Postby Avaza » 05 Feb 2013 11:24
ანაბაზისი (ქსენოფონტე)
ეს ნაწყვეტი ასახავს ბერძნების არმიის მოგზაურობას ქართული ტომებით დასახლებულ მიწებზე.
მე ვთარგმნე ...
".. მას მერე მათ გაიარეს შვიდი გადასვლა, დაახლოებით 5 ფარსანგი დღეში მდინარე ფაზისამდე (ჭოროხი), რომელიც 1 პლეტრა იყო სიგანით. იქიდან ორ გადასვლაში გაიარეს 10 ფარსანგი. უღელტეხილზე, დაბლობზე დასაშვებ გზაზე მათ გზა გადაუღობეს ხალიბებმა, ტაოხებმა და ფაზისელებმა. როცა ხარისოფმა დაინახა უღელტეხილზე განლაგებული მოწინააღმდეგე, ის შეჩერდა მათგან 30 სტადიის მოშორებით, რათა არ მიახლოებოდა მტერს მანამ, სანამ ჯარი ერთ კოლონად იყო გაწელილი.
მან უბრძანა სხვა მეთაურებს ისე დაეწყოთ რაზმები, რომ შექმნილიყო ფალანგა. როცა არიერგარდიც მოვიდა, მან იხმო სტრატეგები და უთხრა: ”მტერმა, როგორც ხედავთ, დაიკავა უღელტეხილი. ამიტომ უნდა მოვითათბიროთ, თუ როგორ წარვმართოთ ბრძოლა. მე გთავაზობთ ვუბრძანოთ ჯარისკაცებს ისადილონ, მანამდე ვითათბიროთ იმაზე, თუ როგორ გადავიდეთ მთებზე ან დღეს, ან ხვალ”. კლეანორმა თქვა: ”ჩემი აზრით, სასწრაფოდ უნდა ვისადილოთ, ავიღოთ იარაღი და მთელი ძალით შევუტიოთ მტერს. თუ დავაგვიანებთ, მაშინ მტერი გათამამდება და სავარაუდოდ მათი რაოდენობაც მოიმატებს”.
ამის შემდეგ ქსენოფონტემ თქვა: ”ჩემი აზრი ასეთია: რახან ბრძოლა გვიწევს, მაშინ საუკეთესოდ უნდა მოვემზადოთ. თუ დაყოვნების გარეშე გვინდა მთების გადალახვა, მაშინ იმაზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით შევძლოთ ეს. მთების სიგრძე 60 სტადია მაინც იქნება, მაგრამ მტერი მხოლოდ გზაზე ჩანს. ამიტომ უნდა ვცადოთ მთის დაუკავებელ ნაწილზე განლაგება, რითაც დავასწრებთ მტერს, რომელსაც ჩვენზე უკეთესი პოზიციები უკავია ... ჩვენ შეგვიძლია ჩუმად დავიძრათ ღამით და შევაცდინოთ მოწინააღმდეგე ... უნდა გამოვიტყუოთ ისინი მაღლობებიდან”.
სადილის შემდეგ ხირისოფმა გაიყვანა თავისი რაზმები 10 სტადიით წინ თავდასხმის იმიტაციის მიზნით.
როცა დაღამდა ზოგიერთი რაზმი დაფარული მხრიდან ავიდა მთაზე, ხოლო დანარჩენები დარჩნენ ადგილზე. მტერმა შეამჩნია მოპირდაპირე მთის დაკავება, ამიტომ გადაწყვიტეს ეფხიზლათ და მთელი ღამის მანძილზე ანთებდნენ მრავალრიცხოვან კოცონებს.
დილით ხირისოფმა ღმერთებს შესწირა მსხვერპლი და ჯარი გზის გასწვრივ გაიყვანა. ისინი, რომლებმაც ღამით დაიკავეს მთა, წავიდნენ მწვერვალისაკენ. მტრის ძირითადი ძალა დარჩა უღელტეხილზე, ნაწილი დაიძრა მწვერვალზე განლაგებული ელინების წინააღმდეგ. ჯერ კიდევ ძირითადი ძალების ბრძოლამდე დაიწყო შეტაკება მწვერვალზე, ელინებმა გაიმარჯვეს და დაედევნენ. ამავდროულად გაშლილ ადგილზე განლაგებული ელინი პელტასტები სირბილით დაიძრნენ მათ წინ განლაგებული მტრის წინააღმდეგ, ხოლო ხარისოფი ჰოპლიტებთან ერთად სწრაფი ნაბიჯით გაჰყვა მათ. როცა გზაზე მდგარმა მტერმა დაინახა მწვერვალზე მოიერიშე მათი რაზმის დამარცხება, მიატოვა ბრძოლის ველი. მათგან ბევრი არ დაღუპულა, მაგრამ ჩვენ ავკრიფეთ დიდი რაოდენობით ფარები: ელინები ჩეხდნენ მათ, რათა მტერს აღარ გამოეყენებინა.
