ჭრილობები და სისხლდენები

ყველა ის საკითხი და თემა, რომელიც არ უკავშირდება აისს
User avatar
მაია
ფორუმელი
Posts: 11
Joined: 12 May 2016 11:12
Location: თბილისი
Contact:

ჭრილობები და სისხლდენები

Postby მაია » 02 Dec 2016 19:05

ჭრილობები
კანისა და ლორწოვანი გარსის,ზოგჯერ კი მის ქვეშმდებარე ქსოვილებისა და ორგანოების მთლიანობის დარღვევას,ჭრილობა ეწოდება.
ჭრილობების მთავარ ნიშნებს წარმოადგენენ: ტკივილი, პირღიაობა და სისხლდენა.
გამომწვევი მიზეზების მიხედვით არცევენ:
• ცეცხლნასროლ(ტყვიით,ჭურვის ნამსხვრევით),
• ცივი იარაღით(დანით,ხმალით,ხიშტით და სხვა),
• ნაოპერაციევ ჭრილობებს.
დეფექტის სახისა და ხასიათის მიხედვით:
• ნაკვეთი-დანა,სკალპელი,სამართებელი,მინა(იგი სწორხაზოვანია,ქსოვილები ნაკლებად ზიანდება.ადვილად ხორცდება),
• გაპობილი-ხმალი,ნაჯახი(კანისა და მის ქვეშ მდებარე ქსოვილების დაზიანება,ხშირად ძვლამდეც. შეხორცების პროცესი რთულია და ხანგრძლივია),
• ნაჩხვლეტი-ნემსი,მეტალის ჩხირი,ლურსმანი(აქვს დიდი სიღრმე,საფარი ქსოვილების მცირე დაზიანებით. ასეთი ჭრილობები განსაკუთრებით სახიფათოა,რადგან იგი ღრმად შედის ღრუ ორგანოებში და იწვევს მათ დაზიანებას(მაგ:გული,ფილტვი,ღვიძლი და ა.შ),
• გაგლეჯილი-აფეთქება,ავტოავარია(კანი დიდ ფართზე ზიანდება,ხშირია კიდურების მოწყვეტა),
• დაჟეჟილი-ბლაგვი იარაღი(კიდეები უსწორმასწორო,დაჯეჟილი ქსოვილი უსიცოცხლო.ხელსაყრელია ინფექციის განვითარებისთვის),
• დაჩეჩქვილი,
• გამჭოლი,
• შემხები,
• ნაბენი-ცხოველის ან ადამიანის კბენის შედეგად განვითარებული(კიდეები უსწორმასწორო,ძნელად ხორცდება,საშიშია ცოფის განვითარება),
• მოწამლული-სხვადასხვა ქვეწარმავლის ნაკბენი(განსაკუთრებით საშიშია გველი)-(მათ შხამში შედის ტოქსინები,რომლებიც სასიცოცხლო დაზიანებებს აყენებს ადამიანს),
• ბრმა,
• შერეული
ჭრილობაში მიკრობული ფლორის არსებობის მიხედვით:
• სუფთა(ასეპტიური,ძირითადად ოპერაციული ჭრილობები),
• ინფიცირებული(ყველა შემთხვევითი ჭრილობა),
• ჩირქოვანი(დაბინძურებული ჭრილობა,რომელშიც ანთებითი პროცესია ჩამოყალიბებული).
ორგანიზმის ღრუების დაზიანების მიხედვით:
• ღრუში შემავალი(მუცლის ჭრილობები,გულმკერდის,თავის ქალას და ა.შ),
• არა შემავალი(როცა ჭრილობა მხოლოდ ღრუ ორგანოს კედლით შემოისაზღვრება).
