გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებები

ყველა ის საკითხი და თემა, რომელიც არ უკავშირდება აისს
User avatar
მაია
ფორუმელი
Posts: 11
Joined: 12 May 2016 11:12
Location: თბილისი
Contact:

გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებები

Postby მაია » 02 Dec 2016 19:04

პირველი დახმარება სხვადასხვა გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანებების დროს


• დამწვრობა
• მოყინვა
• ჰიპერთერმია
• ჰიპოთერმია
• წყალში დახრჩობა
• ელექტროტრავმა
• რადიაციული დაზიანება



დამწვრობა
დამწვრობა შეიძლება განვითარდეს ცხელი საგნების ან ორთქლის ზემოქმედების (თერმული დამწვრობა), კანზე ქიმიური ნივთიერების მოხვედრის (ქიმიური დამწვრობა), დენის ზემოქმედების (ელექტრული დამწვრობა), აგრეთვე რადიოაქტიური ნივთიერების ან მზის სხივების ზემოქმედების შედეგად (რადიაციული დამწვრობა).
დამწვრობის დროს მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად დაზიანებულ არეში ვითარდება ქსოვილების დაზიანება და შეშუპება, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს. გარდა ამისა, ხდება სითხის გადასვლა სისხლძარღვებიდან ქსოვილებში. ეს ამცირებს ცირკულაციაში არსებული სისხლის რაოდენობას და შესაბამისად მცირდება ჟანგბადის მიწოდება სხეულის სხვადასხვა ნაწილებში. დაზიანებულ არეში ქსოვილების დაზიანების შედეგად გამოიყოფა დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებები ანუ ტოქსინები. ეს ნივთიერებები ორგანიზმიდან თირკმელებმა უნდა გამოყონ, ამიტომ დიდ ფართზე დამწვრობისას ხშირია თირკმლების ფუნქციის მოშლა. კანის დაზიანება ხელს უწყობს ინფექციის შეჭრას ორგანიზმში.
იმისათვის, რომ შეგვეძლოს დამწვრობის დროს პირველი დახმარების სწორად აღმოჩენა, უნდა განვსაზღვროთ დამწვრობის სიმძიმე, რაც დამოკიდებულია დაზიანების სიღრმეზე და დაზიანების ფართზე (სხეულის ზედაპირის რა ნაწილზე ვრცელდება დაზიანება).
დაზიანების სიღრმის მიხედვით არჩევენ სამი ხარისხის დამწვრობას: ზედაპირულს, არასრულშრეობრივს და სრულშრეობრივს.
ზედაპირული დამწვრობისათვის დამახასიათებელია სიწითლე, ტკივილი, შეშუპება. ამ დროს კანის მთლიანობა აღდგება ნაწიბურის განვითარების გარეშე.

არასრულშრეობრივი დამწვრობის დროს აღინიშნება კანის მოთეთრო-მოწითალო შეფერილობა, კანის ზედაპირი ნამიანია და გაუხეშებული. დაზიანებულ არეში წარმოიქმნება ბუშტუკები. პირველი 2 დღის განმავლობაში დაზარალებულს აღენიშნება ძლიერი ტკივილი.
სრულშრეობრივი დამწვრობის დროს ზიანდება კანი მთელ სიღრმეზე, შეიძლება დაზიანდეს ქვეშმდებარე კუნთები, ძვლები. კანი ამ დროს მშრალი და უხეშია, თეთრი, მუქი ყავისფერი ან ნახშირის ფერი. მგრძნობელობა შემცირებულია ან სრულიად გამქრალია.

დამწვრობის ფართის განსაზღვრისათვის მიღებულია მარტივი ე.წ. “ცხრიანის” წესი, რომლის მიხედვითაც მოზრდილის თავი და კისერი წარმოადგენს კანის ზედაპირის 9%, ტორსის წინა და უკანა ზედაპირი – 18%-18%, მუცლის წინა ზედაპირი - 9%, წელისა და დუნდულოს მიდამო – 9%, ხელები – თითეული 9%, ფეხები – 18-18% და გარეთა სასქესო ორგანოები – 1%.თუ დაზარალებულის სხეულზე არის დამწვრობის რამოდენიმე უბანი, რომელიც არ ფარავს მთლიანად სხეულის აღნიშნულ ნაწილებს, დამწვრობის ფართის განსაზღვრისათვის შეიძლება ვისარგებლოთ ხელისგულით, რომლის ფართი სხეულის 1%-ია. რაც უფრო მეტია დაზიანების ფართი, მით უფრო მძიმეა დაზარალებულის ზოგადი
მდგომარეობა.
მოქმედების ტაქტიკა დამწვრობის სიმძიმის გათვალისწინებით:
თუ დაზარალებული მოზრდილი ადამიანია და მას აღენიშნება:
• არასრულშრეობრივი დამწვრობა, რომელიც აღემატება სხეულის ზედაპირის 1%-ს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს;
• არასრულშრეობრივი დამწვრობა, რომელიც აღემატება სხეულის ზედაპირის 9%-ს, აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახება, და დაზარალებულის მოთავსება საავადმყოფოში;
• სრულშრეობრივი დამწვრობა, აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოძახება და დაზარალებულის გადაყვანა საავადმყოფოში;
• თუ დამწვრობა მიიღო ბავშვმა, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