მწვერვალზე ასვლის შემდეგ ელინებმა აღავლინეს მსხვერპლი და აღმართეს საომარი ნადავლი. რის შემდეგაც ისინი დაეშვნენ დაბლობზე, სადაც სანოვაგით სავსე ბევრი სოფელი იყო.
იქიდან ელინებმა ხუთ გადასვლაში გაიარეს 30 ფარსანგი და მივიდნენ ტაოხებთან. საკვები ილეოდა. საქმე იმაშია, რომ ტაოხები ცხოვრობდნენ მიუდგომელ ადგილებში, სადაც ინახავდნენ თავიანთ მარაგს. როცა ელინები მიუახლოვდნენ ერთერთ ასეთ სიმაგრეს, რომელიც არც ქალაქი იყო და სადაც არც სახლები იყო - თუმცა იქ იყვნენ გამაგრებულნი კაცები და ქალები და მათი მრავალრიცხოვანი საქონელი - ხირისოფმა დაუყოვნებლივ შეუტია მათ. ამასთან რაზმები მოქმედებდნენ დამოუკიდებლად, ცვლიდნენ რა ერთმანეთს დაღლის მიხედვით. შეერთებული ძალებით შეუძლებელი იყო სიმაგრის გარშემორტყმა, რადგან ის ამაღლებულ ადგილას მოეწყოთ. როცა მოვიდა ქსენოფონტი არიერგარდთან, პალტესტებთან და ჰოპლიტებთან ერთად, ხირისოფმა უთხრა მათ: ”კარგ დროს მოხვედით, ეს სიმაგრე უნდა ავიღოთ, თორემ საკვები აღარ გვაქვს”. თათბირისას ქსენოფონტე შეეკითხა მათ, თუ რა იყო სიმაგრის აუღებლობის მიზეზი, ხირისოფმა მიუგო: ”მხოლოდ ერთი გზა მიდის იქამდე, სწორედ ის, რომელიც შენს წინაა. საკმარისია ვინმე წავიდეს ამ გზით, რომ მტერი კლდიდან იწყებს ქვების სროლას და შენ შეგიძლია თავად ნახო თუ რა დღეში ვარდებიან მათგან დაზიანებული მეომრები”. მან მიუთითა ფეხებ და ნეკნებ ჩალეწილ მეომრებზე.
ქსენოფონტემ იკითხა: ”როცა ქვები გამოელევათ, რა შეგიშლით ხელს სიმაგრის დაკავებაში? თქვენს წინ ხომ მცირერიცხოვანი ხალხია, თან რამდენიმეს თუ ექნება იარაღი ... ჩვენ უნდა დავახარჯინოთ მათ ქვები და გამოვიყენოთ ამისთვის ხეობის საფრები ...”.
მაშინ წინ გამოვიდნენ ხირისოფი, ქსენოფონტე და პარასიელი კალიმაქსი, რომელიც მეთაურობდა არიერგარდს. ჯარის დიდი ნაწილი დარჩა ადგილზე. ხეების ქვეშ განლაგდა 70 განცალკევებული მეომარი ... კალიმაქსმა ეს მოიფიქრა: ის გამორბოდა საფრის წინ და როცა ქვებს ესროდნენ, სწრაფად შემორბოდა უკან. ამ დროს მტერი დიდძალ ქვას ხარჯავდა ...