ცეცხლნასროლი ჭრილობა-ცეცხლნასროლი იარაღის მოქმედების შედეგადაა გამოწვეული.ამ ჭრილობებისთვის დამახასიათებელია ქსოვილთა დაზიანების დიდი ფართი,რომელიც გამოწვეულია დამჭრელი საგნის დიდი სიჩქარით.
ცეცხლასროლ ჭრილობაში არჩევენ დაზიანების სამ ზონას:
• ჭრილობის არხს;
• პირველად ტრავმულ ნეკროზის(მკვდარი ქსოვილები) ზონას;
• ქსოვილთა მოლეკულურ შერყევის ზონას(გამოხატულია სისხლჩაქცევა და კაპილარული სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
ცეცხლნასროლი ჭრილობები სხვა სახის ჭრილობებიდან იმით განსხვავდება,რომ ძლიერი მექანიკური ზემოქმედებით თითქოსდა შეუცვლელ ქსოვილებშიც ღრმად იცვლება ფიზიკური პროცესები.(სისხლდენა,სისხლძარრვთა კედლის განვლადობის მომატება,შეშუპება).
უმთავრესად ჭრილობის არხი უსწორმასწოროა.შემავალი ხვრელი მცირე ზომისაა,გამომავალი კი მნიშვნელოვნად დიდია.ჭრილობას რომელსაც შემავალი და გამავალი ხვრელი აქვს გამჭოლი ეწოდება,ხოლო ტუ მხოლოდ შემავალი ხვრელი აქვს-ბრმა.
გულმკერდის ჭრილობების დროს,გარდა იმისა რომ დგინდება ჭრილობის სახე(ნაკვეთი,ცეცხლნასროლი,ნაჩხვლეტი და ა.შ) ასევე დგინდება შემავალია თუ არა იგი.გულმკერდის შემავალი ჭრილობის დროს გამოედინება ქაფიანი სისხლი,ამოსუნთქვის დროს ხდება ხმაურით ჰაერის შეწოვა პლევრის ღრუში,ხოლო ჩასუნთქვის დროს ჭრილობიდან ჰაერის ბუშტუკების გამოყოფა.
გულმკერდის ღრუში ჰაერის დაგროვებას ეწოდება პნევმოთორაქსი,ჰაერის და სისხლის დაგროვებას ჰემოპნევმოთორაქსი,მხოლოდ სისხლის დაგროვებას ჰემოთორაქსი.პნევმოთორაქსი შეიძლება იყოს ღია,დახურული და სარქვლოვანი.
• ღია პნევმოთორაქსის დროს ჭრილობის არე ღიაა და ხდება გარემოსა და პლევრის ღრუში ჰაერის მუდმივი ცვლა.
• დახურული პნევმოთორაქსის დროს ჰაერი ერთჯერადად შედის პლევრის ღრუში,რის შემდეგადაც ჭრილობის არე მალე იხურება (ქსოვილის ელასტიურობის ან სისხლის კოლტით) და ღრუში არსებული ჰაერი აღარ უკავშირდება ატმოსფეროს.
• სარქვლოვანი პნევმოთორაქსის დროს ფილტვის დაზიანებული ქსოვილი სარქვლის მსგავსად ჩასუნთქვისას ჰაერს უშვებს პლევრის ღრუსკენ,ამოსუნთქვისას კი კეტავს ჭრილობის არეს და ჰაერი პლევრის ღრუსი რჩება.ამის შედეგად ყოველი ჩასუნთქვისას პლევრის ღრუში ჰაერის მოცულობა დიდდება.ამ დროს ფილტვის ზეწოლასთან და მის ჩაჩუტვასთან ერთად ხდება შუასაყრის ორგანოთა საღი მხარიკენ ცდომა,რაც გარკვეულწილად აფერხებს გულის და ფილტვის მუშაობას.
პნევმოთორაქსის დროს ვითარდება ქოშინი,ცივი ოფლი,გულისცემის აჩქარება,კანის სილურჯე.