პირველი დახმარება დამწვრობის დროს:
• შემთხვევის ადგილზე გახსოვდეთ პირადი და დაზარალებულის უსაფრთხოების დაცვა. თუ დაზარალებული ალმოდებულ შენობაშია, დროულად გამოიძახეთ სახანძრო სამსახური.გახსოვდეთ, რომ დამწვრობის დროს საშიშია კვამლის შესუნთქვა, ამიტომ თუ ოთახში კვამლია და მისი სწრაფი განიავება შეუძლებელია, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო ადგილას, სუფთა ჰაერზე. გახსოვდეთ ასევე, რომ დამწვრობა შეიძლება გამოწვეული იყოს ელექტრული დენით ან ქიმიური ნივთიერებით. თუ დაზარალებულზე იწვის ტანსაცმელი, არ დაიწყოთ მისი სხეულის გადაგორება, გადაასხით სხეულს წყალი. თუ ამის საშუალება არა გაქვთ, გადააფარეთ სხეულს არასინთეტიკური ქსოვილი, ეს შეაჩერებს წვას;

• შეამოწმეთ დაზარალებულის ცნობიერება. ჩაატარეთ ABC-ს კონტროლი და უზრუნველყოფა;
• გახსოვდეთ, რომ დამწვრობის დროს შესაძლებელია ცხელი აირების ჩასუნთქვა, რაც იწვევს სასუნთქი გზების დამწვრობას. სასუნთქი გზების კედელი იწყებს შეშუპებას და იწყება მათი ობსტრუქცია, რაც სიცოცხლისათვის საშიშია. ამიტომ, თუ დაზარალებულს აღენიშნება გაძნელებული ხმაურიანი სუნთქვა, დამწვრობა სახის ან კისრის არეში, სახისა და ცხვირის თმიანი საფარველის შეტრუსვა, პირის ღრუსა და ტუჩების შეშუპება, ყლაპვის გაძნელება, ხველა, ხრინწიანი ხმა - ეჭვი მიიტანეთ სასუნთქი გზების დამწვრობაზე და დაუყოვნებლივ დარეკეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახურში. რადგან ასეთ დროს აუცილებელია დაზარალებულის დროული გადაყვანა საავადმყოფოში;
• აუცილებელია დროულად დაიწყოთ დამწვარი არის გაგრილება ცივი წყლით. ეს შეამცირებს ადგილობრივად ტემპერატურას და შეამცირებს შეშუპებასა და ტკივილს. ჩამობანეთ დაზიანებული არე წყლით: თერმული, ელექტრული, დამწვრობის დროს სულ მცირე 10 წუთის განმავლობაში, ქიმიური დამწვრობის დროს – კი 30 წუთის განმავლობაში;
• დაზიანებული არედან მოაშორეთ ტანსაცმელი და ნებისმიერი სხვა საგანი, რომელსაც შეუძლია სისხლის მიმოქცევის შეფერხება. არ მოაშოროთ ტანსაცმლის ნაწილაკები, რომლებიც მიკრულია დაზიანებულ არეზე;
• დაფარეთ დაზიანებული არე სტერილური ნახვევით. ამით შემცირდება დაინფიცირების ალბათობა;
• საჭიროების შემთხვევაში დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. მის მოსვლამდე მუდმივად შეამოწმეთ სუნთქვა და პულსი, მზად იყავით სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარებისათვის.


