პირველადი დახმარება(გულ-ფილტვის რეანიმაცია)

ყველა ის საკითხი და თემა, რომელიც არ უკავშირდება აისს
User avatar
მაია
ფორუმელი
Posts: 11
Joined: 12 May 2016 11:12
Location: თბილისი
Contact:

პირველადი დახმარება(გულ-ფილტვის რეანიმაცია)

Postby მაია » 02 Dec 2016 19:01

პირველი დახმარების აღმოჩენის ზოგადი პრინციპები:
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირია უბედური შემთხვევა, ამიტომაც შემთხვევის ადგილზე მნიშვნელოვანია თქვენს მიერ დამოუკიდებლი, სწორი გადაწყვეტილების მიღება და აქტიური ქმედება. ალბათ შეგხვედრიათ ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ან ყოფილხართ სიტუაციაში, როცა თქვენს ახლობელს ესაჭიროება დაუყოვნებელი დახმარება და პირველ წუთებში მარტო ხართ.
რა არის პირველი დახმარება?
ეს არის დახმარების სწრაფად და სწორად გაწევა ადამიანისთვის, რომლის ჯანმრთელობას უეცრად საფრთხე დაემუქრა. მისი შემდგომი ბედი ხშირად თქვენს სწორ ქმედებაზეა დამოკიდებული. პირველი დახმარება რთული არ არის. ზოგჯერ ძალიან მარტივი ხერხით შეიძლება გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, დაეხმაროთ მას ექიმის მოსვლამდე.
პირველი დახმარების მიზანი:
 დაზარალებულის (ადამიანი, რომელიც ცუდად არის და ესაჭიროება დახმარება) სიცოცხლის გადარჩენა;
 მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება;
 გამოჯანმრთელების ხელშეწყობა.
მოქმედების გეგმა
უბედური შემთხვევის დროს თქვენი ქმედებები ზუსტად უნდა იყოს დაგეგმილი. გახსოვდეთ, რომ თქვენი მოქმედების გეგმა შემდეგი საფეხურებისაგან უნდა შედგებოდეს:
 შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა;
 უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
 პირველი დახმარების გაწევა;
 დახმარების დროული მოხმობა.

შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა.
თქვენ უნდა მიუახლოვდეთ შემთხვევის ადგილს სწრაფად და მშვიდად. უნდა ეცადოთ მოკლე დროში შეაგროვოთ მაქსიმალური ინფორმაცია. პირველ რიგში თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ საფრთხე არ გემუქრებათ თქვენ, დაზარალებულს და თვითმხილველებს. ასევე, საჭიროა სწრაფად შეაფასოთ, თუ რა სახის დახმარება გჭირდებათ და რისი გაკეთება შეგიძლიათ დამოუკიდებლად. აუხსენით დაზარალებულსა და თვითმხილველებს, რომ თქვენ შეგიძლიათ პირველი დახმარების გაწევა.
პირველ რიგში დარწმუნდით:
 არის თუ არა გარემოში საფრთხე?
 არის თუ არა ვინმეს სიცოცხლე საფრთხეში?
 არიან თუ არა თვითმხილველები, შეუძლიათ დახმარება?
 გჭირდებათ თუ არა სპეციალისტის დახმარება?

უსაფრთხოების უზრუნველყოფა:
ის გარემოება, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის მდგომარეობის დამძიმება, შეიძლება კვლავ მოქმედებს და საფრთხეს წარმოადგენს. ხშირად ძალიან მარტივი ხერხებით შეიძლება გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა (მაგალითად, ძრავის გამორთვა, თუ ავტოავარიის შემდეგ მანქანა დაქოქილია). არასოდეს არ ჩააგდოთ თქვენი და დაზარალებულის სიცოცხლე საფრთხეში და ნუ ეცდებით გააკეთოთ ის, რაც აღემატება თქვენს შესაძლებლობებს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეცადეთ მოაშოროთ საშიშროების წყარო დაზარალებულს. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო ადგილას. გახსოვდეთ, ზოგჯერ გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა სპეციალური სამსახურების (პოლიცია, სახანძრო, გაზის სამსახური) გამოძახება.