ჰემოთორაქსის დროს განარჩევენ მცირე(სისხლი მხოლო პლევრის ქვედა ნაწილშია ჩაღვრილი),საშუალო(როვა სისხლის დონე მე-5- მე-6 ნეკნის დონეზეა) და დიდ(მე-2 და მე-3 ნეკნის დონეზე) სახეებს. ჰემოთორაქსი ხასიათდება ფილტვების ვენტილაციის დარღვევით და ჰიპოვოლემიური(სისხლის დიდი დანაკარგი) შოკით.

დაჟეჟილი (ჰემატომა-სისხლჩაქცევა)
გაგლეჯილი(მოწყვეტილი)

გაპობილი გახეხილი(შემხები)

გაჭრილი ნაჩხვლეტი

სისხლდენა
სისხლდენა— სისხლძარღვის სანათურიდან სისხლის გამოსვლა, რაც როგორც წესი ტრავმასთანაა დაკავშირებული. (თუმცა სისხლდენა შეიძლება იყოს ცხვირიდან, ყურებიდან, ღრძილებიდან, პირის ღრუდან, თვალებიდან, საშოდან, ანუსიდან და ასე შემდეგ.)

სისხლდენის მრავალი მიზეზი არსებობს. მათგან უდიდესი წილი მოდის ტრავმებზე და ბრძოლებში თუ შემთხვევით მიღებულ ჭრილობებზე. სისხლდენის მიზეზი შეიძლება გახდეს ზოგიერთი დაავადებაც. მაგალითად: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება,ბუასილი, საყლაპავი მილის ვენების ვარიკოზი, ფილტვის კავერნული ტუბერკულოზი, ჰემოფილია, ავიტამინოზი და სხვ.
მთავარი საფრთხე, რაც ადამიანს სისხლდენის შედეგად ემუქრება, სისხლის დაკარგვაა, რომლის სიმძიმეც დამოკიდებულია სისხლის დენის სიჩქარეზე, სისხლძარღვის სანათურის ზომასა და სისხლდენის ხანგრძლივობაზე, ამიტომ ნებისმიერი ხარისხის სისხლდენა სწრაფ შეჩერებას ითხოვს.

სისხლდენის ფორმები
დაზიანებული სისხლძარღვის სახეობის მიხედვით განასხვავებენ: არტერიულ, ვენურ, კაპილარულ, პარენქიმულ და შერეულ სისხლდენებს.
• არტერიული სისხლდენისას მოპულსირე, მფეთქავ ნაკადად დიდი წნევით გადმოიტყორცნება ალისფერი სისხლი, რომლის პულსაცია შეესაბამება გულის შეკუმშვათა რიტმს. ეს საკმაოდ ძლიერი სისხლდენაა, ყველაზე სწრაფად იწვევს მწვავე ანემიას, მოითხოვს სწრაფ და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

• ვენური სისხლდენისას სისხლი მუქი, ალუბლისფერია, იგი მოედინება ნელა, უწყვეტად და თანაბარზომიერად, პულსაცია არ ახასიათებს.

• კაპილარული სისხლდენისას ჭრილობიდან სისხლი მდორედ ჟონავს. იგი ადვილად ჩერდება და საშიშია მხოლოდ სისხლის შედედების უნარის დაქვეითების - ჰემოფილიის, ღვიძლის დაავადებების, სეფსისის - დროს.

• პარენქიმული სისხლდენა ფილტვების, ელენთის, თირკმელებისა და ღვიძლის დაზიანებას ახლავს თან. საკმაოდ ძლიერი, ხანგრძლივი და საშიშია.

• შერეულ სისხლდენას ახასიათებს როგორც არტერიული, ისე ვენური სისხლდენის ნიშნები.
სისხლდენა შეიძლება იყოს გარეგანი და შინაგანი.
1)სისხლდენა გარეგანია როდესაც სისხლი გარეთ გამოდის და ამას ხედავენ პაციენტი, ექიმი და ირგვლივ მყოფნი.
2)შინაგანი სისხლდენის დროს დაზიანებულია ორგანიზმის რომელიმე ღრუსთან დაკავშირებული სისხლძარღვი და სისხლი ამ ღრუში გროვდება. მაგალითად, მუცლის ღრუში, პლევრაში, პერიკარდიუმის ღრუში შესაძლოა დაგროვდეს სისხლი და ადამიანი დაიღუპოს.