გახსოვდეთ!
დამწვრობის დროს არ შეიძლება:
• დაზიანებული არიდან ტანსაცმლის ნაწილაკების აშრევება, რადგან ამით შესაძლებელია დაზიანების გაღრმავება;
• ბუშტუკების მთლიანობის დარღვევა, რადგან ზიანდება კანის საფარველი და იქმნება ხელსაყრელი პირობები ორგანიზმში ინფექციის შეჭრისათვის;
• დაზიანებული არის დასამუშავებლად არ გამოიყენოთ მალამოები, ლოსიონები, ზეთები;
• ქიმიური დამწვრობის დროს დაზიანებული არის დამუშავება მანეიტრალებელი ხსნარებით. მაგ. ტუტეთი განპირობებული დამწვრობის დამუშავება მჟავათი.


ჰიპერთერმია


ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურაა 360 - 370C. იმისათვის რომ მოხდეს სიცივეში სხეულის ტემპერატურის შენარჩუნება, ორგანიზმში მატულობს სითბოს წარმოქმნა და მცირდება მისი გაცემა, ხოლო სიცხეში ხდება პირიქით – იმატებს სითბოს გაცემა გარემოში. იმ შემთხვევაში, როცა სხეულის ზოგადი ტემპერატურა მნიშვნელოვნად მატულობს ან ქვეითდება, ადამიანის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შეექმნას.
ადამიანის ორგანიზმზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს ჰიპერთერმია ანუ სხეულის ზოგადი ტემპერატურის მომატება. ჰიპერთერმიის ერთ-ერთი სახეა - მზის დაკვრა, რომელიც ვითარდება დიდი ხნის განმავლობაში მზეზე ყოფნისას.

ჰიპერთერმიის ხელშემწყობი ფაქტორებია:
• გარემოს მაღალი ტემპერატურა;
• გარემოს მომატებული ტენიანობა;
• აქტიური ფიზიკური დატვირთვა;
• ასაკი - მოხუცებში და ბავშვებში ჰიპერთერმია უფრო სწრაფად და ადვილად ვითარდება.
• ჰიპერთერმიის დროს დიდი რაოდენობით გამოიყოფა ოფლი და ორგანიზმიდან იკარგება სითხე, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.

ჰიპერთერმიისათვის დამახასიათებელი ნიშნები მრავალფეროვანია:
• სხეულის ტემპერატურის მომატება (400 C-მდეც კი!!!);
• ხშირი და სუსტი პულსი;
• ხშირი, ზედაპირული სუნთქვა;
• შეიძლება გამოიხატოს აგზნება, კრუნჩხვა, საერთო სისუსტე, ძილიანობა. მძიმე შემთხვევაში ვითარდება ცნობიერების დაბინდვა და უგონო მდგომარეობა;
• უმადობა, გულისრევა და ღებინება;
• თავის ტკივილი;
• მკრთალი ან მოწითალო ფერის ნამიანი კანი;
• ძლიერი ოფლიანობა;

ჰიპერთერმიის დროს თქვენი ძირითადი მიზანია – დააქვეითოთ სხეულის ტემპერატურა და დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.

პირველი დახმარება ჰიპერთერმიის დროს:
• თუ დაზარალებული გონზეა, სწრაფად გადაიყვანეთ დაზარალებული გრილ ადგილას. გახადეთ ტანსაცმელი. დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე და აუწიეთ ფეხები ზემოთ. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური;
• დაიწყეთ დაზარალებულის გაგრილება. ამისათვის მოათავსეთ დაზარალებულის გარშემო ვენტილატორები ან შეახვიეთ ის სველ ზეწარში. პერიოდულად დაასველეთ ზეწარი წყლით. მას შემდეგ რაც სხეულის ტემპერატურა ჩამოვა 37.50C -მდე, შეცვალეთ სველი ზეწარი მშრალით;
• მიეცით დაზარალებულს ცივი წყალი დასალევად;
• თუ დაზარალებული უგონოდაა, გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. თუ ცირკულაციის ნიშნები და სუნთქვა არის, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში. თუ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები არ არის დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია.




გახსოვდეთ!

მოხუცებსა და ბავშვებში ჰიპერთერმია უფრო სწრაფად და ადვილად ვითარდება.
ჰიპერთერმიის დროს თქვენი ძირითადი მიზანია დააქვეითოთ სხეულის ტემპერატურა და დროულად გამოიძახოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური.

ჰიპოთერმია
ადამიანის ორგანიზმზე დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებისას ვითარდება გადაციება ანუ ჰიპოთერმია.
ჰიპოთერმიაზე მიუთითებენ მაშინ, როდესაც სხეულიხ ტემპერატურა ქვეითდება 350C-მდე და უფრო მეტად. ჰიპოთერმია წყალში ვითარდება 25-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე ჰაერზე ყოფნისას. ჰიპოთერმია უფრო სწრაფად უვითარდებათ ბავშვებსა და მოხუცებს.