მეთაურები ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ეჯობნათ სიმამაცეში და ამგვარად შეიჭრნენ სიმაგრეში. საკმარისი იყო ერთი მეომარი შევარდნილიყო იქ, რომ წინააღმდეგობა შეწყდა. აქ საშინელი სანახაობა გაიმართა. ქალები ქვემოთ აგდებდნენ ბავშვებს და თავადაც ხტებოდნენ კლდიდან. ასევე იქცეოდნენ კაცებიც. სტიმფალელმა ენეოსმა დაინახა ერთი ლამაზად ჩაცმული ადამიანი, რომელიც კლდიდან გადახტომას აპირებდა და შეეცადა ხელი შეეშალა მისთვის, მაგრამ მან თან გადაიყოლა ენეოსი და ორივენი დაიღუპნენ.
აქ ძალიან ცოტა ადამიანი შევიპყარით, სამაგიეროდ ბევრი იყო რქოსანი პირუტყვი, ვირები და ცხვარი.
იქიდან გავემართეთ ხალიბების ქვეყნის გავლით, შვიდ გადასვლაში გადავლახეთ 50 ფარსანგი. ხალიბთა ტომი ყველაზე მამაცია იმ ტომთაგან, ვის მიწებზეც მოუწიათ ელინებს გავლა. ისინი ხელჩართულ ბრძოლას უმართავდნენ ამ უკანასკნელთ. ხალიბები ატარებდნენ სელის ჯავშანს, რომელიც მუცლის ქვედა ნაწილამდე წვდებოდათ, ხოლო ჯავშნის ბექთარის ნაცვლად იყენებდნენ დაგრეხილ, მოწნულ თოკებს. ემოსათ საბარკულები და მუზარადი, ხოლო ქამართან ლაკონური ხმალის მაგვარ სატევრებს ატარებდნენ, რითაც კლავდნენ დამარცხებულ მოწინააღმდეგეს, შემდეგ კვეთდნენ თავს და თან მიჰქონდათ. როცა მტერს გადაეყრებოდნენ, სიმღერას და როკვას იწყებდნენ. ხალიბებს თან დაჰქონდათ ერთწვერიანი 5 მკლავის სიგრძის შუბი.
ხალიბები დასახლებულ პუნქტებში მაგრდებოდნენ და როცა ელინები გაივლიდნენ, უკან მიჰყვებოდნენ და გამუდმებით ესხმოდნენ თავს. ისინი გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობდნენ და საკვებიც იქვე იშოვებოდა; ამიტომ ელინებმა ვერაფერი ვერ მოინადავლეს და ტაოხებისთვის წართმეული სქონლით იკვებებოდნენ.
ხალიბებისგან ელინები მივიდნენ მდინარე არპასთან, რომელიც 4 პლეტრა იყო სიგანით. იქიდან ოთხ გადასვლაში სკვითების მიწაზე, დაბლობ ადგილას, გაიარეს 20 ფარსანგი და მივიდნენ სოფლებში ... მან უჩვენა გზა, რომლითაც მაკრონებთან მივიდოდნენ და საღამოხანს დატოვა ისინი.
აქედან ელინები წავიდნენ მაკრონთა მიწისკენ, სამ გადასვლაში დაფარეს 10 ფარსანგი და პირველივე დღეს გავიდნენ სასაზღვრო მდინარესთან, რომელიც ყოფდა მაკრონთა მიწას სკვითების მიწისგან. მათგან ხელმარჯვნივ გაუვალი მთები აღმართულიყო, ხელმარცხნივ სხვა მდინარე მოედინებოდა, რომელსაც უერთდებოდა სასაზღვრო მდინარე. სწორედ ამ მდინარეზე გადასვლა გახდა საჭირო. მდინარის ნაპირები დაფარულიყო ხშირი ტყით. ელინები კაფავდნენ ტყეს, რათა რაც შეიძლება სწრაფად წასულიყვნენ ამ ქვეყნიდან. მაკრონები, შეიარაღებულნი ფარებით, შუბებით და ტყავის ქიტონებით განლაგდნენ მოპირდაპირე ნაპირზე. ისინი ამხნევებდნენ ერთმანეთს, ისროდნენ ქვებს, მაგრამ ვერ წვდებოდნენ ელინებს და არავინ არ დაზიანებულა.