მუცლის ღრუში სისხლის დაგროვებას ჰემოპერიტონეუმი ეწოდება. პლევრის ღრუში - ჰემოთორაქსი, პერიკარდიუმის ღრუში - ჰემოპერიკარდიუმი, საშვილოსნოს ღრუში - ჰემატომეტრა. შინაგანი სისხლდენის დროს სისხლი შეიძლება გროვდებოდეს კუჭსა და ნაწლავებში. აქ ჩაღვრილ სისხლს უერთდება კუჭ-ნაწლავში არსებული გოგირდ-წყალბადი და წარმოიქმნება სულფმეტჰემოგლობინი. ეს ნაერთი შავი ფერისაა, რის გამოც ადამიანს შავი ფერის განავალი აქვს, რასაც მელენა ეწოდება.აგრეთვე სისხლი შეიძლება დაგროვდეს სანაღვლე გზებში-ჰემობილია. ასევე თირკმლის მენჯში, რომელიც შარდთან ერთად გამოიყოფა-ჰემატურია, ფილტვიდან სისხლის დენა-ჰემოპტოე, ცხვირიდან-ეპისტაქსისი, ხოლო საშვილოსნოდან-მეტრორაგია. ჩაღვრილმა სისხლმა შეიძლება გასწიოს რბილი ქსოვილები და მათ შორის შექმნას გუბე-ჰემატომა.
სისხლის დაკარგვას რაოდენობის და სირთულის მიხედვით ყოფენ ოთხ კლასად:
• პირველი კლასი-როდესაც იკარგება სისხლის 15%-მდე. ასეთ დროს სისხლის გადასხმა საჭირო არ არის.
• მეორე კლასი-როდესაც იკარგება სისხლის15-30% ასეთ დროს პაციენტს აღენიშნება გულისცემის მომატება. კანის გაფერმკლთალება. როგორც წესი გამონაკლისი შემთხვევის გარდა სისხლის გადასხმა არაა საჭირო.
• მესამე კლასი-როდესაც იკარგება სისხლის 30-40%. ასეთ დროს პაციენტს აღენიშნება გულისცემის მომატება.შესაძლებელია შოკი. სისხლის გადასხმა როგორც წესი აუცილებელია.
• მეოთხე კლასი-როდესაც იკარგება სისხლის 40% მეტი. აუცილებელია სასწრაფო რეანიმაციული ღონისძიებები. წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტი დაიღუპება.
სისხლდენა ორგანიზმში სხვადასხვა ტიპის ნეგატიურ შედეგებს იწვევს, რომელთა შორის აღსანიშნავია:
• ორგანიზმში ჩვეულებრივ პირობებში მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება;
• ორგანოთა მუშაობის შეფერხება და მათი ფუნქციების მოშლა, კერძოდ, გულის მუშაობის შეფერხება, რასაც მოსდევს ქსოვილების, განსაკუთრებით - თავის ტვინის, ღვიძლისა და თირკმელების ჟანგბადით მომარაგების გაუარესება, ჟანგბადოვანი შიმშილი;
• ანემია - სისხლნაკლებობა;
• დსშ სინდრომი - დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი, რომელიც სისხლდენის ყველაზე საშიშ და ვერაგ გართულებას წარმოადგენს.
როგორ ჩერდება სისხლდენა(ფიზიოლოგიურად)
ადამიანი ყოველდღიური საქმიანობისას ხშირად იზიანებს კაპილართა კედელს და სისხლდენაც იწყება, თუმცა ამას ბევრი არც კი აქცევს ყურადღებას, რადგან სისხლის ჭავლი რამდენიმე წუთში თავისთავად წყდება. ეს ჰემოსტაზის დამსახურებაა - ორგანიზმის მიერ სისხლის მოცულობის თვითაღდგენითი პროცესისა, რომელიც სისხლმბადი ორგანოების(ძვლის ტვინი(წითელი),ელენთა,ღვიძლი) მეშვეობით ხორციელდება. სისხლდენის შემდეგ სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოებში სისხლმომარაგების სათანადო დონეზე განსახორციელებლად სწრაფად ირთვება ადაპტაციის რთული მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს და მიზნად ისახავს:
• სისხლძარღვების სპაზმს და კოაგულაციური პროცესების გააქტიურებას - სისხლძარღვის სანათური სპაზმის გამო ვიწროვდება და მასში გაცილებით ადვილად წარმოიქმნება თრომბი სისხლის შემდგომი დანაკარგის მინიმუმამდე დასაყვანად;
• სუნთქვისა და გულისცემის გახშირებას - ამის წყალობით ორგანოებში სწრაფად აღიკვეთება ჟანგბადოვანი შიმშილი;
• დეპო ორგანოებიდან სისხლის რეზერვის გადმოსროლას - დეპო ორგანოებში ყოველთვის ინახება სარეზერვო სისხლი, რომელიც აუცილებლობისას გადმოიტყორცნება სისხლის მიმოქცევის სისტემაში, რათა შეივსოს სისხლის დანაკარგი და მოცირკულირე სისხლის მოცულობა სწრაფად დაუბრუნდეს ნორმას.