ჰიპოთერმიის დამახასიათებელი ნიშნებია:
• კანკალი (გახსოვდეთ კანკალი არ არის მუდმივი/მყარი ნიშანი);
• შეხებით ცივი, მკრთალი ფერის, მშრალი კანი;
• ძილიანობა, საერთო სისუსტე, ცნობიერების დაბინდვა, მძიმე შემთხვევაში უგონო მდგომარეობა;
• იშვიათი, ზერელე სუნთქვა;
• იშვიათი, სუსტი პულსი;
• მძიმე შემთხვევებში გულის გაჩერება.

პირველი დახმარება ჰიპოთერმიის დროს:
• გადაიყვანეთ დაზარალებული ცივი გარემოდან. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური;
• თუ დაზარალებულის ტანსაცმელი სველია, ფრთხილად გახადეთ, გაამშრალეთ დაზარალებული და შეახვიეთ თბილ საბანში;

• არ მისცეთ დაზარალებულს სიარულისა და მოძრაობის უფლება. მისი გადაყვანისას იმოქმედეთ ძალიან ნელა, რადგან მკვეთრი მოძრაობისას ჰიპოთერმიის დროს შეიძლება განვითარდეს გულის გაჩერება. დაათბუნეთ დაზარალებული;
• არ გამოიყენოთ დაზარალებულის გასათბობად სათბურები ან სხვა ადგილობრივი გამათბობლები. აუცილებელია დაზარალებულის სხეულის თანაბარი თანდათანობით გათბობა !!!
• თუ დაზარალებელი გონზეა, მიეცით მას თბილი სასმელი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება ჩაის, ყავის და ალკოჰოლის მიცემა;
• თუ დაზარალებული უგონოდაა - გახსენით სასუნთქი გზები, შეამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები. თუ ცირკულაციის ნიშნები და სუნთქვა არის, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში. თუ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები არ არის დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია.


გახსოვდეთ!

• მოხუცებსა და ბავშვებში ჰიპოთერმია უფრო სწრაფად და ადვილად ვითარდება.
• ჰიპოთერმიის დროს აუცილებელია დაზარალებულის სხეულის თანაბარი, თანდათანობითი გათბობა. ამისათვის არ გამოიყენოთ დაზარალებულის გასათბობად სათბურები ან სხვა ადგილობრივი გამათბობლები.


მოყინვა
ცივ გარემოში ყოფნისას დიდია მოყინვის განვითარების საშიშროება. მოყინვა ადვილად ვითარდება სხეულის წარზიდულ ნაწილებში (ცხვირი, ყურები, სახე, თითები). დაზიანებული არე მკვეთრად განსხვავდება ნორმალურისაგან. მგრძნობელობა დაზიანებულ არეში ხშირად დაქვეითებულია ან საერთოდ არ აღინიშნება. შესაძლებელია შეშუპებისა და ბუშტუკების განვითარება. მსუბუქი მოყინვისათვის დამახასიათებელია წვის, ჩხვლეტის შეგრძნება, დაზიანებული ადგილის დაბუჟება, გაფერმკრთალება ან გალურჯება.


პირველი დახმარება მოყინვის დროს:
• ძალიან ფრთხილად გახადეთ დაზარალებულს ხელთათმანები, მოაცილეთ სამკაულები (თუ ხელია მოყინული) ან ფეხსაცმელი (თუ დაზიანებულია ფეხი). გაათბეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი თქვენი ხელებით. მოყინვის დროს არ შეიძლება მოყინული ნაწილის დაზელვა ან მასაჟი, - ამით შეიძლება გააღრმავოთ დაზიანება;
• ეცადეთ, გადაიყვანოთ დაზარალებული სითბოში, მაგრამ გახსოვდეთ - არ შეიძლება მოყინული ადგილის სწრაფი გათბობა, ამიტომ არ დაადოთ მოყინულ მიდამოს სათბური, ბოთლები ცხელი წყლით, არ დასვათ დაზარალებული სითბოს წყაროსთან ან ცეცხლთან ძალიან ახლოს;
• თუ მოყინულ არეს სწრაფად არ უბრუნდება ნორმალური ფერი, მოათავსეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი თბილ წყალში, შემდეგ გაამშრალეთ და დაადეთ არამჭიდრო ნახვევი. თუ მოყინულ ადგილებზე განვითარდა ბუშტუკები, არ დაარღვიოთ მათი მთლიანობა;
• ასწიეთ სხეულის დაზიანებული ნაწილი ზემოთ, ეს შეამცირებს შეშუპებასა და ტკივილს.