დახმარების დროული მოხმობა:
 შემთხვევის ადგილზე თქვენ შეიძლება ერთდროულად დაგჭირდეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახება ტელეფონით, პირველი დახმარების გაწევა. ამიტომ დროულად მოუხმეთ დახმარებას. თუ დაგჭირდეთ სასწარაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება, მიეცით დისპეტჩერს (ადამიანს, რომელსაც ელაპარაკებით)
ზუსტი ინფორმაცია:
 თქვენი ტელეფონის ნომერი;
 თქვენი მისამართი (უბედური შემთხვევის ადგილმდებარეობა);
 რა უბედური შემთხვევა მოხდა და რამდენად სერიოზულია ის (მაგალითად, ავტოავარია, ორი მანქანა დაზიანდა, სამი ადამიანი დაზარალდა);
 დაზარალებულთა რაოდენობა, სქესი, ასაკი და ზოგადი მდგომარეობა (მაგალითად, ბავშვი, სამი წლის, აქვს სისხლდენა ხელიდან);
 ნებისმიერი სხვა საჭირო ინფორმაცია.

პირველი დახმარების აღმოჩენა.
მას შემდეგ, რაც დარწმუნდით გარემოს უსაფრთხოებაში, გაუწიეთ დაზარალებულს პირველი დახმარება .
პირველი დახმარების ანბანი:
შემთხვევის ადგილზე დაზარალებულისთვის პირველი დახმარების გაწევის დროს გამოიყენება სიცოცხლის შენარჩუნების ძირითადი ალგორითმი - DRABC (doctor ABC) ალგორითმი:
 D – Danger – გარემოს უსაფრთხოება;
 R – Responsiveness – ცნობიერების დონის შემოწმება;
 A – Airway – სასუნთქი გზები;
 B – Breathing – სუნთქვა;
 C – Circulation– ცირკულაცია

1. D – Danger – გარემოს უსაფრთხოება.

პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება; წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახეთ სათანადო სამსახური (მაგ. ხანძრის დროს სახანძრო). შემდეგ დარწმუნდით, რომ საფრთხე არ ემუქრება დაზარალებულს. თუ გარემოში დაზარალებულისთვის რაიმე საშიშროებაა, ეცადეთ მოაშოროთ იგი და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო ადგილას.
2. R – Responsiveness – ცნობიერების დონის შემოწმება.


ნაზად შეანჯღრიეთ დაზარალებული მხრებით და ერთდროულად ჰკითხეთ: ”როგორ ხარ?” თუ დაზარალებული არანაირად არ პასუხობს (არ ლაპარაკობს, არ ახელს თვალებს, არ ამოძრავებს სხეულს), ის უგონო მდგომარეობაშია. ასეთ შემთხვევაში იმოქმედეთ შემდეგი თანმიმდევრობით.


3. A - Airway – სასუნთქი გზები.

უგონო მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულის სასუნთქი გზების დახშობის უხშირესი მიზეზია ენა, თუ დაზარალებულს არ გადაუწიეთ თავი უკან და ნიკაპი წინ წამოწიეთ, ეს გახსნის სასუნთქ გზებს და თავიდან აიცილებთ სასუნთქი გზების დახშობას ენით, ტრავმის შემთხვევაში სასუნთქი გზების გახსნა ხდება თავის უკან გადაწევის გარეშე.

4. B- Breathing– სუნთქვა
.

მიიტანეთ ყური დაზარალებულის ცხვირთან და პირთან და 10 წმ განმავლობაში მოუსმინეთ სუნთქვას. ამ დროს გამოიყენეთ “3 ვ”- ს მეთოდი (ვუსმენ სუნთქვას, ვგრძნობ ჰაერის ნაკადს კანზე, ვხედავ გულმკერდის მოძრაობას). თუ სუნთქვა არ არის, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.
სასუნთქი გზების გახსნა: უგონო მდგომარეობაში კუნთები მოდუნებულია. ენა, როგორც ერთ-ერთი კუნთოვანი ორგანო, მოდუნდება, გადაინაცვლებს უკან და დაახშობს სასუნთქ გზებს. ეს კი იწვევს სუნთქვის გაჩერებას. ამიტომ პირველ რიგში უნდა გაიხსნას უგონო მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულის სასუნთქი გზები.