User avatar
მაია
ფორუმელი
Posts: 11
Joined: 12 May 2016 11:12
Location: თბილისი
Contact:

Re: ჭრილობები და სისხლდენები

Postby მაია » 02 Dec 2016 19:07

პირველი დახმარება გარეგანი სისხლდენის დროს:
1. პირადი უსაფრთხოების დაცვა – თუ თქვენ სხეულზე გაქვთ ჭრილობები (ნაკაწრი, მცირე ზომის ღია ჭრილობა) სასურველია ისინი დაიფაროს წყალგაუმტარი საფენით მანამ, სანამ თქვენ დაიწყებდეთ დახმარების გაწევას. თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ რეზინის ერთჯერადი ხელთათმანი. სასურველია დახმარების გაწევის წინ და შემდეგ დაიბანოთ ხელები საპნით.
2. ABC შეფასება. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი გარეგანი სისხლდენისას საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სისხლდენის შეჩერება, თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, პირველ რიგში ჩაატარეთ ABC-ს კონტროლი: შეამოწმეთ სასუნთქი გზების გამავლობა, სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები.

სისხლდენის შეჩერების მეთოდები. არსებობს გარეგანი სისხლდენის შეჩერების რამოდენიმე მეთოდი:
 პირდაპირი ზეწოლა.
მოაშორეთ დაზიანებულ არეს ტანსაცმელი. დაათვალიერეთ ჭრილობა. დარწმუნდით, რომ ჭრილობაში არ არის მახვილი საგნები (მაგალითად მინის ნამსხვრევები), რომლებითაც შეიძლება თქვენ დაზიანდეთ. მოახდინეთ ზეწოლა ჭრილობაზე თითებით ან მტევნით. სასურველია ჭრილობა წინასწარ დაფაროთ სუფთა საფენით. მაგრამ ნუ დაკარგავთ დიდ დროს ამ საფენის მოსაძებნად. თუ ჭრილობაში არის უცხო სხეული, არ ამოიღოთ (უცხო სხეულის ამოღებისას შეიძლება გაძლიერდეს სისხლდენა ან გაღრმავდეს დაზიანება). სისხლდენის შეჩერების მიზნით მიიტანეთ ჭრილობის კიდეები უცხო სხეულთან და მოახდინეთ ზეწოლა უცხო სხეულის გარშემო;


 სხეულის დაზიანებული ნაწილის (ხელის ან ფეხის) ზემოთ აწევა.
თუ შესაძლებელია, ასწიეთ დაზარალებულის დაზიანებული კიდური გულის დონეზე ზემოთ. ამით შემცირდება სისხლის ნაკადი დაზიანებულ არეში, რაც შეუწყობს ხელს კოლტის განვითარებას და სისხლდენის შეჩერებას. კიდურების მაღლა აწევა არ არის რეკომენდირებული თუ კიდური შეშუპებულია, დეფორმირებულია ან მტკივნეულია, რაც მიუთითებს მოტეხილობის ან ამოვარდნილობის შესაძლებლობაზე;
 დამწოლი ნახვევის დადება.
ჭრილობაზე დადებული სუფთა საფენის ზემოთ დაადეთ დამწოლი ნახვევი. ნახვევი უნდა დაადოთ მჭიდროდ, მაგრამ ისე, რომ არ დაირღვეს სისხლის მიმოქცევა ნახვევის ქვემოთ. თუ სისხლი ჟონავს დამწოლი ნახვევიდან, ზემოდან დაადეთ მეორე ნახვევი. თუ ჭრილობაში არის უცხო სხეული, მოათავსეთ რამოდენიმე საფენი უცხო სხეულის გარშემო მანამ, სანამ დამწოლი ნახვევის დადებისას ზეწოლა უცხო სხეულზე არ მოხდება. დამწოლი ნახვევის დადების შემდეგ აუცილებელია შეამოწმოთ პულსი და მგრძნობელობა (შეეხეთ დაზარალებულის კანს ნახვევის ქვემოთ და კითხეთ, გრძნობს თუ არა ამას დაზარალებული). პულსისა და მგრძნობელობის შემოწმება აუცილებებლია ყოველ 10 წუთში ერთხელ სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე, შესაძლებელია სისხლის მიმოქცევა ნახვევის ქვემოთ დაირღვეს;