გახსოვდეთ!

მოყინვის დროს არ შეიძლება ბუშტუკების მთლიანობის დარღვევა, დაზიანებული არის მასაჟი და დაზელვა, სითბოს დადება დაზიანებულ არეზე და დაზიანებული კიდურის მოძრაობა.

წყალში დახრჩობა

წყალში დახრჩობის დროს სიკვდილის მიზეზი ყოველთვის არ არის წყლით სასუნთქი გზების დახშობა. წყალში დახრჩობის დროს სიკვდილი შეიძლება განვითარდეს გულის გაჩერებით ან წყალში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნით განვითარებული ჰიპოთერმიით. ზოგჯერ სასუნთქ გზებში წყალი მინიმალური რაოდენობითაა და სითხე, რომელიც გამოდის პირიდან, არის კუჭში მოხვედრილი წყალი. პირველი დახმარების გაწევის დროს ამ წყლის ამოღების მცდელობამ შეიძლება გააუარესოს დაზარალებულის მდგომარეობა.

პირველი დახმარება წყალში დახრჩობის დროს:
1. თუ თქვენ ხედავთ, რომ ვინმე იხრჩობა წყალში, გახსოვდეთ, თქვენი მიზანია დაეხმაროთ ადამიანს ნაპირზე გამოსვლაში ისე, რომ თქვენი საკუთარი სიცოცხლე არ ჩააყენოთ საფრთხეში. ეცადეთ დარჩეთ ნაპირზე დაგადაუგდოთ დაზარალებულს ბაწარი ან გაუწოდოთ ხელი, ჯოხი. არ შეხვიდეთ წყალში, თუ არ არის ამის უკიდურესი აუცილებლობა. დაზარალებულის წყლიდან გამოყვანის დროს ეცადეთ, რომ მისი თავი გულმკერდზე ქვემოთ იყოს, ეს ხელს შეუწყობს წყლის გადმოსვლას სასუნთქი გზებიდან;
2. დაზარალებულის ნაპირზე გამოყვანის შემდეგ, დააწვინეთ ის ზურგზე, შეამოწმეთ ცნობიერების დონე. თუ დაზარალებული უგონოდაა, გადაუწიეთ თავი უკან და ასწიეთ ნიკაპი წინ და ზემოთ. გახსოვდეთ, რომ წყალში დახრჩობისას დაზარალებულმა შეიძლება მიიღოს თავის და კისრის ტრავმა;
3. სასუნთქი გზების გახსნის შემდეგ შეამოწმეთ სუნთქვა “3 ვ-ს” პრინციპით 10 წმ-ის განმავლობაში. თუ სუნთქვა არ არის, გააკეთეთ ორი საკონტროლო ჩაბერვა. თუ ორი საკონტროლო ჩაბერვის დროს თქვენ ხედავთ, რომ გულმკერდის კედელი არ მოძრაობს. ე.ი. სასუნთქ გზები დახშულია წყლით და თქვენ უნდა მოახდინოთ მისი გამოდევნა. ამისათვის აწარმოეთ 15 ზეწოლა გულმკერდის ძვლის ქვედა მესამედზე .ამ მეთოდით თქვენ გამოიწვევთ წყლის გამოდევნას სასუნთქი გზებიდან და გაათავისუფლებთ მათ. შესაძლებელია ამის შემდეგ დაზარალებულმა დაიწყოს სუნთქვა. თუ სუნთქვა კვლავ არ არის, ორი ეფექტური საკონტროლო ჩაბერვის (გულმკერდის კედლის მოძრაობა არის) შემდეგ შეამოწმეთ ცირკულაციის ნიშნები (სუნთქვა, ხველება, მოძრაობა). თუ დაზარალებულს ცირკულაციის ნიშნები არ აღენიშნება, დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია. თუ ციკულაციის ნიშნები არის, ჩაატარეთ ხელოვნური სუნთქვა. თუ გყავთ დამხმარე, დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური (ABC შემოწმებისთანავე). თუ ხართ მარტო, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური ხელოვნური სუნთქვის ჩატარებისას 10 ჩაბერვის შემდეგ ან გულ-ფილტვის რეანიმაციის 1 წუთის განმავლობაში ჩატარების შემდეგ;
4. თუ დაზარალებული გონზეა ან სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები აღსდგა, გახადეთ დაზარალებულს სველი ტანსაცმელი და დაათბუნეთ ის. თუ ის კვლავ უგონო მდგომარეობაშია, მაგრამ სუნთქავს და აქვს ცირკულაციის ნიშნები, გადაიყვანეთ უსაფრთხო მდებარეობაში;
5. გახსოვდეთ, რომ თუ დაზარალებულის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უნდა ურჩიოთ მას მიმართოს ექიმს. ეს აუცილებელია, რადგან სასუნთქ გზებში და ფილტვებში წყლის მოხვედრის გამო, მდგომარეობის გაუარესება მოსალოდნელია რამოდენიმე საათში.