ამ დროს ქსენოფონტესთან მივიდა პელტასტი, რომელმაც განაცხადა, რომ ადრე ათენში იყო მონად და ესმოდა ამ ხალხის ენა. ”მე ვფიქრობ - განაცხადა მან - რომ ეს ჩემი სამშობლოა, თუ შეიძლება დაველაპარაკები მათ”. ქსენოფონტემ მიუგო: ”არანაირი დაბრკოლება არ არის, დაელაპარაკე და გაიგე ვინ არიან”. მის შეკითხვაზე მიუგეს: ”მაკრონები!” ”შეეკითხე მათ - უთხრა ქსენოფონტემ - რატომ განლაგდნენ ჩვენს წინააღმდეგ და რატომ იქცევიან მტრებივით?” მათ უპასუხეს: ”იმიტომ, რომ თქვენ ჩვენს მიწაზე მოდიხართ!”. სტრატეგებმა ბრძანეს გადაეცათ მათთვის, რომ ელინები არ მოსულან საბოროტოდ, რომ ისინი ეომებოდნენ მეფეს და ეხლა უკან, ელადაში - თავიანთ სამშობლოში ბრუნდებოდნენ და ცდილობენ ზღვაზე გასვლას. მაკრონებმა იკითხეს, შეეძლოთ თუ არა ელინებს დაეფიცათ. სტრატეგები დათანხმდნენ შუბის გაცემაზე. მაშინ მაკრონებმაც გამოუგზავნეს თავიანთი შუბი. მაკრონების აზრით ფიცის დადება ასეთ გაცვლაში გამოიხატებოდა. გარდა ამისა, ორივე მხარემ მოწმედ ღმერთებს მოუხმო.
მოლაპარაკების შემდეგ მაკრონები ელინებთან ერთად შეუდგნენ ხეების გაკაფვას და გზის გაყვანას, თითქოს თავად აპირებდნენ მდინარეზე გადასვლას, გარდა ამისა მიჰყიდეს მათ საკვები და 3 დღის მანძილზე მიუძღოდნენ წინ, კოლხების საზღვრამდე.
იქ მაღალი მთები იყო აღმართული, რომლებზეც კოლხები განლაგდნენ. თავდაპირველად ელინები ფალანგად მოეწყვნენ, რათა ასეთი წყობით შეეტიათ, მაგრამ სტრატეგებმა თათბირი გადაწყვიტეს ... ფალანგა დაიშალა და ჯარი პირდაპირ ლოხებად [ანუ კოლონა] დააწყეს ... სულ ჰოპლიტების 80-მდე ლოხი დაეწყო, თითოში დაახლოებით 100 მეომარი შედიოდა. პელტასტები და მსროლელებიც 3 რაზმად გადაანაწილეს. თითოეული რაზმი 600-მდე მეომრისგან შედგებოდა.
ლოცვის შემდეგ პეანის სიმღერით დაიძრნენ წინ ... როცა მტერმა ელინების შეტევა დაინახა, სირბილით დაიძრა მათ წინააღმდეგ, ამ დროს ორ ნაწილად გაიშალნენ და თავიანთი წყობის ცენტრში სიცარიელე შექმნეს.
არკადელმა პელტასტებმა იფიქრეს, რომ მტერი გაიქცა, ისინი გაიჭრნენ წინ და პირველები ავიდნენ მთაზე. მათ მიყვნენ არკადელი ჰოპლიტები. როცა მტერმა სირბილზე გადასული ელინები დაინახა, ვეღარ გაძლო და დაიფანტნენ აქეთ იქით. ელინებმა დაიკავეს მრავალრიცხოვანი და საკვებით მდიდარი სოფლები ...
აქედან ორ გადასვლაში გაიარეს 7 ფარსანგი და მივიდნენ ტრაპიზონში. ხალხმრავალ ელინურ ქალაქში ევქსინიის პონტოში, სინოპის კოლონიაში, კოლხების ქვეყანაში. აქ ისინი 30 დღე დაყოვნდნენ კოლხების სოფლებში და იქიდან ესხმოდნენ თავს კოლხეთს ... ტრაპიზონელები დაეხმარნენ მათ კოლხებთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაში, რის მერეც ბარში მცხოვრებმა კოლხებმა სტუმართმოყვარეობის ნიშნად გამოგზავნეს რქოსანი სქონელი".
"გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად" (რომ. 10:10)
"ღმერთის სამეფო არის არა სიტყვაში, არამედ ძალაში" (1 კორ. 4:20)
"ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი არ არის სასარგებლო" (1 კორ. 6:12)