თუ ნახვევის ქვემოთ პულსი და მგრძნობელობა არ არის და განვითარდა შეშუპება, კანი გახდა მკრთალი და ცივი, დამწოლი ნახვევის ქვემოთ სხეულის ნაწილი დაუბუჟდა, გაქრა პერიფერიული პულსი, შეხსენით ნახვევი და დაადეთ ის ნაკლებ მჭიდროდ.
არაპიდაპირი ზეწოლა სპეციალურ ზეწოლის წერტილში.
თუ პირდაპირი ზეწოლა და კიდურების აწევა შედეგს არ იძლევა, შეიძლება არაპირდაპირი ზეწოლის გამოყენება სპეციალურ ზეწოლის წერტილებში. ამ დროს მცირდება სისხლის მიწოდება დაზიანებული არეს ქვევით.
თუ სისხლდენა არის ხელიდან, მოძებნეთ პულსი მხრის შიგნითა ზედაპირის შუა მესამედში, იღლიასა და იდაყვს შორის. პულსის მოძებნის შემდეგ, მოახდინეთ ზეწოლა თითებით ამ წერტილზე.
თუ დაზიანება ფეხზეა, მოძებნეთ პულსი ბარძაყის არტერიაზე საზარდულის მიდამოში, მუცელსა და ბარძაყს შორის. ზეწოლა მოახდინეთ ხელისგულით. ბარძაყის არტერიის ზომის და გარშემო ქსოვილების გამო, ამ მიდამოზე ზეწოლა მოითხოვს გაცილებით დიდ ძალას. ზეწოლის წერტილებში ზეწოლა მოახდინეთ მხოლოდ 10 წუთის განმავლობაში.

4)დაზარალებულის მდებარეობა.
სისხლდენის გასაჩერებლად დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები (ჩაუდეთ ფეხებს ქვეშ ბალიში). ამ მდებარეობაში მცირდება სისხლის დინება ფეხებისკენ და სისხლი მეტი რაოდენობით მიედინება ადამიანის სხეულის მნიშვლელოვანი ნაწილებისაკენ (მაგალითად, ტვინში, გულში). ამით თქვენ აიცილებთ დაზარალებულის ზოგადი მდგომარეობის გაუარესებას;

5)დააფიქსირეთ კიდური, ისე როგორც მოტეხილობის შემთხვევაში;
6)დროულად გამოიძახეთ სამედიცინო სამსახური.სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე სასურველია დაზარალებული იწვეს ზურგზე და ფეხები ზემოთ ჰქონდეს აწეული. 10 წუთში ერთხელ შეამოწმეთ, ხომ არ დაირღვა სისხლის მიმოქცევა დამწოლი ნახვევის ქვემოთ.
გახსოვდეთ!
 განსაკუთრებით საშიშია არტერიული სისხლდენა, რადგან ადამიანი სწრაფად კარგავს დიდი რაოდენობით სისხლს.
 არ არის რეკომენდირებული დაზიანებული კიდურის ზემოთ აწევა, თუ კიდური შეშუპებულია, დეფორმირებულია ან მტკივნეულია, რაც მიუთითებს შესაძლო მოტეხილობის ან ამოვარდნილობის არსებობაზე.
 სისხლდენის შეჩერებისას ზეწოლის წერტილებში ზეწოლა მოახდინეთ არაუმეტეს 10 წუთისა.
 დამწოლი ნახვევის დადების შემდეგ, აუცილებელია ნახვევის ქვემოთ პულსისა და მგრძნობელობის შემოწმება ყოველ 10 წუთში ერთხელ სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე.
 ლახტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანების და სისხლდენის გაძლიერება.