გახსოვდეთ!

წყალში დახრჩობის დროს პირველი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, თუ დაზარალებულის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაინც უნდა ურჩიოთ მას მიმართოს ექიმს, რადგან სასუნთქ გზებში და ფილტვებში წყლის მოხვედრის გამო შესაძლებელიამდგომარეობის მოსალოდნელი გაუარესება რამოდენიმე საათში.

ელექტროტრავმა

ელქტროტრავმა დაზიანებაა, რომელსაც ორგანიზმზე ელექტრული დენის ზემოქმედება იწვევს და ხშირად სიკვდილით სრულდება. ელექტროტრავმა შეიძლება მოჰყვეს დენის წყაროსთან სხეულის უშუალო ან რკალურ კონტაქტს (ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანი მეტისმეტად ახლოს არის დენის წყაროსთან, მაგრამ არ ეხება მას).

ორგანიზმზე ელექტრული დენის ზემოქმედების ხარისხი მრავალი ფაქტორით განისაზღვრება. მათ შორის აღსანიშნავია დენის ფიზიკური პარამეტრები, ორგანიზმის ფიზიოლოგიური მდგომარეობა, გარემოს თავისებურებანი. დადგენილია, რომ 450-500 ვოლტი ძაბვის შემთხვევაში საშიშია ცვლადი დენი, უფრო მაღალი ძაბვისას კი - მუდმივი.
დენის გამღიზიანებელ ზემოქმედებას ადამიანი 1 ამა-დან გრძნობს. 15 ამა ძალის დენის ზემოქმედების შედეგად ვითარდება კუნთების ძლიერი სპაზმი (შეკუმშვა), რის გამოც ადამიანი დენის წყაროს ეწებება, ამიტომ პირველი დახმარების აღმოჩენამდე დენის წყარო უნდა გამოირთოს, ოღონდ ისე, რომ საფრთხე თვითონ დამხმარეს არ დაემუქროს. მიწებების ეფექტი გაცილებით ნაკლები ძალის დენმაც შეიძლება გამოიწვიოს. ელექტროტრავმა სასიკვდილოა 100 მა-ზე მეტი ძალის დენის შემთხვევაში.
ორგანიზმში ელექტრული დენის გავლისას:
• ეშვება გულის ქსოვილი, რაც გულის რიტმის დარღვევას და გულის გაჩერებას იწვევს;
• ირღვევა ნერვული იმპულსების გადაცემა, რაც შესაძლოა სუნთქვის შეწყვეტის მიზეზად იქცეს;
• ელექტრული დენის ორგანიზმში შესვლისა და გამოსვლის ადგილას ვითარდება დამწვრობა.
• განასხვავებენ ელექტროტრავმის სამ სახეს:
• მაღალი ძაბვის დენით გამოწვეულს;
• დაბალი ძაბვის დენით გამოწვეულს;
• მეხით გამოწვეულს.
მაღალი ძაბვით გამოწვეული ელექტროტრავმა უმეტესად სასიკვდილოა. ამ დროს სხეულზე მოქმედებს 2000-40000С ტემპერატურა, რომელიც ძლიერ დამწვრობას იწვევს. კუნთების ძლიერი შეკუმშვა დაშავებულის დიდ მანძილზე გადასროლისა და მოტეხილობების მიზეზად იქცევა.
მაღალი ძაბვის დენით მიღებული ელექტროტრავმის დროს:
• დაუყოვნებლივ ვიძახებთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას;
• იკრძალება დაშავებულთან 18 მეტრზე ახლოს მისვლა, ვიდრე არ გამოირთვება დენი და არ მოხდება იზოლაცია.
• მაღალი ძაბვით მიღებული ელექტროტრავმის შედეგად ადამიანი, როგორც წესი, გონს კარგავს, ამიტომ გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ, პირველ ყოვლისა, მისთვის სასუნთქი გზების გახსნაზე უნდა ვიზრუნოთ, მაგრამ თავის უკან გადაწევა კატეგორიულად იკრძალება, დასაშვებია მხოლოდ ქვედა ყბის წინ წამოწევა. უნდა შემოწმდეს სუნთქვა, პულსი და საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს რეანიმაციული ღონისძიებები (ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი). თუ დაშავებული უგონოდ არის, მაგრამ სუნთქავს, ის გადაყვანილ უნდა იქნეს უსაფრთხო ადგილას.