გახსენით სასუნთქი გზები თავის უკან გადაწევის, ნიკაპის წინ და ზემოთ წამოწევის მეთოდით: გაუღეთ დაზარალებულს პირი და ჩახედეთ პირის ღრუში. თუ არაფერი არ ჩანს, მოათავსეთ ორი თითი დაზარალებულის ნიკაპის ძვლოვან ნაწილზე და წამოწიეთ ზემოთ. ამავე დროს მეორე ხელი დადეთ დაზარალებულის შუბლზე და გადაუწიეთ თავი უკან. თუ თქვენ ეჭვი გაქვთ თავის ან კისრის ტრავმაზე თავის უკან გადაწევა არ შეიძლება. ამით შესაძლებელია დაზიანების გაღრმავება. ამიტომ ტრავმის შემთხვევაში გამოიყენება სასუნთქი გზების გახსნის მეორე მეთოდი - ქვედა ყბის წინ და ზემოთ წამოწევა თავის უკან გადაწევის გარეშე. ამ მეთოდის შესრულებისთვის მოათავსეთ ორივე ხელის ცერა თითები დაზარალებულის ნიკაპზე, ხოლო საჩვენებელი თითები ქვედა ყბის კუთხეებში და წამოწიეთ ქვედა ყბა წინ და ზემოთ;
თუ სუნთქვა არ არის, საჭიროა ორი საკონტროლო ჩაბერვის გაკეთება. ამისათვის დაახშეთ დაზარალებულის ცხვირი საჩვენებელი და ცერა თითებით. (გახსოვდეთ, რომ საკონტროლო ჩაბერვის დროს სასუნთქი გზები უნდა იყოს გახსნილი!). შეისუნთქეთ ჰაერი და მოათავსეთ თქვენი ტუჩები დაზარალებულის პირზე ჰერმეტულად (ისე, რომ ჩაბერვისას ჰაერი არ იპარებოდეს). ჩაბერეთ ჰაერი დაზარალებულის პირში მანამ, სანამ გულმკერდის კედელი არ აიწევს. თითოეული ჩაბერვის ხანგრძლივობა უნდა იყოს დაახლოვებით 2 წმ. მოაშორეთ ტუჩები და მიეცით ჰაერს დაზარალებულის სასუნთქი გზებიდან გამოსვლის საშუალება (ამისათვის საჭიროა დაახლოვებით 4 წმ). დაელოდეთ, სანამ გულმკერდის კედელი მიიღებს საწყის მდებარეობას. თუ გულმკერდის კედელი არ მოძრაობს, ე.ი. ჰაერის ნაკადის მოძრაობას ფილტვებისკენ რაღაცა უშლის ხელს და სასუნთქი გზები დახშულია, შეცვალეთ დაზარალებულის თავის მდებარეობა, რათა გამორიცხოთ სასუნთქი გზების ენით დახშობა. ჩაბერეთ მეორედ, თუ გულმკერდის კედლის მოძრაობა კვლავ არ არის, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;
თუ გულმკერდის კედელი მოძრაობს, ე.ი. სასუნთქი გზები გამავალია, ე.ი. ჟანგბადი, რომელიც თქვენ ჩაბერეთ, დაზარალებულის სასუნთქ გზების გავლით ჩავიდა ფილტვებში;
მაგრამ გადაიტანს თუ არა სისხლი ამ ჟანგბადს სხეულის სხვადასხვა ნაწილებში? მუშაობს თუ არა გული? ამის დასადგენად თქვენ უნდა გადახვიდეთ შემდეგ საფეხურზე - ცირკულაციის ნიშნების შემოწმებაზე: ცირკულაციის ნიშნებია: სუნთქვა, ხველება და მოძრაობა. შემოწმება ხდება 10 წამის განმავლობაში;
თუ ცირკულაციის ნიშნები არის, ჩაატარეთ ხელოვნური სუნთქვა:
პირით პირში” ხელოვნური სუნთქვის ჩატარების ტექნიკა:
 ჩაბერეთ დაზარალებულს პირში 5 წამში ერთხელ. ყოველი ჩაბერვის შემდეგ მოაშორეთ ტუჩები დაზარალებულის პირს და შემდეგ ჩაბერვამდე დაელოდეთ გულმკერდის კედელი დაუბრუნდეს საწყის მდებარეობას;
 ყოველი 10 ჩაბერვის შემდეგ კვლავ გადაამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები;



