: ნასოფლარები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში

Postby დავითაუ წიკლაური » 13 Jun 2012 19:21

ნასოფლარი ჭეჭყეთი მდებარეობს წუბროვანის წყლის მარჯვენა მხარეს, სადაც გამოდის პატარა ხეობა. ნასოფლარი შედგება 2-3 სართულიანი ოთხკუთხა საცხოვრებელთა ნაშთებისაგან. ასეთი ტიპის საცხოვრებლებს ქვიტკირს უწოდებენ და მსგავსი კოშკური საცხოვრებლები პირაქეთშიც იყო გავრცელებული (სოფ. ბლო, ძველი ბისო).
ჭეჭყეთიდან წუბროვნის წყალი ეშვება მკვეთრი დაქანების ხეობაში, რომლის ბოლოშიც მარცხენა მხრიდან გუროს წყალი ერთვის. გუროს ხეობა იყო ძირითადი საკომუნიკაციო არხოტის, შატილის და ბუდე ხევსურეთის თემებს შორის. ტანიისა და კალოთანის ხეობებიდან ცროლის გავლით გზა ანატორის გასასვლელით გუროს ხეობის სათავეში ეშვებოდა. არხოტის თემთან გუროს უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე პირაქეთი ხეობის სხვა თემ-სოფლებთან.
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
დავითაუ წიკლაური
ფორუმელი
Posts: 1474
Joined: 10 Mar 2011 16:45
Location: Edinburgh, Scotland
Contact:

Re: ნასოფლარები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში

Postby დავითაუ წიკლაური » 13 Jun 2012 19:53

ნასოფლარი გურო ერთობ ხელსაყრელ, სათიბ-საძოვრებით მდიდარ ხეობაში მდებარეობს. საინტერესოა ისიც, რომ ნამოსახლარები აქ პირიქითი ხევსურეთის სხვა სოფლების მსგავსად ციხე-კოშკებს კი არ წარმოადგენს, არამედ პირაქათი ხევსურეთის მსგავსად ჭერხოიანი და კალოიანი სახლები ჰქონდათ. სოფელ გუროს აღმოსავლეთის მისადგომში, საიდანაც გზა შედის ნასოფლარში, დგას ტიპიური პირამიდულ-სიპებიანი გადახურვის მქონე ხუთსართულიანი კოშკი, რომლის გარშემოც რამდენიმე სათავსოს ნაშთია და ბათაკათ ციხის სახელით იხსენიებენ (ბათაკანი გოგოჭურების ერთ-ერთი მამიშვილობაა). გუროს იმ ნასოფლართან, საიდანაც 1952 წ. იძულებით აყარეს მოსახლეობა და სამგორში ჩაასახლეს, მდებარეობს უფრო ადრეული ნამოსახლარები, იქ სადაც დღეს სანების ჯვარია. სანების ჯვარი იგივე სამების ჯვარია და მას საღმთოსაც უწოდებენ. სანების თავდაპირველი საარსო იყო მაღალი მთა - გუროს თავი. მთხრობელთა გადმოცემით იქ რაღაც ნაგებობის ნანგრევებია (ეკლესია?). ზამთარში მოსახლეობა სალოცავად ვერ ადიოდა და შემდგომ სალოცავი სოფლის ახლოს გადმოუტანიათ. გუროდან არხოტისაკენ მიმავალი გზა ცროლის მთის სამხრეთი ფერდობების გავლით, ტანიისა და კალოთანის გადასასვლელებით, არხოტის ხეობაში ჩადის. ხოლო მეორე მხრივ ბუდე ხევსურეთში – გორშეღმის თემში გადადის.
"შენი ზოლიანი თავგადასავალი" ;)

User avatar
Avaza
ფორუმელი
Posts: 9375
Joined: 12 May 2009 22:18

Postby Avaza » 14 Jun 2012 07:58

დავითაუ წიკლაური wrote:ის უშველებელი ფოტო იქნებ დააპატარავოთ ?


მე აღარ ვარ გლობალ მოდერი და ვერ ვაკონტროლებ.

26 მაისს დავწერე აი ეს:

Avaza wrote:მოდერს ვთხოვ ჩემს მიერ დადებული ის დიდი ფოტო: ან წაშალოს, ან აისის ჰოსტზე ატვირთოს
ძალიან გაწელა ფორუმი, არ მეგონა ამხელა თუ იყო ...
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)