• დამწვრობისა და მოტეხილობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს სათანადო პირველი დახმარება.
დაბალი ძაბვის დენით გამოწვეული ელექტროტრავმა შესაძლოა სხეულის მძიმე დაზიანების და სიკვდილის მიზეზადაც კი იქცეს. ამ ტიპის ტრავმას ხშირად იწვევს დაზიანებული ჩამრთველი, ელექტროგაყვანილობა და მოწყობილობა. სველ იატაკზე დგომისას ან სველი ხელებით ელექტროგაყვანილობასთან შეხებისას ელექტროტრავმის მიღების რისკი იმატებს.
დაბალი ძაბვის დენისგან მიღებული ელექტროტრავმის დროს დენი უმეტესად ხელის არეში შედის და ტერფიდან გამოდის. ამ დროს ზიანდება შინაგანი ორგანოები, ამიტომ აუცილებლად უნდა გაირკვეს, როგორი იყო სხეულში ელექტროდენის მიმართულება - ეს ექიმს საშუალებას აძლევს, ამა თუ იმ ორგანოს დაზიანება ივარაუდოს.
დაბალი ძაბვის დენისგან მიღებული ელექტროტრავმის დროს:
• არ შეიძლება დაშავებულთან შეხება, ვიდრე არ შეწყდება დენის წყაროსთან კონტაქტი - შესაძლოა, ელექტროტრავმა დამხმარემაც მიიღოს. დენის წყაროს მოსაშორებლად არ შეიძლება ლითონის საგნის გამოყენება. თუ შესაძლებელია, დენის მიწოდების შესაწყვეტად უნდა გამოირთოს ჩამრთველი. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ დამხმარე უნდა დადგეს მშრალ მაიზოლირებელ საგანზე (ფიცარზე, რეზინის ან პლასტმასის საფენზე, წიგნის ან გაზეთების დასტაზე) და დაშავებულს დენის წყარო ცოცხის, ხის ჯოხის, სკამის საშუალებით მოაშოროს. შეიძლება თავად დაშავებულის გადაადგილებაც: ტერფებზე ან მხრებზე ისე უნდა შემოვახვიოთ ბაწარი, რომ სხეულზე არ შევეხოთ, უკიდურეს შემთხვევაში, მოვკიდოთ ხელი მშრალ ტანსაცმელზე (თუ ტანზე მჭიდროდ არ აქვს მიკრული) და ასე გავათრიოთ.
• თუ დაშავებული უგონოდ არის, უნდა გავუხსნათ სასუნთქი გზები, შევუმოწმოთ სუნთქვა, პულსი და საჭიროების შემთხვევაში ჩავუტაროთ სარეანიმაციო ღონისძიებები.
• თუ დაშავებული უგონოდ არის, მაგრამ სუნთქვა და პულსი აღენიშნება, უნდა მოთავსდეს უსაფრთხო ადგილას, დამწვარი ადგილები გაგრილდეს და დაედოს სუფთა ნახვევი.
• დროულად უნდა იქნეს გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
თუ დაშავებულს ელექტროტრავმის შემდეგ არ აღენიშნება ხილული დაზიანებები და თავს კარგად გრძნობს, უმჯობესია, კარგად დაისვენოს.
მეხით გამოწვეული ელექტროტრავმის დროს ხშირია დამწვრობა, სახისა და თვალების დაზიანება. მეხმა შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილიც. დაშავებული დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი უსაფრთხო ადგილას და პირველი დახმარება ჩაუტარდეს ისე, როგორც სხვა სახის ელექტროტრავმის შემთხვევაში.