5. C - Circulation – ცირკულაციის ნიშნები.

შეამოწმეთ დაზარალებულს აღენიშნება თუ არა სუნთქვა, ხველება და მოძრაობა. თუ ცირკულაციის ნიშნები არ არის, შეუდექით გულ-ფილტვის რეანიმაციას და გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.
რეანიმაციული ღონისძიებების დაწყებამდე დაზარალებული უნდა დააწვინოთ მყარ და სწორ ზედაპირზე.
 გულმკერდი უნდა გათავისუფლდეს ტანსაცმლისაგან;
 თუ ადამიანს აცვია სვიტერი, უნდა გადაადგილდეს კისრის მიმართულებით (უნდა აუწიონ);
 ქამარი უნდა გაიხსნას, რადგანაც იყო შემთხვევები გულ-ფილტვის რეანიმაციის დროს ქამრის ბალთის უხეში კიდეებით მუცლის ზედაპირის დაზიანების;
 მაისურები და მსგავსი თხელი მატერიის ტანსაცმელი შეიძლება არც გახადოთ დაზარალებულს. თუმცა პრეკარდიული დარტყმის წინ აუცილებელია მოისინჯოს, ტანსაცმლის ქვეშ არ იყოს ჯვარი ან რამე კულონი;
 თუ დაზარალებული ქალია და აცვია ბიუსტჰალტერი, აუცილებელია მისი აწევა.

თუ ცირკულაციის ნიშნები არ არის, ეს ნიშნავს რომ გული გაჩერებულია და თქვენ სწრაფად უნდა დაიწყოთ გულის არაპირდაპირი მასაჟი:
 გულის არაპირდაპირი მასაჟი რომ ეფექტური იყოს, აუცილებელია დაზარალებული იწვეს სწორ და მყარ ზედაპირზე;
 დადექით მუხლებზე დაზარალებულის გულმკერდის გასწვრივ. მოძებნეთ დაზარალებულის დვრილების შემაერთებელი ხაზის შუა წერტილი, ამ წერტილის ქვევით ვათავსებთ ერთ ხელს, ისე, რომ მკერდის ძვალზე იდოს მხოლოდ მტევნის უკანა ნაწილი(ეს არის ის ადგილი, რომელზეც თქვენ უნდა მოახდინოთ ზეწოლა);
 ერთი ხელის ფუძე ედება მკერდის ძვალს, მახვილისებრი მორჩის ზემოთ, მეორე ხელი ედება პირველ ხელს და თითები უნდა ამოიკეცოს პირველი ხელის ქვეშ.
 სიმძიმის ცენტრი გადადის ხელებზე და იწყება მასაჟი, ხელები გაშლილია იდაყვის სახსარში;

 გულმკერდი უნდა ჩაიწიოს 3-5 სმ სიღრმეზე;
 მორიგი ზეწოლა იწყება მას შემდეგ, რაც გულმკერდი დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას;
პრეკარდიული დარტყმის ტექნიკა პრეკარდიული დარტყმის მიზანი - გაჩერებული გულის „ამუშავება“ (ეს არის მექანიკური დეფიბრილაცია). თუკი დარტყმა მიყენდება გულის გაჩერების პირველივე წუთას, გულის ამუშავების ალბათობა 70%.