პირველი დახმარება შინაგანი სისხლდენის დროს:
1. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები ზემოთ. შეხსენით მჭიდრო ტანსაცმელი კისერზე, გულმკერდზე, წელზე;
2. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;
3. არ მისცეთ დაზარალებულს საჭმელი, წამალი და სასმელი. თუ დაზარალებული გონზეა და აღენიშნება ძლიერი წყურვილის შეგრძნება, დაუსველეთ მას ტუჩები;
4. დაათბუნეთ დაზარალებული – გადააფარეთ საბანი ან ქსოვილი;
5. ყოველ 10 წთ-ში ერთხელ გადაამოწმეთ პულსი, სუნთქვა და ცნობიერების დონე. თუ დაზარალებული კარგავს გონებას, მოათავსეთ უსაფრთხო მდებარეობაში;
6. დააკვირდით, ხომ არ აღენიშნება დაზარალებულს სისხლიანი გამონადენი. თუ ეს შესაძლებელია გაატანეთ ამ გამონადენის ნაცხი სამედიცინო სამსახურს.

გახსოვდეთ!
 შინაგანი სისხლდენა ძალიან სერიოზული და ძნელად აღმოსაჩენი დაზიანებაა.
 ეჭვი მიიტანეთ შინაგან სისხლდენაზე, როდესაც ტრავმის მიღების შემდეგ აღინიშნება შოკის ნიშნები, მაგრამ არ არის სისხლის თვალსაჩინო დანაკარგი.
 შინაგან სისხლდენაზე ეჭვის შემთხვევაში დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.
 სასწრაფოს მოსვლამდე აუცილებლად დააწვინეთ დაზარალებული, შეამოწმეთ წნევა, პულსი და ცნობიერება, მიიღეთ შოკის საპროფილაქტიკო ღონისძიებები.

User avatar
მაია
ფორუმელი
Posts: 11
Joined: 12 May 2016 11:12
Location: თბილისი
Contact:

Re: ჭრილობები და სისხლდენები

Postby მაია » 02 Dec 2016 19:09

პირველადი დახმარება ჭრილობის დროს:
დახმარების გაწევამდე კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და თბილი წყლით. თუ შეგიძლიათ, გაიკეთეთ ერთჯერადი რეზინის ხელთათმანები.
 თუ ჭრილობა დაბინძურებულია, ჩამობანეთ გამდინარე წყლით, ნაზად გაამშრალეთ და დაფარეთ ჭრილობა სუფთა საფენით.
 მოწმინდეთ დაბინძურებული კანი საფენის გარშემო წყალში დასველებული ნაჭრით. დაადეთ ნახვევი. გახსოვდეთ ნახვევის ქვემოთ პულსისა და მგრძნობელობის შემოწმების აუცილებლობა.
 თუ დაზარალებულს ეწყება თავის ტკივილი, უჭირს ღეჭვა და აღენიშნება უსიამოვნო შეგრძნებები ჭრილობის არეში ან თუ ჭრილობა დიდია და დაბინძურებულია, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.
 თუ ჭრილობის ზედაპირზე უცხო სხეულია, სანამ მოახდენდეთ ზეწოლას ჭრილობაზე, ჩამობანეთ გამდინარე წყლით, შემდეგ დაფარეთ ჭრილობა სუფთა საფენით და მოახდინეთ ზეწოლა ჭრილობაზე. თუ უცხო სხეული ჩარჭობილია ჭრილობაში, არ ამოიღოთ. დაფარეთ უცხო სხეული სუფთა საფენით და დაადეთ ჯვარედინი ნახვევი უცხო სხეულის ფიქსაციისათვის. გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.
ჭრილობა მუცლის არეში. მუცლის არეში ჭრილობის დროს შეიძლება განვითარდეს ძლიერი სისხლდენა ან შინაგანი ორგანოების გადმოსვლა ჭრილობაში, მაგრამ უფრო ხშირია ფარული შინაგანი სისხლდენა და სხეულის ორგანოების დაზიანება.