რადიაციული დაზიანება

რადიოაქტიური ნივთიერებებით ადამიანის ორგანიზმის დაბინძურება შეიძლება იყოს გარეგანი და შინაგანი.
გარეგანი დაბინძურება ვითარდება ადამიანის დაუზიანებელ კანზე რადიაქტიური ნივთიერებების მოხვედრისას მისი რადიაციულ ზონაში ყოფნის დროს.
შინაგანი დაბინძურება შეიძლება განვითარდეს შესუნთქვით, რადიაციულად დაბინძურებული საკვების მიღებით, ჭრილობის ან დაზიანებული კანის ზედაპირიდან შეჭრით. რადიაციული დაზიანებისას ნებისმიერი ჭრილობა ითვლება დაბინძურებულად.
დასხივების ნიშნები მეტად მრავალფეროვანია (უმადობა, გულისრევის შეგრძნება, პირღებინება და სხვა), რის გამოც შესაძლოა დროულად ვერ მოხდეს მათი იდენტიფიკაცია და შეგვეშალოს რადიოაქტიური დასხივებით გამოწვეული სიმპტომატიკა სხვა დაავადებით გამოწვეულ სიმპტომებში.

რადიაციული დაბინძურების დროს პირველი დახმარების მიზანია რადიაციული ნივთიერებების გაუვნებელყოფა და დაზარალებულის გადაყვანა სტაციონარში.

რადიაციული ნივთიერებების გაუვნებელყოფა:
• იწყება კანის, ჭრილობის, სხეულის წარზიდული ნაწილების გასუფთავების პროცედურით. ეს აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ შინაგანი დაბინძურება, შევამციროთ დაბინძურებული არიდან გამოსხივება. ამით სხეულის სუფთა არეებს მაქსიმალურად დავიცავთ რადიაციისაგან. კანის დამუშავება უნდა ჩატარდეს დაზოგვით, რათა მინიმუმამდე შევამციროთ მისი მექანიკური და ქიმიური დაზიანების რისკი. ყველაზე მარტივ და დამზოგველ მეთოდად ითვლება კანის ჩამობანა წყლის ჭავლით. წყალი აუცილებლად უნდა იყოს თბილი, ვინაიდან ცხელი წყალი იწვევს კანის ფორების გაფართოებასა და მასში რადიაქტიული ნივთიერებების შეღწევას, ხოლო ცივი წყალი ფორებს ხურავს და შესაბამისად რთულდება არსებული რადიაქტიული ნივთიერებების მოცილება. თავის დაბანისას წყალი არ უნდა მოხვდეს თვალში, პირის, ცხვირისა და ყურის ღრუებში. რეკომენდირებულია შხაპის რამდენჯერმე მიღება. ყოველ გამშრალებაზე გამოიყენება ახალი სუფთა პირსახოცი;
• რადიაციის ზემოქმედების შემდეგ ხშირად ვითარდება რადიაციული დამწვრობა. ასეთ შემთხვევაში პირველი დახმარება ტარდება, როგორც ქიმიური დამწვრობის დროს;
• განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს პირის, ცხვირის, ყურების და თვალების რადიოაქტიური დაბინძურება, ვინაიდან ამ უბნებიდან რადიაქტიული ნაწილაკები ორგანიზმში კანთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად აღწევს;
• პირის ღრუს რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისას დაუყოვნებლივ უნდა გავიხეხოთ კბილები კბილის პასტით;
• ცხვირის დაბინძურებისას რეკომენდირებულია ცხვირის ღრუს გამორეცხვა წყლით;
• თვალები საჭიროა ჩამოიბანოს წყლით ისე, რომ ჭავლი მიმართული იყოს თვალის შიდა კუთხიდან გარეთა კუთხის მიმართულებით;
• ყურების დაბინძურებისას, ვასუფთავებთ მათ წყლის საშუალებით;

რადიაციული ნივთიერებების გაუვნებელყოფის შემდეგ აუცილებლად უნდა განხორციელდეს დაზარალებულების გადაყვანა სტაციონარში.


გახსოვდეთ!

• რადიაციული დაბინძურების ადგილზე პირველი დახმარების გაწევისას აუცილებლად უნდა დაიცვათ პირადი უსაფრთხოება: შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე ყველამ უნდა გამოიყენოს დამცავი ტანსაცმელი, მაგ. კაპიუშონი, ნიღაბი, ხელთათმანი (ნიღბისა და ხელთათმანის კიდეები უნდა იყოს დახურული).

• დროულად უნდა მოხდეს რადიოაქტიური ნივთიერებების მოცილება სხეულიდან, რათა შემცირდეს გამოსხივება დაბინძურებული არიდან და თავიდან იქნას აცილებული მისი შემდგომი დამაზიანებელი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე.

• ყველა, ვინც მოხვდა რადიაციული დაბინძურების ზონაში, უნდა გადაყვანილ იქნას საავადმყოფოში.