თუ თქვენ მარტო ხართ:
მოახდინეთ 30 ზეწოლა. ამის შემდეგ თქვენ უნდა დაიწყოთ ხელოვნური სუნთქვა. ამისათვის გახსენით სასუნთქი გზები და გააკეთოთ 2 ჩაბერვა. გააგრძელეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია შეფარდებით 30 ზეწოლა მკერდის ძვალზე/ 2 ჩაბერვა, სანამ:
 არ აღდგება სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები;
 არ მოვა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ან დამხმარე, რომელმაც იცის გულ-ფილტვის რეანიმაციის ტექნიკა;
 ფიზიკურად არ გადაიღლებით.
 ყოველ 1 წუთში ანუ 4 ციკლის ჩატარების შემდეგ თქვენ უნდა შეწყვიტოთ გულ-ფილტვის რეანიმაცია და გადაამოწმოთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები;

თუ თქვენ გყავთ დამხმარე:
ერთ-ერთი აკეთებს გულის არაპირდაპირ მასაჟს, ხოლო მეორე ხელოვნურ სუნთქვას. ამ შემთხევვაშიც გულ-ფილტვის რეანიმაცია ტარდება შეფარდებით: 15 ზეწოლა მკერდის ძვალზე / 2 ჩაბერვა. ასეთ შემთხვევაშიც 1 წუთის შემდეგ შეწყვიტეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია ცირკულაციის ნიშნებისა და სუნთქვის შემოწმების მიზნით.

გულის არაპირდაპირი მასაჟის ეფექტურობა.
ამ მანიპულაციის შესრულებისას თქვენ ახდენთ ზეწოლას მკერდის ძვალზე, მკერდის ძვლის უკან მოთავსებულია გული. ზეწოლის შედეგად სისხლი იწყებს გადასვლას გულიდან სისხლძარღვებში. ზეწოლის მოხსნისას მკერდის ძვალი უბრუნდება თავის საწყის მდებარეობას და გული კვლავ ივსება სისხლით.

ხელოვნური სუნთქვის ეფექტურობა.
ჩასუნთქვის დროს სასუნთქ გზებში ხვდება ჰაერი, რომელიც შეიცავს 20-21% ჟანგბადს. ამოსუნთქულ ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა მცირდება 15-16%-მდე. ამიტომ ხელოვნური სუნთქვის ჩატარების დროს, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის ფილტვებში ჩადის თქვენს მიერ ამოსუნთქული ჰაერი, მასში საკმარისი რაოდენობით არის ჟანგბადი.



თუ დაზარალებული არის უგონოდ, სუნთქავს და აქვს ცირკულაციის ნიშნები, ის უნდა მოთავსდეს უსაფრთხო მდებარეობაში.
გახსოვდეთ!
 შემთხვევის ადგილზე ნუ აყვებით ემოციებს, იფიქრეთ, არ ჩააყენოთ თქვენი თავი საფრთხეში და იმოქმედეთ საღი გონებით;
 ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოება: თქვენ ვეღარ გაუწევთ დახმარებას, თუ თვითონ დაზარალდებით;
 ძალიან მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში დროულად მოუხმოთ დახმარებას;
 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებისას ილაპარაკეთ მოკლედ და მშვიდად, ნუ აყვებით პანიკას. არასოდეს არ დაკიდოთ ყურმილი პირველმა, რადგან შეიძლება დისპეტჩერმა დაგისვათ დამატებითი კითხვები;
 დაზარალებულისთვის პირველი დახმარების გაწევის დროს იმოქმედეთ DRABC ალგორითმის მიხედვით;
 ნუ შეეცდებით გააკეთოთ ის, რაც აღემატება თქვენს შესაძლებლობებს.

საკმარისია სიცოცხლის ნიშნების არ მქონე ადამიანს აღმოუჩინოთ ბიოლოგიური სიკვდილის 3 ადრეული ნიშანი, რომ მიხვდეთ, ყოველგვარი დახმარების უეფექტობას.