პირველი დახმარება მუცლის არეში ჭრილობის არსებობის დროს:
 დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე, მაგარ ზედაპირზე. შეუხსენით მჭიდრო ტანსაცმელი;
 დაფარეთ ჭრილობა დიდი ზომის სტერილური საფენით და დააფიქსირეთ არამჭიდრო ნახვევით ან მწებავი ფირით. თუ საფენი იჟღინთება სისხლით დაადეთ ზემოდან კიდევ ერთი ნახვევი. თუ დაზარალებული ახველებს ან აღებინებს, მოახდინეთ ნაზი ზეწოლა ნახვევზე, რათა თავიდან აიცილოთ შინაგანი ორგანოების გადმოსვლა ჭრილობაში. თუ ჭრილობიდან გადმოსულია შინაგანი ორგანოები, მაგალითად ნაწლავები, არ შეეხოთ. არ სცადოთ მათი ჩაბრუნება მუცლის ღრუში, რადგან ამით იზრდება ამ ორგანოების დაზიანებისა და ინფიცირების რისკი. დაფარეთ ეს ორგანოები სუფთა სველი საფენით ან ცელოფანის პარკით, რათა დაიცვათ გამოშრობისაგან.
 დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;
 მუცლის არეში ჭრილობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია დაზარალებულის სწორი მდებარეობა. თუ მუცელზე განივი ჭრილობაა, დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და მოუხარეთ ფეხები მუხლის სახსარში. თუ ჭრილობა გასწვრივია, ფეხები გაშალეთ.
 თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, ჩაატარეთ ABC კონტროლი და უზრუნველყოფა.
დაზარალებულის სიცოცხლისათვის ასევე ძლიერ საშიშია შემავალი ჭრილობა გულმკერდში. ამ დროს შეიძლება განვითარდეს გულმკერდისა და მუცლის ორგანოების მძიმე დაზიანება. შემავალი ჭრილობის დროს გარემოს ჰაერი შედის გულმკერდის ღრუში და იწვევს ფილტვებზე ზეწოლას, რაც ხელს უშლის სუნთქვას. ამ დროს დაზარალებულს აღენიშნება:
 შემავალი ჭრილობა გულმკერდის არეში;
 სუნთქვის გაძნელება;
 ტკივილი სუნთქვისას;
 ხველა სისხლიანი ნახველით;
 კანის მონაცრისფრო-მოლურჯო შეფერილობა;
 დამახასიათებელი ხმიანობა, რომელიც გამოწვეულია ჰაერის მოძრაობით ჭრილობაში.
გულმკერდის არეში შემავალი ჭრილობის დროს თქვენი ძირითადი მიზანია გულმკერდის ღრუში ჰაერის შეღწევის თავიდან აცილება:
 სწრაფად დაფარეთ შემავალი ჭრილობა თქვენი ან გონზე მყოფი დაზარალებულის მტევნით;
 მოათავსეთ სტერილური ჰაერგაუმტარი საფენი ჭრილობაზე. დააფიქსირეთ ის სამი მხრიდან. ეს შექმნის სარქველსდა თავიდან აიცილებთ ჰაერის მოხვედრას გულმკერდის ღრუში ჩასუნთქვის დროს, ხოლო მანამდე მოხვედრილი ჰაერი გამოვა გულმკერდის ღრუდან ამოსუნთქვისას;
 დროულად გამოიძახეთ გადუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ დაზარალებული გონზეა, დასვით ნახევრადმჯდომარე მდებარეობაში. თუ დაზარალებული უგონოდაა, მოახდინეთ ABC კონტროლი და უზრუნველყოფა. მზად იყავით რეანიმაციული ღონისძიებებისათვის. თუ ABC წესრიგშია, დააწვინეთ უსაფრთხო მდებარეობაში ისე, რომ დაზიანებული მხარე იყოს ქვემოთ. ამით თქვენ შეუქმნით დაუზიანებელ ფილტვს უფრო ხელსაყრელ პირობებს სუნთქვისათვის.

გახსოვდეთ!

 გულდასმით და დეტალურად დაათვალიერეთ ჭრილობა და სხეულის დაზიანებული ნაწილი, რათა მოხდეს ჭრილობის სახის ზუსტი დადგენა და არ გამოგვეპაროს შენიღბული დაზიანებები და დაინფიცირების წყარო;
 ნახვევის დადების შემთხვევაში მუდმივად აკონტროლეთ პულსი და მგრძნობელობა ნახვევის ქვემოთ;
 თუ ჭრილობა დიდია და დაბინძურებული, აუცილებლად მიმართეთ ექიმს;
 დაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური:
 - შინაგან სისხლდენაზე ეჭვის შემთხვევაში;
 - მუცლისა და გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობების დროს;
-თუ დაზარალებულს ეწყება თავის ტკივილი, უჭირს ღეჭვა და აღენიშნება უსიამოვნო შეგრძნებები ჭრილობის არეში.