გულ-ფილტვის რეანიმაციის თავისებურებები ბავშვთა ასაკში

პირველი დახმარების მეთოდები 8 წლამდე ასაკის ბავშვებში რამდენადმე განსხვავდება მოზრდილებში გამოყენებული ამავე მეთოდებისაგან.
რა თქმა უნდა ამ დროსაც ვიყენებთ სიცოცხლის გადარჩენის ბაზისურ ალგორითმს – DRABC:
 პირველ რიგში აუცილებლად უნდა შეამოწმოთ გარემო და დარწმუნდეთ, რომ თქვენ და დაზარალებულს საფრთხე არ გემუქრებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში უპირველესად უნდა უზრუნველყოთ გარემოს უსაფრთხოება;
 ამის შემდეგ უნდა დაადგინოთ გონზეა თუა რა დაზარალებული. დაუსვით მას რაიმე შეკითხვა და ნაზად შეანჯღრიეთ მხრებზე. თუ საპასუხო რეაქცია არ არის, უნდა ვიფიქროთ, რომ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია;
თუ დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია, გახსენით სასუნთქი გზები:
 - ერთ წლამდე ასაკის ბავშვისათვის სასუნთქი გზების გახსნისას მოათავსეთ ერთი თითი ნიკაპის ქვეშ. მეორე ხელი დაადეთ ბავშვს შუბლზე, ოდნავ გადაუწიეთ თავი უკან და წამოუწიეთ ნიკაპი წინ და ზემოთ;

 - 1-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში მოათავსეთ ნიკაპის ქვეშ ორი თითი, მეორე ხელი კი – შუბლზე. გადაუწიეთ თავი უკან და ნიკაპი წინ და ზემოთ;
 სასუნთქი გზების გახსნის შემდეგ 10 წმ-ის განმავლობაში შეამოწმეთ სუნთქვა “სამი ვ-ს” პრინციპით (ვუსმენ სუნთქვით ხმიანობას, ვუყურებ გულმკერდის მოძრაობას, ვგრძნობ ჰაერის ნაკადს);
თუ სუნთქვა არის, გადაიყვანეთ უსაფრთხო მდებარეობაში:
 - ერთ წლამდე ასაკის ბავშვი აიყვანეთ ხელში და მოათავსეთ ისე, რომ თავი გადაწეული იყოს უკან და ქვემოთ. ამით ბავშვი დაცული იქნება ენითა და პირნაღები მასებით სასუნთქი გზების დახშობისაგან;
 - 1-დან 8 წლამდე ბავშვებში უსაფრთხო მდებარეობაში მოთავსება ხდება იგივენაირად, როგორც მოზრდილებში;
თუ დაზარალებული არ სუნთქავს, ჩაატარეთ 2 საკონტროლო ჩაბერვა:
 ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ჰერმეტულად დაფარეთ თქვენი ტუჩებით მისი პირი და ცხვირი.
 ერთი წლის ზემოთ ბავშვებში დაახშეთ ცხვირი და ჩაბერეთ მხოლოდ პირში. გააკეთეთ 1 ჩაბერვა. თუ გულმკერდის კედლის მოძრაობა არის, ჩაატარეთ მეორე ჩაბერვა. თუ პირველი საკონტროლო ჩაბერვის დროს გულმკერდის კედელი არ მოძრაობს, შეცვალეთ თავის მდებარეობა და ჩაატარეთ მეორე საკონტროლო ჩაბერვა. თუ გულმკერდის კედლის მოძრაობა არის, შეამოწმეთ ცირკულაციის ნიშნები (სუნთქვა, სხეულის მოძრაობა, ხველა );
თუ ცირკულაციის ნიშნები არის, ჩაატარეთ ხელოვნური სუნთქვა:
 ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში ჰერმეტულად დაფარეთ თქვენი ტუჩებით მისი პირი და ცხვირი.
 ერთი წლის ზემოთ ბავშვებში დაახშეთ ცხვირი და ჩაბერეთ მხოლოდ პირში. გააკეთეთ 20 ჩაბერვა სიხშირით 3 წმ-ში ერთი ჩაბერვა ერთი წუთის განმავლობაში და შემდეგ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური, გადაამოწმეთ ცირკულაციის ნიშნები, თუ სუნთქვა კვლავ არ არის, მაგრამ ბავშვს აღენიშნება სხეულის მოძრაობა ან ხველა, გააგრძელეთ ხელოვნური სუნთქვა. თუ ბავშვი იწყებს სუნთქვას, გადაიყვანეთ უსაფრთხო მდებარეობაში;
თუ 2 ეფექტური საკონტროლო ჩაბერვის შემდეგ, დაადგენთ, რომ ბავშვს არ აღენიშნება ცირკულაციის ნიშნები დაიწყეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია:
გულ-ფილტვის რეანიმაციიის ტექნიკა ასევე დამოკიდებულია დაზარალებულის ასაკზე:
 თუ დაზარალებული 1 წლამდე ასაკის ბავშვია, დააწვინეთ ის მაგარ ზედაპირზე, მოათავსეთ სამი თითი გულმკერდზე ისე, რომ ზედა უსახელო თითი იყოს დვრილების შემაერთებელ ხაზზე. ამის შემდეგ მიიტანეთ სამი თითი მკერდის ძვალზე და აწიეთ ზედა თითი. გააკეთეთ სამი ზეწოლა მკერდის ძვალზე სიხშირით 100 ზეწოლა წუთში. ზეწოლის სიღრმე – ყოველი ზეწოლისას მკერდის ძვალი უნდა ჩადიოდეს გულმკერდის სიღრმის 1/3-ზე. ყოველი სამი ზეწოლის შემდეგ გააკეთეთ ერთი ჩაბერვა ბავშვის პირში და ცხვირში. ზეწოლებსა და ჩაბერვებს შორის შეფარდების შენარჩუნების მიზნით გულ-ფილტვის რეანიმაციის დროს დაითვალეთ: ”ერთი, ორი, სამი, ჩაბერე.” ჩაატარეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია 1 წუთის განმავლობაში და თუ მანამდე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახური არ იყო გამოძახებული, დროულად გამოიძახეთ იგი. გააგრძელეთ გულ-ფილტვის რეანიმაცია სამედიცინო სამსახურის მოსვლამდე. ყოველ ერთ წუთში გადაამოწმეთ ცირკულაციის ნიშნები;
 - 1-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში გულის არაპირდაპირ მასაჟს ატარებენ იმავე ადგილას, როგორც მოზრდილებში. ამისათვის ხელი თავსდება მკერდის ძვლზე დვრილებს შორის. ამ ასაკის ბავშვებში ზეწოლებს მკერდის ძვალზე აკეთებენ ერთი მტევნით. შეფარდება ზეწოლებსა და ჩაბერვებს შორის არის 5/1. ჩაბერვები ხდება მხოლოდ პირში, ცხვირი დახშულია. ყოველ ერტ წუთში გადაამოწმეთ ცირკულაციის ნიშნები.


გახსოვდეთ!

 პირველი დახმარების ძირითადი პრინციპების ცოდნა და გულ-ფილტვის რეანიმაციის მეთოდებისა და უნარ-ჩვევების სწორი გამოყენება კრიტიკულ სიტუაციებში მნიშვნელოვნად ზრდის დაზარალებულის გადარჩენის შანსს.
 არ შეიძლება გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარება მაშინ, როდესაც გული მუშაობს, ამიტომ არასოდეს არ ივარჯიშოთ ერთმანეთზე!

 გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩასატარებლად საჭიროა შესაბამისი საწრთვნელი კურსის გავლა.

 პირველი დახმარების აღმოჩენა არ უნდა გახდეს ექიმის გამოძახების დაგვიანების, ან ჰოსპიტალიზაციის დაყოვნების მიზეზი.